
კუბლაშვილის თქმით, ივანიშვილი სრულად მიიღებს მონაწილეობას პოლიტიკურ ცხოვრებაში და მისთვის ეს უფლება აქამდეც არავის შეუზღუდავს.
დეპუტატმა აღნიშნა, რომ ეს გულისხმობს მის უფლებას, იყოს არჩეული როგორც პარლამენტში, ისე დაიკავოს ნებისმიერი საჯარო თანამდებობა, დააფუძნოს პარტია, დააფინანსოს პარტია კანონის ფარგლებში და ა.შ.
შესაბამისად, საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად ცვლილებები, სხვა მთელ რიგ საკანონდმებლო აქტებში შევა - "საარჩევნო კოდექსში", "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში" და ა.შ.
"საჯარო თანამდებობასთან დაკავშირებით, ნებისმიერი უფლება ექნება ნებისმიერ პირს, რომელიც დღეს არის პოლიტიკაში და ვერ ვხედავ საფუძველს ვინმემ დაიწყოს სპეკულაციები, რომ ვინმეს რაღაც შეუზღუდეს. აბსოლუტურად ყველა უფლება ექნება პირს, ვინც დაბადებულია საქართველოში და ცხოვრობს საქართველოში" - განაცხადა კუბლაშვილმა.
"ქრისტიან-დემოკრატების" ინიციატივით, ცვლილება კონსტიტუციის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტში უნდა შევიდეს. ცვლილება ითვალისწინებს, რომ პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 21 წლის ასაკიდან, აგრეთვე 21 წელს მიღწეული პირი, რომელიც დაბადებულია და ბოლო ათი წლის განმავლობაში ცხოვრობს საქართველოში და აქვს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა".
თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში ფიქრობენ, რომ შეიცვალოს "ბოლო ათი" წლის ნორმა და არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჰქონდეს პირს, რომელიც არა მხოლოდ ბოლო ათი წელი, არამედ, ათი წელი მაინც უცხოვრია საქართველოში.
ასევე, იგეგმება კონსტიტუციის 29-ე მუხლის შეცვლა. მოქმედი მუხლის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე ერთი თვის განმავლობაში, საჯარო განხილვები მოეწყობა. როგორც პავლე კუბლაშვილი ამბობს, საზოგადოებას მაქსიმალურ ინფორმაციას მიაწვდიან, თუ რა ცვლილებები შედის კონსტიტუციაში, რა უფლებებზეა საუბარი, ვის ენიჭება ეს უფლებები, ვის შეუძლია მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში და ა.შ.
საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას პარლამენტი აპრილის ბოლოდან შეუდგება.
"ინტერპრესნიუსი"