online |

სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|
|
|
მთავარი » 2012 » აპრილი » 14 » "ტრადიციული" სიბრიყვის ორმაგი პიარი
08:53 "ტრადიციული" სიბრიყვის ორმაგი პიარი |
აღარ მინდოდა ივანიშვილის მოქალაქეობის მიღება-არდაბრუნების თემაზე
კიდევ საუბარი, ამ საქმეს "ქრისტიან-დემოკრატები" უჩემოდაც კარგად
"აგვარებენ", მაგრამ არ შემიძლია, ჩემს კოლეგა ეკა ბერიძეს მადლობა არ
ვუთხრა თავის ტოქშოუში პალიკო-პავლე-პავლიკა კუბლაშვილის სტუმრობისას
გამოჩენილი პროფესიონალიზმის გამო: კორპორაციული ინტერესებიდან
გამომდინარე, იქნებ არც იყოს მართებული სხვა მედიასაშუალების რეკლამირება,
მაგრამ უფროსობამ კიდევაც რომ მისაყვედუროს, მაინც უნდა ვთქვა - მოძებნეთ
ინტერნეტში და თუ დრო არ გაქვთ, რომ მთლიანად უყუროთ, სამი მომენტი ნახეთ:
პირველი წუთი, დაახლოებით შუა საუბრის მომენტი და სუუულ ბოლო. მოსმენა არ
არის საჭირო, ეფექტი ისედაც უდიდესია (რაც უფრო კარგი ხარისხის ეკრანი
გაქვთ, მით უკეთესი): მხოლოდ და მხოლოდ კუბლაშვილის ყურების ფერის
"პროგრესს" დააკვირდით ადამიანური ფერიდან ვარდისფრისა და წითლის "გავლით"
ბროწეულისფრამდე!
ეეჰ, პავლე, პავლე... მოსულიყავი ჩემთან,
"პროვოკატორში", რადიო "პალიტრისკენ" გამოხედვაც რომ არ გინდათ, ეგეთ
მწვავე კითხვებს კი არ დაგისვამდი... მაგრამ ხელისუფლება არ გვკადრულობს... თანაც,
ერთი ძალიან სერიოზული საკითხი მქონდა გასარკვევი, რასაც დარწმუნებული
ვარ, ბატონი კუბლაშვილი სულ სხვა მხრიდან გამოაბამდა ყურს (უჰ, ისევ ყური!)
და თავისთავად ესეც საინტერესო იქნებოდა. საქმე ეხება საქართველოში ახალი
ორგანიზაციის - "საერთაშორისო თანამშრომლობის საქართველოს სააგენტოს"
შექმნის შესახებ პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. თურმე ნუ
იტყვით და, ამ სააგენტოს მიზანი ყოფილა "უცხოეთში ქართული კულტურის,
ხელოვნების, ისტორიის, პროდუქციის, სამზარეულოსა და ტრადიციების გაცნობით,
საქართველოს პოპულარიზაცია". ახლა არ მითხრათ, შენ ყველაფერზე
პროვოკატორობ, რა არის ასეთი ორგანიზაციის შექმნაში ცუდი; აბა, ის სჯობდა,
ქართული ღვინისა და "ბორჯომის" პოპულარიზაცია" თავდაცვის მინისტრს რომ
ევალაო?! გეთანხმებით, არაფერია ამაში ცუდი, მაგრამ მოიცათ, ჯერ სადა ხართ:
სანამ პარლამენტი დაამტკიცებდა, პრეზიდენტმა გამოსცა ბრძანებულება
ასევე... "საერთაშორისო თანამშრომლობის საქართველოს სააგენტოს" შექმნის
შესახებ! მერე რა მოხდა? ვერ გაიგეთ? Aარა უშავს, თავიდან ვერც მე
გავიგე. გიხსნით: პარლამენტმა ორი მოსმენით მიიღო კანონპროექტი აღნიშნული
სააგენტოს შექმნის შესახებ და მესამე მოსმენითაც რომ უნდა მიეღო, იმ დღეს
ვიღაცამ შემთხვევით ყური მოჰკრა, რომ პრეზიდენტმა თავისი ბრძანებულებით
რაღაც ამდაგვარი უკვე დააფუძნა. "მივიდნენ, ნახეს" და... "რაღაც ამდაგვარი"
