ოთხშაბათი, 18.06.2025, 07:42
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2012 » ივნისი » 14 » დაშინებული დაზარალებულები და ”დამალული” მიცვალებულები
09:49
დაშინებული დაზარალებულები და ”დამალული” მიცვალებულები

"ყველაფერი გასაიდუმლოებულია, რაც კი ქუთაისში, პარლამენტის მშენებლობას უკავშირდება..." - ამბობს პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი. სულ ცოტა ხნის წინ მშენებლობაზე მომხდარი უბედური შემთხვევის გამო სამართალდამცველებმა სამშენებლო კომპანიის საქმის მწარმოებელი დავით ქავთარაძე დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, კომპანიის თანამშრომლის დაღუპვასთან დაკავშირებული გამოძიების მიმდინარეობისას დადგინდა, რომ მშენებლობის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა პირმა, სამშენებლო კომპანიის საქმის მწარმოებელმა დავით ქავთარაძემ არ უზრუნველყო უსაფრთხოების წესების დაცვა. შედეგად, ჩამონგრეული სამშენებლო ხარაჩოს ქვეშ მოყვა და მიღებული ტრავმებისგან გარდაიცვალა კომპანიის თანამშრომელი რეზო ნებიერიძე.

პარლამენტის მშენებლობა ჯერ კიდევ ახალი დაწყებული იყო, როდესაც კულუარებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ არც მშენებლობის სტანდარტები იყო დაცული და არც უსაფრთხოების ნორმები... მშენებლობაზე მომხდარი ტრაგედიის შემდეგ გადავწყვიტე, ქუთაისში ჩავსულიყავი და არსებულ ვითარებაში ადგილზევე გავრკვეულიყავი... უცნაურია, მაგრამ ფაქტია - პრეზიდენტის მიერ გახსნილი პარლამენტის შენობა ისეა დაცული, როგორც ქაჯეთის ციხე. უზარმაზარი ტერიტორიის გარშემო ავტომობილით დიდხანს ვიარე, მაგრამ - ამაოდ: დარცხვენილად მოღიმარმა დაცვის თანამშრომლებმა ეზოს დათვალიერებაზეც კი უარი მითხრეს. რა უნდა ექნათ - ასეთი ბრძანება აქვთ მიღებული.

ვცადე, ეზოს კეთილმოწყობაზე მომუშავე მუშებს მაინც დავლაპარაკებოდი. საუბარზე უარი არ უთქვამთ... თურმე ნუ იტყვით და, რეზო ნებიერიძეს ზოგი საერთოდ არ იცნობდა, ზოგი - იცნობდა, მაგრამ ტრაგედიის დროს ადგილზე არ იმყოფებოდა და არაფერი იცის... ეს კიდევ არაფერი: მუშები სამუშაო პირობებით ძალიან კმაყოფილები არიან, მათი უსაფრთხოებაც სათანადოდაა დაცული და შრომის უფლებებიც. არადა, მუშებს, რომლებიც უსაფრთხოების ნორმების სრულ დაცვაზე ლაპარაკობდნენ, ჩაფხუტებიც კი არ ეხურათ...

როდესაც მივხვდი, აქ საჭირო ინფორმაციას ვერ მოვიპოვებდი, ჩემს ქუთაისელ მეგობრებს დავუკავშირდი. მათი დახმარებით, მშენებლობაზე დასაქმებული ერთ-ერთი მუშა გულახდილ საუბარზე დავიყოლიე, ოღონდ ერთი პირობით - მის ვინაობას, სიცოცხლის ფასადაც რომ დამჯდომოდა, არ გავამხელდი. აი, რა მიამბო ჩემმა ინკოგნიტოდ დარჩენის მსურველმა რესპონდენტმა:

