
მიხეილ სააკაშვილმა იქ შეკრებილ ადგილობრივ მოსახლეობასაც მიმართა და აღნიშნა, რომ ის ხალხისთვის მიცემულ პირობას ასრულებს და გურიაში მშენებლობები იწყება.
"მინდა ანგარიში ჩაგაბაროთ. ჯერ იხსნება იუსტიციის სახლი, რაც იმას ნიშნავს, რომ აღარსად დაგჭირდებათ ცნობებზე წასვლა საბუთების ასაღებად. აქ ავაშენეთ ასევე საავადმყოფო და აღარსად დაგჭირდებათ სადმე წასვლა, სამადლოდ სადმე დარჩენა", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, მოეწყობა ასევე ოზურგეთის ცენტრი და გაკეთდება ყველა გზა. სააკაშვილის განცხადებით, მთავარია ხალხის დასაქმება, რისთვისაც სახელმწიფომ შესაბამისი მექანიზმები შექმნა. პრეზიდენტის თქმით, გურიაში იწყება ბახვიჰესის მშენებლობა, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების პრობლემას ნაწილობრივ მოხსნის.
სააკაშვილის განცხადებით, დაიწყო ურეკის სანაპირო ზოლის მოწესრიგება და ურეკი უახლოეს პერიოდში თავისი მნიშვნელობით ბათუმს არ ჩამოუვარდება. პრეზიდენტის თქმით, წელს ზაფხულში ბახმარო იქნება ისეთი ლამაზი, როგორც არასდროს. ასევე ბახმაროში მოეწყობა ზამთრის კურორტი და ტურისტები იქ ჩასვლას ზამთარშიც შეძლებენ.
სააკაშვილის თქმით, მთავრობამ გამოყო შესაბამისი თანხები იმისთვის, რომ ლანჩხუთის სტადიონის აღდგენაც დაიწყოს. "იწყება ჩვენი სიამაყის - ლანჩხუთის სტადიონის აღდგენა. ჩვენ გვინდა, დავუბრუნოთ მას ძველი ბრწყინვალება და მერე იქნებ ფეხბურთის მოგებაც ვისწავლოთ, მარტო სტადიონი ამ საქმეს არ უშველის",-განაცხადა პრეზიდენტმა.