კი არა, ზუსტად იმავე სახელწოდებითა და ფუნქციით (ო-ხო-ხოხო- ხო - როგორ
ერთნაირად, ერთდროულად, სხარტად და სინქრონულად აზროვნებენ პარლამენტი და
პრეზიდენტი) "გაშანშალებული" ორგანიზაცია დახვდათ! არადა, მესამე
მოსმენა დანიშნული აქვთ, პრეზიდენტს ხომ ვერ შეჰბედავენ - გააუქმე
ბრძანებულებაო!D დატრიალდნენ კუბლაშვილ-ხუროშვილ-მინაშვილ-თორდიები და
"გამოსავალიც" მოიძებნა: მესამე მოსმენაში "სააგენტოს" სახელი შეუცვალეს და
უბრალოდ "ორგანიზაცია" უწოდეს. ე.ი. ახლა გვაქვს: ცალკე - "საერთაშორისო
თანამშრომლობის საქართველოს სააგენტო" და ცალკე - "საერთაშორისო
თანამშრომლობის საქართველოს ორგანიზაცია"! გიხაროდენ!!! აწი რაღა
გვიჭირს, ჩვენს ტრადიციებს მთელ მსოფლიოს გავაცნობთ! თანაც, როგორც არქიფო
სეთურს ეუბნებოდა თავისი "შნირი" დედაბერი, ამასაც ვიღაც (ოღონდ ნამდვილად,
არა დედაბერი, არამედ ახალგაზრდები უყვარს) ეტყვის: "ორი კაცი
(ორგანიზაცია) რომ გეიგონებს და მიხვდება, ერთი კაცი (ორგანიზაცია)
გეიგონებს და მიხვდება ისე?!" ჰოდა, მთელ მსოფლიოს გავაცნობთ ჩვენს
ტრადიციებს: ქალიშვილობის ინსტიტუტს; სუფრის აკადემიას; მაიმუნობის,
მამაძაღლობის, ქვეყნის ფეხებზე დაკიდების, "სახელმწიფოობანას თამაშის"
უნივერსიტეტებს; მათხოვრულ პენსიებს; წარმოსახვაში არსებულ ლაზიკებს;
კვერცხებს და შლოპანცებს; კიდე, ისე კვერცხებს და ზოგადად - კვერცხობას;
"დაკერილ" "ოპოზიციას"; პრეზიდენტის "კატაობას" ტრაქტორებით და
ავტობუსებით... ბევრი, ბეეევრი ტრადიცია გვაქვს უცხოელებისთვის
გასაცნობი და ერთი ორგანიზაცია რას ეყოფოდა?! (ისე კი, მგონია, რომ
ცივილიზებულმა სამყარომ უკვე გაგვიცნო და თავში ხელიც შემოიკრა...)
P.S.
კიდევ ერთი ტრადიცია ჩვენი "ტოლერანტობაა". ხშირად ვამაყობთ ამით და მალე
კიდევ უფრო ვიამაყებთ: თბილისის სომხურმა სათვისტომომ დედაქალაქის მერიას
თხოვნით (ჯერ თხოვნით) მიმართა, რომ აქ თურქების მიერ სომეხთა გენოციდის
მემორიალი გაიხსნას! აჰა, კიდევ ერთი ქართული ტრადიცია: მერე რა, რომ -
სომხეთის მთავრობაზე არაფერს ვამბობ - აქაურ სათვისტომოსაც კი ერთხელაც არ
გაუკეთებია საპროტესტო განცხადება აფხაზეთში ბაგრამიანის სახელობის
ბატალიონის უმსგავსობებზე; მერე რა, რომ სომეხთა გენოციდი საქართველოს
პარლამენტს არ უღიარებია; მერე რა, რომ იმ სათვისტომოს წევრები საქართველოს
მოქალაქეები არიან და მაინც ფეხებზე ჰკიდიათ, თურქეთთან რომ ურთიერთობა
გაგვიფუჭდება... სამაგიეროდ, ტრადიცია იქნება დაცული - საკუთარი
ინტერესების ხარჯზე სხვისი ხუშტურების დაკმაყოფილების ტრადიცია! ერთადერთი
ის არის გასარკვევი - ამ ტრადიციას ვინ გააცნობს უცხოელებს: "საერთაშორისო
თანამშრომლობის საქართველოს სააგენტო" თუ "საერთაშორისო თანამშრომლობის
საქართველოს ორგანიზაცია"?!
"პროვოკატორი" ჟურნალი "გზა"
|
ნანახია: 876 |
დაამატა: ლონდა
|
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|
|
|
|