- იმ დღეს, როცა ტრაგედია მოხდა, მე იქ მართლა არ ვიყავი, მაგრამ შემიძლია გითხრათ, მანამდე რა ხდებოდა. შეუსვენებლად გვამუშავებდნენ. შეიძლებოდა, დღე ისე გასულიყო, რომ ხარაჩოდან ვერ ჩამოვსულიყავი. ამის მიუხედავად, წინასწარვე გახდა ნათელი, რომ მშენებლობას 27 მაისისთვის ვერ დავასრულებდით... 20 მაისს ვიღაც ტიპები მოცვივდნენ ჯიპებით. ძალიან აგრესიულები იყვნენ, უფროსებს სულ თითების ქნევით ელაპარაკებოდნენ... მათი წასვლის შემდეგ, "პრარაბებმა" (სამუშაოს მწარმოებელი. - ავტ.) მუშები შეგვკრიბეს და გვითხრეს, რომ თუ მშენებლობის დასრულებას 27 მაისისთვის ვერ მოვასწრებდით, თითოეული ჩვენგანი საკუთარი თავით აგებდა პასუხს. მეორე დღეს მშენებლობაზე დამხმარე ძალა მოიყვანეს, მაგრამ მათ ქაფჩის ხეირიანად დაჭერაც კი არ იცოდნენ. მაგარი ქაოსი დაიწყო. მშენებლობა ჯერ ისედაც ბევრი დარღვევით მიმდინარეობდა, ამ ამბის შემდეგ კი ვინ რას აკეთებდა, კაცმა არ იცოდა. ერთადერთი, რაც ყველამ ზუსტად ვიცოდით, ის იყო, რომ არსებული სიტუაციის შესახებ კრინტი არსად უნდა დაგვეძრა.

სულ ეს იყო, რისი თქმაც ჩემმა ნაცნობმა მუშამ გაბედა. როდესაც ვთხოვე, ეთქვა, - რეალურად, რამდენი კაცი დაშავდა ტრაგედიის დროს ან რამდენად მართალი იყო გავრცელებული ცნობა, რომ მშენებლობაზე ხარაჩო კი არა, კედელი ჩამოინგრა, მუშამ მომიბოდიშა და მითხრა, რომ უკვე ისედაც ბევრი ილაპარაკა... სხვა რაღა დამრჩენოდა - ამჯერად ჩემი ქუთაისელი კოლეგები მოვიძიე...

როგორც მათგან შევიტყვე, მშენებლობაზე დამხმარე ნაგებობა ანუ ხარაჩო კი არა, ბეტონის კედელი ჩამოინგრა, რასაც ორი კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა: ზესტაფონელი რეზო ნებიერიძის, რომლის გარდაცვალება ოფიციალურად დაადასტურა ხელისუფლებამ, და ქუთაისელი, 50 წლის ნიკა მამაგეიშვილის. როგორც ჩემმა კოლეგებმა მითხრეს, მისი ოჯახი ჟურნალისტებთან კონტაქტზე კატეგორიულ უარს ამბობს და ირწმუნება, რომ კაცი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა...

კულუარებში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ ტრაგედიის დროს 20-მდე მუშა დაშავდა. ვიცი, რომ ჟურნალისტური ეთიკიდან და ნორმებიდან გამომდინარე, ეს ინფორმაცია შესაბამის უწყებებში უნდა გადამემოწმებინა და მკითხველამდე ისე მომეტანა. თუმცა იმ სამწუხარო რეალობიდან გამომდინარე, რომ დამოუკიდებელი ჟურნალისტებისთვის სახელმწიფოს ყველა უწყებისა და სამინისტროს პრესცენტრი აუღებელი ციხესიმაგრეა, ეს ვერ მოვახერხე. ნათქვამის არგუმენტად კი შემიძლია, "ფეისბუკში" გავრცელებული ვიდეოჩანაწერები მოვიყვანო, რომელშიც ნათლად ჩანს, თუ რა ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციებს ავრცელებენ საავადმყოფოს ექიმი და რეგისტრაციის განყოფილების თანამშრომელი ქალბატონი, რომელიც ირწმუნება, - მშენებლობიდან რამდენიმე ათეული დაზარალებული მუშა მოიყვანესო. როგორც დავადგინე, პარლამენტის მშენებლობასთან დაკავშირებით ინფორმაცია ვერც პროფკავშირების წარმომადგენლებმა მოიპოვეს.

