გერმანელი დიპლომატი დიტერ ბოდენი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძის ბრალდებას
სამარცხვინოს და უსაფუძვლოს უწოდებს.
როგორც
~ინტერპრესნიუსისთვის~ დიტერ ბოდენის მიერ გამოგზავნილ განცხადებაშია
ნათქვამი, კალანდაძის ბრალდება, თითქოს მან საქართველო ნაცისტურ გერმანიას
შეადარა, სამარცხვინო და უსაფუძვლოა. ბოდენის განცხადებით, 4 აპრილს იგი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ
გააკრიტიკა.
~გამაკრიტიკა ჩემი არამეგობრული პოზიციის გამო მისი
მთავრობის პოლიტიკის მიმართ. კერძოდ, იმის გამო, რომ მე კონფლიქტის
მოგვარების ოფიციალურ კონცეფციებს ვუწოდე ~ილუზიური~. უფრო მეტიც,
ქალბატონმა კალანდაძემ ბრალი დამდო, თითქოს მე შევადარე საქართველო
ნაცისტურ გერმანიას. ქალბატონი კალანდაძის ბრალდება ~ნაცისტურთან~
დაკავშირებით არის სამარცხვინო და უსაფუძვლო. რაც შეეხება კონფლიქტების
მოგვარების საკითხს, ეს ეხება ~საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიას
ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ~. როდესაც ეს სტრატეგია პირველად 2010
წლის იანვარში გამოქვეყნდა, მე მივესალმე მას და ვუსურვე ყველა შესაძლო
წარმატება. მოგვიანებით, როდესაც ცხადი გახდა, რომ რეალური შედეგები ვერ
იქნა მიღწეული, მე შევთავაზე სტრატეგიის გადახედვა. ქალბატონი კალანდაძე
ასკვნის, რომ ნებისმიერი შემდგომი თანამშრომლობა ჩემთან იქნება "შეზღუდული"
და რომ დელეგაციებს, რომელთა წევრიც მე ვიქნები, არ მიიღებენ ოფიციალურ
დონეზე. როგორც უკვე აღვნიშნე, მისი არგუმენტები არის ძალიან
სუსტი~,-ნათქვამია ბოდენის განცხადებაში.
ბოდენი სვამს შეკითხვებს:
თუ რატომ ჰქონდა ადგილი ასეთ რეაქციას? რატომ გააკეთა ნინო კალანდაძემ
საჯარო განცხადება ისე, რომ არანაირი მცდელობა არ ჰქონია მასთან პირდაპირი
საუბრის და გაუგებრობების, არასწორი ინტერპრეტაციების გარკვევის. მისი
განცხადებით, 4 წელზე მეტი ის საქართველოში გაეროსა და ეუთოს კონფლიქტის
მოგვარების სხვადასხვა მისიებში, ასევე, რობერტ ბოშის ფონდში კონსულტანტად
მუშაობდა.
~არასოდეს არსებობდა რაიმე სერიოზული ეჭვი იმასთან
დაკავშირებით, თუ რა სარგებელი მოუტანა ამ მუშაობამ საქართველოს. მე
რამდენჯერმე მივიღე მადლობა პარლამენტისა და მთავრობის უმაღლესი
ეშელონებიდან. 2011 წლის 19 ნოემბერს მე მიმიღო პრეზიდენტმა სააკაშვილმა
თბილისში, ბოშის ფონდის და გერმანიის მარშალის ფონდის დელეგაციის
შემადგენლობაში და პრეზიდენტმა შეაფასა ჩემი წვლილი საქართველოს კონფლიქტის
მოგვარების საკითხში, როგორც ძალიან მნიშვნელოვანი. ახლა ძალიან
დასანანია, რომ ქალბატონ კალანდაძის პრესკონფერენცია სრულიად სხვა
შინაარსის იყო. მაგრამ მე მინდა არავის შეეპაროს ეჭვი იმაში, რომ ვრჩები
საქართველოს მეგობრად და კეთილის მსურველად, რაც იმას ნიშნავს, რომ არ
შევიკავებ თავს კრიტიკისგან, თუ ეს საჭირო იქნება და მზად ვარ, ამის
შესახებ ვიმსჯელო საქართველოს მთავრობის ნებისმიერ წარმომადგენელთან,
რომელიც არის კეთილისმსურველი და არა ცალთვალა~,-აცხადებს დიტერ ბოდენი.
"დიტერ ბოდენთან ნებისმიერი ფორმით ოფიციალურ დონეზე თანამშრომლობა
შეზღუდული იქნება", _ ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ
ნინო კალანდაძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას 4 აპრილს განაცხადა. მისივე
თქმით, ბოდენი საჯაროდ აკრიტიკებს ქართული მხარის ინიციატივებს, რომელიც
შეთანხმებულია საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებთან. კალანდაძის თმით,
ბოდენი ილუზორულს და ხორცშეუსხმელს უწოდებს საქართველოს მთავრობის
სტრატეგიას ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში.
ამასთან,
მინისტრის მოადგილის განცხადებით, ბოდენი თავის საჯარო გამოსვლებში
საქართველოს ხელისუფლებას ადარებს მესამე რაიხს და ფაშისტურ გერმანიას. "ის
ამბობს, რომ საქართველომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა აღიაროს თავისი
შეცდომები საკუთარი მტრებისა და მსხვერპლის წინაშე, როგორც ეს თავის დროზე
გააკეთა ნაცისტურმა გერმანიამ", _ აცხადებს ნინო კალანდაძე.
მისივე
თქმით, ეს არის პოზიცია, რომელიც კატეგორიულად მიუღებელია ქართული
მხარისთვის და ნებისმიერი ქართველისთვის. კალანდაძემ ხაზგასმით აღნიშნა,
რომ ბოდენთან ნებისმიერი ფორმით ოფიციალურ დონეზე თანამშრომლობა შეზღუდული
იქნება. "ჩემთვის ძნელად წარმოსადგენია, თუ რა ფორმით შეიძლება ამ
ადამიანთან თანამშრომლობა განხორციელდეს", _ აცხადებს კალანდაძე.
|