მიხეილ სააკაშვილი კათოლიკე მრევლსა და სომეხ ერს აღდგომის ბრწყინვალე
დღესასწაულს ულოცავს. მილოცვები საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ
ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. "ძვირფასო თანამემამულენო, დღეს მთელი კათოლიკური
სამყარო იესო ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს. მსურს,
მთავრობის სახელით, ეს უდიდესი დღესასწაული მივულოცო კათოლიკე ეკლესიის
მრევლს საქართველოში. არ შევუდგები იმ უდიდესი ქართველი და არა მარტო
ქართველი კათოლიკეების სახელობით ჩამოთვლას, რომლებმაც უდიდესი წვლილი
შეიტანეს ჩვენი ქვეყნის კულტურის, მეცნიერებისა და ხელოვნების
განვითარებაში. საქართველოში კათოლიკე ეკლესიის მრევლი ისტორიულად იყო და
დღესაც არის ჩვენი ქვეყნის ევროპული არჩევანის ერთგული საყრდენი,
საქართველოში ევროპული ცოდნისა და გამოცდილების პოპულარიზატორი. მინდა
გისურვოთ მშვიდობა, კეთილდღეობა და წარმატებები",- ნათქვამია პრეზიდენტის
მილოცვაში.
სომეხი ერისთვის განკუთვნილ მისალოც წერილში კი მიხეილ
სააკაშვილი სომეხი და ქართველი ხალხის განსაკუთრებულ მეგობრობაზე საუბრობს.
"მინდა მოგილოცოთ ეს დღე თქვენ, საქართველოს მოქალაქეებს და სომხეთის
სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს მთელს მსოფლიოში. სომეხი და
ქართველი ხალხის მეგობრობამ საუკუნეები გამოიარა და ჩვენმა ეკლესიებმა
უდიდესი წვლილი შეიტანა მსოფლიოს ქრისტიანულ ცივილიზაციაში. უნიკალური და
ფასდაუდებელია ის ძალისხმევა, რომელიც საქართველოს ეთნიკურად სომეხ
მოქალაქეებს ჩვენი სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში და
დემოკრატიული ქვეყნის აღმშენებლობაში შეაქვთ. გილოცავთ ამ უდიდეს
დღესასწაულს ყველას, გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთლეობასა და თქვენი
ოჯახების კეთილდღეობას",- აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის მილოცვაში.
"ინტერპრესნიუსი"