ოთხშაბათი, 18.06.2025, 15:17
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2012 » ივლისი » 18 » ვალერი გელბახიანი ბიძინა ივანიშვილისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს
09:17
ვალერი გელბახიანი ბიძინა ივანიშვილისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

"ოცნების'' მიერ გორში, 15 ივლისს ჩატარებულ აქციაზე, ბიძინა ივანიშვილმა ვალერი გელბახიანის განსაკუთრებული გაღიზიანება გამოიწვია. ორივე მხარე ერთმანეთს ეპითეტებით მანამდეც ამკობდა, თუმცა მას მერე, რაც მილიარდერს საკუთარი მაჟორიტარობის კანდიდატის, ვალერი გელაშვილის გვარი გელბახიანში აერია, სწრაფად დასძინა, საჩხერელ გელბახიანს მშობლიურ რაიონში აღარ ჩაესვლებაო. მძიმე განცხადებას გელბახიანიც ანალოგიურად პასუხობს, ეხმაურება ყოფილი თანამებრძოლის, ვიქტორ ჯაფარიძის "ქართულ ოცნებაში'' მაჟორიტარად კენჭისყრას და ივანიშვილის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას აანონსებს - "ვერსიის'' კითხვებს ბადრი პატარკაციშვილის ყოფილი საარჩევნო შტაბის უფროსი, მოძრაობა "ჩემი საქართველოს'' ლიდერი ვალერი გელბახიანი პასუხობს:

- ვიდრე საქართველოში ჩამოვიდოდი, ჩემი ხედვები მანამდეც მქონდა. ეტყობა, "ოცნებაში'' მიიჩნიეს, რომ მათ მხარდასაჭერად არ ვიყავი მოწოდებული, არადა ვიყავი. ვინმემ რომ დამაბრალოს, ამ ხელისუფლების მომხრე ხარო, ჯერ უცხოეთში "ხეხოს'' ოთხნახევარი წელი ემიგრაცია და ხმა ისე ამოიღოს. ენას ძვალი არ აქვს, მაგრამ როცა რაღაცას ამბობენ, ცოტა გონებასაც უნდა მოუხმონ.. ეს "იარლიყობანა'' ბოლშევიკური მეთოდია, რომელსაც, სამწუხაროდ, "ოცნება'' იყენებს. ამჯერად, შეურაცხყოფა გორის აქციაზე, 15 ივლისს მომაყენეს და ვფიქრობ, უკვე დროა, ჩემებური კი არა, სამართლებრივი რეაგირება მივცე - მივმართავ სასამართლოს და იქ გავარკვიოთ, ვის რა კომპრომატები აქვს და ვინ რატომ აძლევს თავს უფლებას, ღირსება არგუმენტების გარეშე შემილახოს.

- სასამართლოს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მიმართავთ მისი ფრაზის გამო?

- იცით რა არის, ერთხელ გავატარე ქალბატონი ხიდაშელის ფრაზა, "მოსიარულე კომპრომატიო''. ვინ ვარ, ბოლოს და ბოლოს, ვიღაც კარლსონი თუ ბენ ლადენი. არ ვიცი, რას გულისხმობს ეს ხალხი, მაგრამ მინდა გავიგო, ამიტომაც გიკეთებთ ამ განცხადებას. ჯერ ეს არსად მითქვამს, ამ დღეებში პრესკონფერენციას ჩავატარებ და საჯაროდ ვიტყვი. აღარ მინდა, ეს ყველაფერი რეაგირების გარეშე დავტოვო. ერთია, როცა კოალიციის რომელიღაც წევრი რაღაცას ამბობს, მეორეა, როცა ლიდერს წამოსცდება მსგავსი. ივანიშვილმა თავს არ უნდა მისცეს უფლება, დაუსაბუთებელი და ყურში ჩაჩურჩულებული ბრალდება თქვას, რომლის განმარტებაც შეიძლება მოუხდეს. მეც საჩხერელი ვარ და ცუდ საჩხერელზეც არასდროს მითქვამს არაფერი, თუ გინდათ, ამას მინიპატრიოტიზმი უწოდეთ, მაგრამ საჩხერელმა კაცმა საჩხერელზე საჯაროდ ძვირი არ უნდა თქვას, მით უმეტეს, უსაფუძვლოდ. ეტყობა, რაღაც ფარული მოსაზრებები არსებობს, რასაც "აჯაზებენ'' და ეს ამ კაცმაც იკადრა.

- იცით, რომ თქვენ წინააღმდეგ მთავარი კომპრომატი დღეს სწორედ ხელისუფლებასთან გარიგებაა. ამ განცხადებებისა და სარჩელის შეტანის მერე, ეს აზრი კიდევ უფრო არ გაუძლიერდებათ ოპონენტებს?