ირაკლი პეტრიაშვილი, პროფკავშირის თავმჯდომარე:

- პარლამენტის მშენებლობის შესახებ ინფორმაცია მთლიანად გასაიდუმლოებულია, თუმცა შეუიარაღებელი თვალითაც კი აშკარად ჩანს, რომ უსაფრთხოების ნორმები დარღვეულია. ჟურნალისტები მხოლოდ პარლამენტის შენობაზე ამახვილებთ ყურადღებას, არადა, უსაფრთხოების ნორმების დარღვევა მთელი ქვეყნის მასშტაბით ძალზე აქტუალური პრობლემაა: დღეს უსაფრთხოების ნორმები არც ერთ მშენებლობაზე არ არის დაცული. სახელმწიფომ მთლიანად მოიხსნა პასუხისმგებლობა უსაფრთხო შრომაზე. მშენებლობებზე ისეთი რამეები ხდება, წარმოდგენაც კი გაგიჭირდებათ. როგორც წესი, მშენებლობაზე მომხდარი ტრაგედიის შემდეგ იქმნება კომისია, რომელიც იძიებს, თუ ვინ არის დამნაშავე მომხდარის გამო; გამოძიების შედეგად ირკვევა, რომ თურმე დამნაშავე გარდაცვლილია... ჩვენ მოვინდომეთ, კომისიის მუშაობაზე კონტროლი გვეწარმოებინა, მაგრამ სახელმწიფომ ამის საშუალება არ მოგვცა. ეს ჩვენთვის ჩაკეტილი სივრცეა.

- პარლამენტის მშენებლობაზე დასაქმებულმა მუშებმა ნამდვილად მითხრეს, რომ მშენებლობაზე უსაფრთხოების ნორმებიც დაცულია და მათი უფლებებიც.
- აბა, რას იტყვიან მუშები, რომლებმაც სამსახური ძლივს იშოვეს?!. ჯერ ერთი, მუშებმა ხშირად არც იციან, როგორი უნდა იყოს მშენებლობის სტანდარტები ან როგორ უნდა იყოს დაცული მათი უსაფრთხოება, მაგრამ რომც იცოდნენ, გარწმუნებთ, მაინც არაფერს იტყვიან. ქვეყანაში არსებული უმუშევრობის გამო, მამაკაცი ყველაფერზე თანახმაა, ოღონდ ოჯახში პურის ფული მიიტანოს. დასაქმებული მუშები არც იმას გეტყვიან, რომ კატორღულად, შესვენების გარეშე ამუშავებენ, მაგრამ ეს ხომ რეალობაა! მუშებს ხშირად ღამეც კი ამუშავებენ, რის შედეგადაც მერე მათ ხარაჩოებზე ეძინებათ. ძალიან ხშირია შემთხვევა, როდესაც მუშა საწარმოო ტრავმას იღებს, მაგრამ კომპანია ეუბნება, რომ ეს მისი დაუდევრობის შედეგია და ხმას თუ ამოიღებს, სამსახურიდან საერთოდ გაუშვებს. არის შემთხვევებიც, რომლის დროსაც მუშა ისე ზიანდება, შრომის უუნარო ხდება, მაგრამ მას ისე ამუშავებენ და აშანტაჟებენ, რომ ხმასაც ვერ იღებს და მცირე კომპენსაციას თანხმდება.

გადავწყვიტე გამერკვია, სულ რამდენი მუშა დაიღუპა და დაზარალდა ბოლო წლის განმავლობაში და პროფესიული კავშირების გაერთიანების შრომის მთავარ ინსპექტორს, ნიკა კაკაშვილს დავუკავშირდი. როგორც მან მითხრა, ოფიციალური - ანუ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2011 წელს სულ რვა მუშა დაიღუპა, ხოლო შვიდმა საწარმოო ტრავმა მიიღო, მაგრამ ეს მონაცემები რეალობას არ შეესაბამება. დაზარალებული და დაღუპული გაცილებით მეტია და შსს ამას მალავს, პროფკავშირს კი ამ მონაცემების მოძიების საშუალებას საქართველოს კანონმდებლობა არ აძლევს.

ნანახია: 858 | დაამატა: ლონდა
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  ივნისი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025