
რას ნიშნავს რეადმისია?
ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ რეადმისიის ხელშეკრულებით, საქართველო ვალდებულია, ევროკავშირის ტერიტორიაზე, არალეგალურად მყოფი პირები დაიბრუნოს: ,,რეადმისიის შეთანხმება გარკვეული პროცედურების გაწერას გულისხმობს, თუ როგორ უნდა დააკავონ ევროკავშირის ტერიტორიაზე, არალეგალურად მყოფი ადამიანი, რა დოკუმენტების საფუძველზე შეიძლება დადგინდეს მისი იდენტობა, ვინ არის და რომელი ქვეყნის მოქალაქეა, რაც ყოველთვის არ ხერხდება, რადგან ზოგიერთ არალეგალს პასპორტი არ აქვს. ხელშეკრულებაში გაწერილია პირველადი და სხვა ტიპის დოკუმენტები, რაც შესაძლოა, ამ შემთხვევაში, მტკიცებულებად ჩაითვალოს, მაგალითად, მართვის მოწმობა, პასპორტის ასლი, ნათესავების ჩვენება და ასე შემდეგ. მას შემდეგ, რაც მოქალაქის ვინაობა დადგინდება, სპეციალური ფორმა შედგება, სადაც გაწერილია ვადები, ანუ რა ვადებში უნდა დაბრუნდეს პირი საქართველოში. საქართველოს მხარეს გამოუგზავნიან რეადმისიის განაცხადს და ამის შემდეგ, ბრუნდება პირი მის ქვეყანაში. ტრანსპორტირების ხარჯს ევროკავშირი ფარავს'', ფაქტია, საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა ევროკავშირის ტერიტორიაზე არალეგალურად იმყოფება. მათი ზუსტი მონაცემები არც კი არსებობს, ამიტომ საინტერესოა, როგორ დააბრუნებენ ასეთ მოქალაქეებს საქართველოში, ძალოვანები დაიჭერენ და გაადეპორტებენ? ქეთევან ციხელაშვილი გვიხსნის, რომ დეპორტაცია და რეადმისია განსხვავდება ერთმანეთისგან: ,,დეპორტაცია ეხება პირს, რომელიც, შესაძლოა, ლეგალურად იმყოფება, ანუ ვიზაც აქვს, პასპორტიც, მაგრამ გარკვეული დანაშაული ჩაიდინა, რის გამოც ლეგალურად ყოფნის უფლება შეუწყდა. ცხადია, ამ ადამიანს რეადმისია არ შეეხება და პირდაპირ გამოადეპორტებენ. ხშირია შემთხვევა, როდესაც იმ პირებსაც კი, რომლებსაც რეადმისია ეხება, ჯერ კიდევ დეპორტით აგზავნიან. დეპორტაცია გაცილებით მძიმე ფორმაა, მეტიც, დეპორტირებულ პირს გარკვეული ვადით აღარც კი შეუძლია საზღვარგარეთ გასვლა. წესით, რეადმისირებულ პირზე ასეთი შეზღუდვები არ ვრცელდება. რაც მთავარია, რეადმისია არ ნიშნავს, რომ ყველა არალეგალს უცებ დაიჭერენ და გამოდევნიან. ერთი წელია, რაც შედეგებს ვაკვირდებით, მაგრამ ასეთი რამ არ მომხდარა, გასული წლის 1 მარტიდან 2012 წლის 1 მარტის ჩათვლით, სულ 758 მოქალაქეა რეადმისირებული''. ქეთევან ციხელაშვილის თქმით, ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნიდან მხოლოდ 25 ქვეყანა მონაწილეობს რეადმისიაში. ორი ქვეყანა - დიდი ბრიტანეთი და დანია არ მონაწილეობს. მისივე ინფორმაციით, ძველ მიგრანტებს, რომლებიც ადრე წავიდნენ ევროკავშირის ტერიტორიაზე, რეადმისია ნაკლებად შეეხებათ, რადგან ისინი უფრო ადაპტირებულებიც არიან და ზოგს გარკვეული ტიპის დოკუმენტიც აქვს. რეადმისიის ხელშეკრულება არარეგულარული და არალეგალური მიგრაციისა და ტრეფიკინგის კონტროლს, ასევე კრიმინალის გადინებას, საზღვრების მენეჯმენტის მართვას გულისხმობს, რაც, თავისთავად, ამცირებს შესაძლებლობას, რომ ევროკავშირში ვინმე არალეგალურად მოხვდეს.