- შეიძლება, ივანიშვილს ეს სიტყვები წამოსცდა, ამიტომ კიდევ ვაძლევ დროს, ბოდიში მოიხადოს. აქეთ ხომ არ შევხვდები და ბოდიშს მოვუხდი, აგერ, პრესა რისთვისაა - სანამ დროა, ბოდიში მოიხადოს, თორემ მარტო სარჩელს კი არ შევიტან, მოქმედებებსაც დავიწყებ.

- რა მოქმედებებს?
- როდის იყო, სტრატეგია წინასწარ ცხადდებოდა. ნუ გავიწყდებათ,რომ პოლიტიკოსი ვარ და იმაზე მეტი პრაქტიკა მაქვს, ვიდრე ივანიშვილს. უბრალოდ, მე თვითონ არ ვურჩევ ჩემ თავს, არჩევნების დასრულებამდე სახელმწიფო ინტერესებს ზიანი მივაყენო.

- თუ ფიქრობთ, რომ ივანიშვილის კოალიცია ქვეყანას უკეთესობისკენ ვერ შეცვლის, არჩევნების მერე ამის თქმა სწორია? აქეთ არ შემოგიბრუნდებიან, აქამდე სად იყავიო?
- კიდევ მე უნდა შემომიბრუნდნენ, კაცო? ვამბობ იმას, რაც სათქმელია, დანარჩენი ხალხმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს, ოქტომბერში კი ყველაფერს ვიტყვი.ვნახოთ, პროცესი რას მოგვთხოვს. იმდენი ნამდვილად ვიცი, რამდენიც საჭიროა. არც "გოიმი'' ვარ, მოვლენებს დავასწრო? ისე კი, საჩხერეში, ზოგიერთებისგან განსხვავებით, დაცვით არ დავდივარ. არც რომელიმე გაზეთი დაინტერესებულა იმით, საჩხერეში ჩავიდეს და გაარკვიოს, ბოლო წლებში ვის და რატომ იჭერდნენ.

- რაზე მიანიშნებთ, ბარემ, თქვენ გახსენით თემა.

- მე რატომ უნდა გავხსნა, დაინტერესებული მხარე ვარ. ჰკითხეთ ნებისმიერ საჩხერელს, რიგითადამიანს და ბევრ რამეს გაიგებთ. ივანიშვილი რომ ამბობს, შევკრებ ბევრ ხალხსო, ნახავთ, რომ ვერავის შეკრებს. მეფე უნდა იყოს საჩხერეში, მე კი ჩავერთვები კამპანიაში, მხარს სხვა კანდიდატს დავუჭერ და დავანახებ, რომ ფეოდალიც არ არის. აბა, დედა მაგინოს და მე მადლობები ვუხადო?! საეკლესიო პირი რომ ვიყო, კიდევ შეიძლება, მაგრამ ჩემი ღირსება თუ არ დავიცავი, პატივს ვინღა მცემს? როგორც ჩანს, სხვისი ლანძღვა და მტრად გამოცხადება "ოცნების'' საპროგრამო ნაწილია, არ ფიქრობენ, რომ შეურაცხყოფას გაყენებენ, მხოლოდ ის აინტერესებთ, თვითონ როგორ იხეირონ.

- და რატომ უნდა იყოს თქვენი ლანძღვა დღეს სახეირო?
- აბა, კაცს დედა უკვდებოდეს და ჩამოდიოდეს, ადამიანური არაფერი გაქვს, რომ არ თქვა, გელბახიანი ხელისუფლებამ ჩამოიყვანაო?

- ეს კითხვა მაინც ყველას თავში უტრიალებს - რა გარანტიებით გადმოხვედით საზღვარზე და რატომ არ დაგიჭირეს იმ შერჩევითი სამართლის პირობებში, რასაც დღეს ივანიშვილთან მიმართებაში ვხედავთ?
- სასამართლომ უარი თქვა ჩემ შუამდგომლობაზე იმ მოტივით, რომ გამოძიებას ვემალებოდი. თუ გამოვცხადდებოდი, სასამართლოს ჩემი დაპატიმრების საფუძველი აღარ ჰქონდა. გამოვცხადდი ჩემი ნებით, ვაძლევ ჩვენებას, ხომ ეს უნდოდათ და რაღატომ უნდა ვიყო დაპატიმრებული? ეს საზოგადოების კი არა, ზოგიერთი პიროვნებების მიერ დათესილი ეჭვია, რომ რადგან საჩხერელი ვარ, ე.ი. ბიძინას წინააღმდეგ უნდა ვიყო საჩხერეში, მაგრამ გავიდა 5 თვე და რა გავაკეთე ამ 5 თვეში ხელისუფლების სასარგებლოდ? ან იმას რატომ არ აფასებთ, კოალიციამ რა გააკეთა დადებითი - მხოლოდ იმას აცხადებენ, ვინც ჩემთან არაა, ჩემი მტერიაო. ეს გუნდი ანტიქართული ფილოსოფიით არ მოდის? ვიცით, რაცაა სააკაშვილი, მაგრამ მაჩვენეთ, რას ამბობს ივანიშვილი სააკაშვილზე უკეთესს? ამიხსნას, ყველა მის გარშემო რატომ უნდა გაერთიანეს, ღმერთი ხარ, ზეკაცი, თუ მესიის მახვილი, რომ შემოგიერთდე, თუკი ჩემი ხედვა მაქვს? მე ვარ "მოსიარულე კომპრომატი'' და ივანიშვილია პატრიოტი? პატრიოტობის გაცილებით დიდი პრეტენზია მაქვს. ემიგრაციაშიც კი არ ვიყავი მოვლენებს მოწყვეტილი - ყველაფერს თვალ-ყურს ვადევნებდი და საქართველოს რეალობას ვეცნობოდი.

