სამოქალაქო რეესტრმა ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით დასკვნა გაავრცელა
ბიძინა
ივანიშვილმა მოქალაქეობის მისაღებად ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების
პროცედურას უნდა მიმართოს,-ამ სათაურით გამოქვეყნდა იუსტიციის სამინისტროს
ვებგვერდზე დასკვა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობას ეხება.
"ინტრეპრესნიუსი" დასკვნას უცვლელად გთავაზობთ: "2012 წლის 4 აპრილს
სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ გამოსცა დასკვნა ბიძინა ივანიშვილის მიერ
საქართველოს მოქალაქეობის მიღების საკითხთან დაკავშირებით, რომელმაც
განცხადება საქართველოს მოქალაქეობის მიღების თაობაზე 2012 წლის 5 იანვარს
წარადგინა. საქართველოს კანონმდებლობა საქართველოს მოქალაქეობის
მისაღებად ითვალისწინებს ორ პროცედურას:პირველი - ნატურალიზაცია: იმ
პირთათვის, რომლებიც არ არიან სხვა ქვეყნის მოქალაქეები. მეორე - ორმაგი
მოქალაქეობა: მოქალაქეობის მინიჭება იმ პირთათვის, რომლებიც ამავდროულად
არიან სხვა ქვეყნის მოქალაქეები. საფრანგეთის მოქალაქე ბიძინა
ივანიშვილმა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ნატურალიზაციის გზით
საქართველოს მოქალაქეობის მიღების თხოვნით მიმართა. სხვა ქვეყნის მოქალაქის
მიერ ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიღებას საქართველოს
კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. ბიძინა ივანიშვილს, როგორც სხვა
ქვეყნის მოქალაქეს, საქართველოს მოქალაქეობის მიღების მიზნით უნდა მიემართა
ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით. მსგავსი თხოვნით ბიძინა ივანიშვილს შესაბამისი ორგანოებისთვის დღემდე არ მიუმართავს. მოქალაქეობის
საკითხის გადაწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი სამართლებრივი პროცედურების დაცვის შემთხვევაში”,-ნათქვამია
სამოქალაქო რეესტრის დასკვნაში. ბიძინა ივანიშვილსა და მის მეუღლეს,
ეკატერინა ხვედელიძეს საქართველოს მოქალაქეობა 2011 წლის 11 ოქტომბერს
პრეზიდენტის განკარგულებით შეუწყდათ. მოგვიანებით, სასამართლომ პრეზიდენტის
განკარგულება მხოლოდ ეკატერინა ხევდელიძის მიმართ გააუქმა. ამის შემდეგ
ბიძინა ივანიშვილმა ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიღება
მოითხოვა.
|