რა არის ვიზის ფასილიტაციის ხელშეკრულება?
ვიზის ფასილიტაციის ხელშეკრულება სავიზო პროცედურების გამარტივებას ნიშნავს. ხელშეკრულებით სავიზო პროცედურები გაუმარტივდა 13 კატეგორიას: პენსიონერები, 12 წლამდე ასაკის ბავშვები, სახელმწიფო თანამდებობის პირები, უნარშეზღუდული პირები, ევროკავშირში მცხოვრები პირების ოჯახის წევრები, ოფიციალური დელეგაციის წევრები, მოსწავლეები და სტუდენტები, ჟურნალისტები, სპორტსმენები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, კულტურული და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, ჰუმანიტარული მიზნებით, ანუ სამკურნალოდ, ან დაკრძალვაზე წასვლის მსურველები. ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ ამ კატეგორიის წარმომადგენლებისთვის აუცილებელია მხოლოდ ერთი, მგზავრობის მიზნის დამამტკიცებელი დოკუმენტი: ,,გარდა ამისა, ვიზის მოსაკრებელი 60-დან 35 ევრომდე შემცირდა, მაგრამ ამ 13 კატეგორიისთვის საერთოდ მოიხსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ უფასოდ შეუძლიათ ვიზის აღება. მნიშვნელოვანია, რომ ვიზის განაცხადის განხილვის ვადა 30 დღიდან 10 დღემდე შემცირდა, ანუ მაქსიმუმ 10 დღეში უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, რათა დადებითი, ან უარყოფითი პასუხი გითხრან. ამავე ხელშეკრულებით, დიპლომატიური პასპორტები საერთოდ გათავისუფლებულია სავიზო ვალდებულებისგან, ანუ წესით, მათ მხოლოდ პასპორტით, ვიზის გარეშე შეუძლიათ შევიდნენ ევროკავშირში''. მისი თქმით, 2011 წელს, ევროკავშირში სავიზო კოდექსი ამოქმედდა, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების შიდა დოკუმენტია და სავიზო პროცედურებს ყველა ქვეყნისთვის განსაზღვრავს. ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ სავიზო კოდექსში რამდენიმე საყურადღებო პუნქტია: ,,მაგალითად, საკონსულოები მოქალაქეებს მათ მშობლიურ ენაზე უნდა მოემსახურონ, ინფრასტრუქტურა მოწესრიგებული უნდა იყოს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სავიზო კოდექსი ევროკავშირის საკონსულოებს ავალდებულებს, უარის შემთხვევაში, ეს უარი დაასაბუთონ, თუ რა მიზნით ამბობენ უარს. გარდა ამისა, მოქალაქეებს უარის გასაჩივრების უფლებაც აქვთ, მაგრამ ამის შესახებ ადამიანებს ძალიან მწირი ინფორმაცია აქვთ და, ფაქტობრივად, ეს არც კი სრულდება. სამწუხაროა ისიც, რომ მთელ რეგიონში, საქართველოს ყველაზე მაღალი აქვს უარის მაჩვენებელი. 