
საქართველოს მოქალაქეობის მიღებას ნატურალიზაციის გზით განსაზღვრავს ორგანული კანონი "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ". გთავაზობთ ამონარიდს კანონიდან: "თავი II, მუხლი 26. საქართველოს მოქალაქედ მიღების პირობები: საქართველოს მოქალაქედ ამ კანონის შესაბამისად მიიღება სრულწლოვანი უცხოელი მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: ა) მუდმივად ცხოვრობს საქართველოს ტერიტორიაზე უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში; ბ) დადგენილ ფარგლებში იცის ქართული ან აფხაზური ენა; გ) დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს ისტორია და კანონმდებლობა; დ) საქართველოს რესპუბლიკაში აქვს სამუშაო ადგილი ან რაიმე უძრავი ქონება. საქართველოს მოქალაქედ არ მიიღება ისეთი განზრახ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წელზე მეტი ვადით, თუ ნასამართლობა არა აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული".
სამართლებრივად რამდენად დასაბუთებულია იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის დასკვნა, ამის ახსნა იურისტ ეკა ბესელიას ვთხოვეთ:
- სრულიად ობიექტურად შემიძლია გითხრათ, რომ იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის დასკვნა უკანონოა. ის აგებულია ცრუფაქტებზე, რისი დასაბუთებაც მარტივად შეიძლება. გავიმეორებ, ჩემი ობიექტურობის ხარისხი ძალიან მაღალია, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ როდესაც ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მოთხოვნაზე განცხადება მომზადდა, მე ამ პროცესში მონაწილეობა არ მიმიღია. ამაზე მუშაობდა იურისტთა სხვა ჯგუფი. როგორც უკვე ვთქვი, რეესტრის დასკვნის სრული უკანონობა მარტივად შეიძლება აიხსნას: საქმე ისაა, რომ ნატურალიზაციით მოქალაქეობის მოთხოვნა ნიშნავს, რომ პირი არის რომელიმე სხვა ქვეყნის მოქალაქე, შესაბამისად, მზად არის უარი თქვას სხვა ქვეყნის მოქალაქეობაზე და მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა. ამისთვის უნდა აკმაყოფილებდეს იმ პირობებს, რაც არის კანონით დადგენილი და ამ პირობებს ბიძინა ივანიშვილი სრულად აკმაყოფილებს.
რეესტრს რომ მიეთითებინა კანონის რომელიმე იმ პირობაზე, რომელიც ხელს უშლის ივანიშვილს ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მიღებას, მაშინ ამაზე ვიდავებდით, მაგრამ, როდესაც მიუთითებ ისეთ აბსურდულ არგუმენტზე, როგორიც არის ის, რომ თურმე პირი სხვა ქვეყნის მოქალაქეა, არადა, აპრიორი კანონით დაშვებულია, რომ ასე შეიძლება იყოს, ეს არის უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება. არსებობს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული #34 ბრძანებულება, რომელიც ადგენს მოქალაქეობის საკითხზე განცხადების შედგენის, წარდგენისა და განხილვის ფორმას.
მოკლედ, ამისთვის სპეციალური ფორმა არსებობს, რომელსაც ავსებ, როდესაც მოქალაქეობის მოთხოვნით პრეზიდენტს მიმართავ. ამ ფორმაში არის მე-11 პუნქტი, რომელშიც პირს ეკითხებიან: "რომელი ქვეყნის მოქალაქე ხართ?" ასევე არის მე-8 პუნქტი, სადაც ეკითხებიან "ფლობთ პასპორტს?", რაც ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეობის მოსურნე პირი რომელიღაცა ქვეყნის პასპორტს შეიძლება ფლობდეს. ასევე არის ძალიან მნიშვნელოვანი მე-11 პუნქტი, რომელშიც პირი წერს: საქართველოს მოქალაქეობის შესახებ ჩემი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, თანახმა ვარ უარი განვაცხადო სხვა ქვეყნის მოქალაქეობაზეო და აქ, ამ გრაფაში, იწერება ის ქვეყანა, რომლის მოქალაქეობაზეც ამბობენ უარს, ანუ ეს ფორმა პირდაპირი მტკიცებულებაა იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობით, პირი, რომელიც ითხოვს მოქალაქეობას ნატურალიზაციის გზით, მოთხოვნის დროს შეიძლება იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქე, თუმცა ის ვალდებულია უარი თქვას ამ მოქალაქეობაზე, რაც განხორციელდა კიდეც ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში, მან ჩააბარა საფრანგეთის პასპორტი.
- თავის დროზე, როდესაც ბიძინა ივანიშვილის გუნდში განიხილებოდა საკითხი, თუ რომელი გზით უნდა მოეთხოვა მას მოქალაქეობა, როგორც მახსოვს, თქვენ მას ურჩევდით ორმაგი მოქალაქეობის მოთხოვნას, თუმცა ეს აზრი არ გაიზიარეს სხვა იურისტებმა.
- დიახ, მე ნამდვილად ვიხრებოდი ორმაგი მოქალაქეობის მოთხოვნისკენ, რადგან ვფიქრობდი, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი უარს ეტყოდა ივანიშვილს ორმაგ მოქალაქეობაზე, ეს იქნებოდა ცალსახად და ეჭვგარეშედ პოლიტიკური გადაწყვეტილება. ანუ მას მოუწევდა პოლიტიკურად დაესაბუთებინა ეს გადაწყვეტილება და არა იურიდიულად, თუმცა აქვე ვიტყვი, რომ ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მიღებისთვის სრული საფუძველი არსებობდა. ნატურალიზაციის გზის არჩევა უფრო იურიდიულ დასაბუთებას მოითხოვდა, რომლის სივრცეში პროცესის შეყვანასაც ხელისუფლება შეეცდებოდა, ანუ მე ვამბობდი, რომ ის შეეცდებოდა იურიდიულ დებატებში ჩავეთრიეთ, რაც გააკეთეს კიდეც, თუმცა ვფიქრობ, ბოლომდე ეს ვერ მოახერხეს, რადგან ეს რომ პოლიტიკურად მიღებული გადაწყვეტილებაა, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის აშკარაა.
იხილეთ ვრცლად