კასპის რაიონის სოფელ დოესში მცხოვრები პირები, რომლებმაც სარწყავი წყლის მოთხოვნით, 23 ივნისს აქცია გამართეს, დღეს 26 ივნისს დილით დააკავეს. ამის შესახებ, ,,ქართული ოცნების” კასპის ორგანიზაციის ლიდერმა ხათუნა თათანაშვილმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს აცნობა. ,,ამ წუთას აყვანილია გია ოხანაშვილი, მისი მამა ტარიელ ოხანაშვილი სახლში არ დახვდათ პოლიციელებს და ეძებენ. სხვა პიროვნებების დაკავების შესახებაც გვირეკავენ და ჯერ-ჯერობით არ ვიცით სად არიან. ეს ის ხალხია, რომლებმაც ორი დღის წინ სოფელში აქცია მოაწყეს და სარწყავი წყალი მოითხოვეს.” – ამბობს ხათუნა თათანაშვილი. შეგახსენებთ, აღელვებულ ხალხთან სოფლის გამგებლის ძმისშვილი მეგობრებით მივიდა და მათ პუტინის მოსყიდულები უწოდა. ამ ყველაფერს თანასოფლელებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. ჯერ-ჯერობით, დაკავების მიზეზი უცნობია.
|