2009 წელს 17% გვქონდა, ახლა 15,1% - 15,3% გვაქვს. არადა, რუსეთს ეს მაჩვენებელი 1%-ის, ხოლო ბელორუსს - 0,96%-ის ფარგლებში აქვს. უარის ძალიან დიდი რაოდენობა გვაქვს ბალტიისპირეთის ქვეყნების საკონსულოებიდანაც, ანუ იმ ქვეყნებიდან, რომლებთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ნიდერლანდებშიც უარის მაღალი მაჩვენებელი გვაქვს, მაგრამ სამაგიეროდ, იქ შიდა საემიგრაციო პოლიტიკა გამკაცრდა. ზოგიერთი ქვეყნის საკონსულოში ისიც კი გვითხრეს, რომ ,,ვარდების რევოლუციის'' შემდეგ, როდესაც ჩვენთან ანტიკრიმინალური ღონისძიებები დაიწყო, ევროკავშირში ბევრი კრიმინალი წავიდა და ვიზაზე უარი ამ ფაქტს დაუკავშირეს. მიუხედავად ამისა, ეს არ არის არგუმენტი, რადგან საკმაოდ დიდი დრო გავიდა და წელსაც ასეთი სურათი გვაქვს. სწორედ ეს იყო მიზეზი, რის გამოც ოფიციალურ მხარეებს მივმართეთ, რათა ეს საკითხი ძალიან სერიოზულად განიხილონ''. ქეთევან ციხელაშვილის თქმით, დაბალი უარის მაჩვენებელი იმას ნიშნავს, რომ თანამშრომლობა კარგად მიმდინარეობს, დოკუმენტები უსაფრთხოა, მიგრაცია კონტროლდება და, შესაძლოა, უვიზო მიმოსვლის პერსპექტივაც განიხილონ. გარდა ამისა, უარის ასეთი მაღალი მაჩვენებელი პოლიტიკურადაც არ არის მიზანშეწონილი, რადგან ქვეყანას ევროკავშირის წევრობა სურს, მის მოქალაქეებს კი ევროკავშირის საკონსულოები ვიზას არ აძლევენ. ,,ვიზაზე უარის გარდა, მთავარი პრობლემაა ინფორმაციის სიმწირე, ანუ აპლიკანტებმა არ იციან, კონკრეტულად, რა სახის დოკუმენტები სჭირდებათ, რადგან საკონსულოებში, დაფებზე არასრული ინფორმაციაა განთავსებული. განსაკუთრებული პრობლემები ექმნებათ მათ, რომლებიც რეგიონებიდან ჩამოდიან, ისინი საკონსულოებში დარეკვას ვერც ახერხებენ, ამიტომ ჩამოსვლა და უზარმაზარ რიგში დგომა უწევთ. პრობლემაა საკომუნიკაციო ენაც, ვებგვერდები საკონსულოებს ინგლისურ, ან თავის მშობლიურ ენაზე აქვთ, არადა, საქართველოში ინგლისური ყველამ არ იცის. ენის ბარიერის გამო, აპლიკაციების შევსების დროს, ხალხს დახმარება სჭირდება, რაშიც დამატებით თანხას იხდიან. პრობლემაა მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა საკონსულოებში, რადგან მოსაცდელი არსად არ არის, ანუ ვიდრე შენობაში შევლენ, ადამიანები ქუჩაში, საათობით დგანან. მართალია, ვიზის განაცხადის განხილვა 10 დღემდე შემცირდა, რაც ძალიან კარგია, მაგრამ სამაგიეროდ, საკონსულოში რომ ჩაეწეროთ, ძალიან დიდი დრო გჭირდებათ, ზოგჯერ რამდენიმე კვირაც კი. არადა, სავიზო კოდექსში გარკვევით წერია, რომ ლოდინის მაქსიმალური ვადა ორი კვირა უნდა იყოს'', - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა. თბილისის ლიბერალურმა აკადემიამ ევროკავშირს ამ პრობლემებთან დაკავშირებით, ოფიციალურად მიმართა და რეკომენდაციებიც შესთავაზა. ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ თავის მხრივ, ევროკავშირი ამ საკითხზე მუშაობს და როგორც უკვე დაპირდნენ, საკონსულოებს საჭირო ინფორმაციას აუცილებლად მიაწვდიან.
მაია მიშელაძე
გაზეთი "ვერსია"