
სულხან სალაძე, ახალგაზრდა იურისტი, კვლევის ავტორი: "თბილისის მერია ქმნიდა ფონდებს, შემდეგ სხვადასხვა პროექტის განხორციელების მიზნით ფონდს გადასცემდა ამა თუ იმ ტერიტორიას ან ობიექტს და დამატებით თანხებს დედაქალაქის ბიუჯეტიდან. თავის მხრივ, ფონდები გადაცემულ ტერიტორიებს ან ობიექტებს ასხვისებდნენ კერძო კომპანიებზე, რომლებსაც საკუთარი შეხედულებისამებრ არჩევდნენ და გასაყიდ ფასსაც თავად განსაზღვრავდნენ. არადა, თბილისის მერიას რომ მოესურვებინა, პირდაპირი გაყიდვის წესით მეტ ფულს მიიღებდა, ე. ი. მეტად შეივსებოდა ბიუჯეტი. დავინტერესდით, თვითმმართველობის ორგანოებმა რა ოდენობის თანხები და სახელმწიფო ქონება გადასცეს ფონდებს. ფონდი ვალდებულია წელიწადში ერთხელ წარმოადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში, მაგრამ მერია ამ დოკუმენტებს არ გასცემს, რაზეც სასამართლო დავა გვაქვს. ის მაინც შევიტყვეთ, რომ თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებულ ფონდებში, განსაკუთრებით ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდში, დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2005-2011 წლებში 288 მილიონ ლარზე მეტია გადარიცხული. იკვეთება კორუფციული გარიგებებიც. ძველი ქალაქის რეაბილიტაციის ფონდს, რომელსაც სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანო აფინანსებდა, ვებგვერდიც კი არ გააჩნდა(?!). თანხების ხარჯვის გამჭვირვალობაზე კი ლაპარაკიც ზედმეტია".
საია-ს ხელთ აქვს შესაბამისი სტრუქტურებისთვის გაგზავნილი მერიის კორესპონდენციები, სადაც ირკვევა, რომ ფონდები კანონს "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" თავს არიდებდნენ. უფრო სწორად, მათ ამის საშუალებას თავად მერია აძლევდა იმით, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფულს შესყიდვებისთვის "შენატანის სახით" გადასცემდა ფონდებს. ქონება კი, რომლის გასხვისების უფლებაც ფონდს ეძლეოდა, დამფუძნებლის, ანუ თბილისის მთავრობის ფინანსებით იყო შექმნილი. ფონდები დამოუკიდებლად არჩევდნენ კომპანიებს და უკვეთდნენ სამუშაოს.
სულხან სალაძე: - დედაქალაქის მთავრობამ საეჭვო გარიგება დადო შპს "ახალ რიყესთან", რომელიც თვე-ნახევრის შექმნილი იყო და მხოლოდ 200-ლარიანი საწესდებო კაპიტალი ჰქონდა. მერიამ, ფონდის მეშვეობით, იაფად გაასხვისა რიყის ტერიტორიის 43,350 კვმ ფართობი. მოგვიანებით ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდის საშუალებითვე უკან გამოისყიდა და თანაც საკმაოდ ძვირად. შედეგად, დედაქალაქის ბიუჯეტი დაზარალდა. ტერიტორიის გაყიდვასა და ყიდვას შორის სხვაობამ 15.764.500 ლარი(!) შეადგინა. შპს "ახალ რიყეს" ხელშეკრულებით განსაზღვრული ნასყიდობის საგნის ღირებულება სამ თვეში უნდა დაეფარა. "ახალ რიყეს" ამ ტერიტორიაზე რეაბილიტაცია ევალებოდა, ასევე, სასტუმრო ობიექტების, საოფისე ფართობის, სავაჭრო ცენტრებისა და სკვერების მოწყობა, თუმცა, საამისო თანხა არ აღმოაჩნდა. ამიტომ 80%-იანი წილი რუსეთში მცხოვრებ ქართველ ბიზნესმენ დავით იაკობაშვილს მიჰყიდა, ხელშეკრულებაში კი წილის გაყიდვის მიზანი ჩაიწერა, - მერიის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულება.
იხილეთ ვრცლად