
როგორც "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოდან აცნობეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე წირვას ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში არსებულ ხარების ეკლესიაში აღასრულებს.
ხარება ერთ-ერთი უდიდესი საუფლო დღესასწაულია. ამ დღეს ყოვლადწმინდა მარიამთან ერთად მთელ კაცობრიობას ეუწყა, რომ ღმერთმა ადამიანი სიკვდილისა და ცოდვის სამუდამო ტყვეობისგან იხსნა. წმინდა სახარების მიხედვით, გალილეის ქალაქ ნაზარეთში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მისგან იშვებოდა ძე ღვთისა და კაცობრიობის მაცხოვარი. "გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანაა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის.... და აჰა, ესერა შენ მუცლად-იღო და ჰშვა ძე და უწოდი სახელი მისი იესუ".
ღმერთმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მარიამი დედად ღვთისად მისი სიმდაბლისა და სიმშვიდის გამო გამოირჩია. საეკლესიო სწავლების თანახმად, რა იარაღითაც იღვაწა ეშმაკმა ადამიანთა დაცემისათვის, იმავე იარაღით იხსნა კაცობრიობა ქრისტემ - თუ ევას საქციელმა ადამის მოდგმას ცრემლი მოუტანა, ქალწულმა მარიამმა უდიდესი სიხარული მოუვლინა.
წელს ხარება მართალი ლაზარეს მკვდრეთით აღდგინების დღესასწაულს დაემთხვა. სახარების მიხედვით, უფალმა მისი მეგობარი, ოთხი დღის მკვდარი ლაზარე მკვდრეთით აღადგინა. ლაზარეს შაბათს ასევე, ქართული ენის ზეიმია. იოანე ზოსიმეს "ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ" მიხედვით, "დამარხულ არს ენაჲ ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა საწამებლად, რაჲთა ყოველსა ენასა ღმერთმა ამხილოს ამით ენითა. და ესე ენაჲ მძინარე არს დღესამომდე და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქჳან!"
დღესასწაულთან დაკავშირებით დიდმარხვა დღეს თევზით ხსნილია. დიდმარხვა წელს 27 თებერვალს დაიწყო და 15 აპრილს უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.
"ინტერპრესნიუსი"