- კიდევ უფრო დიდი წარმატებით გეტყვით ივანიშვილი, შენ რომ ბრალი გედებოდა და შორიდან ადევნებდი მოვლენებს თვალ-ყურს, მე ამ დროს არასაჯარო ქველმოქმედებას ვეწეოდი და ეს აგიშენე, ის გაგირემონტეო... ჩამონათვალი კი გრძელია.
- ვიჯექი და ფულს ვაკეთებდიო, არ იტყვის? სად იყო 9 აპრილს, 7 ნოემბერს, 26 მაისს? თქვას ერთი მოვლენა, სადაც საქართველოს ბედი წყდებოდა და მან თავისი სიტყვა თქვა? ერთი ასეთი დაასახელოს და ბოდიშს მოვუხდი.

- მაგრამ კითხვები თქვენთანაც არსებობს - საზღვრებზე გასვლა-გამოსვლას რომ თავი დავანებოთ, რატომაა ბადრი პატარაკაციშვილის თემა დღემდე დახურული?

- მოდით, ამ თემას ტაბუ დავადოთ. ეს ტაბუ აუცილებლად მოიხსნება, მაგრამ არა დღეს. ქართველ ხალხს მინდა ვცე პატივი, რაკი ივანიშვილის კოალიციის იმედი აქვს. დამთავრდება ეს არჩევნები და გაიხსნება ფრხჩილიც. ბატონი ივანიშვილი დღეს ქართული საზოგადოების გმირია, ამირანია, პრომეთეა, ცეცხლი და სინათლე მოაქვს, ამიტომ პრომეთეებზე და ამირანებზე ცუდს ვერ ვიტყვი.

- იმედია, თქვენი გუნდიდან "ოცნების'' მაჟორიტარად ვიქტორ ჯაფარიძის წაყვანაც ტაბუდადებული თემა არაა. ჩემი ინფორმაციით, სოზარ სუბარი აწარმოებდა მასთან აქტიურ მოლაპარაკებებს, თქვენ კი ჯაფარიძეს უარს ეუბნებოდით, თუმცა კომენტარში განაცხადეთ, კონსულტაციები არ ყოფილაო.
- რა თქმა უნდა, ვიცოდი, რომ სუბარი მასთან დადიოდა, მაგრამ არ მეგონა, თუ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებდა და არც ჩემი თანხმობა ჰქონია. მე ვუთხარი ჯაფარიძეს, შენი არჩევანი თვითონ გააკეთე-მეთქი. მას მაჟორიტარობა უნდოდა.

- თქვენ კი ამას ვერ შესთავაზებდით, რადგან არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ გაქვთ.
- მან მიიღო თავისი გადაწყვეტილება. არ ვიცი, დღეს ვიტიას რა პოზიცია აქვს, მაგრამ ვიცი, რომ "ოცნებას'' უკვე სერიოზულად უნდა ვუპასუხო და ახლაც თვითონ გააკეთოს არჩევანი - მეგობრობა თუ პოლიტიკა. ვერავის ვერაფერს ვუკარნახებ. ვიტია დამოუკიდებელი კაცია, არაერთხელ იყარა კენჭი მესტიაში, 2003 წელს დეპუტატად აირჩიეს, 2008-შიც კენჭი იყარა, ამჯერად დამოუკიდებელ კანდიდატად, ოღონდ წააგო, რადგან კოდორის ხეობიდან მესტიაში საჯარისო ნაწილები აიყვანეს და ხმა მიაცემინეს. ისე, მინდა ვთქვა, ვიტიას ფულის პრობლემა არ აქვს, უფულო კაცი არაა და ანტისახელისუფლო პოზიციაც გააჩნია. დიახ, "ოცნებაში'' წასვლა ლოგიკური გადაწყვეტილება იყო, თუმცა შეეძლო არც წასულიყო და ბიზნესი ეკეთებინა, ან ისევ დამოუკიდებელი კანდიდატი ყოფილიყო. ჩვენ ერთად იმდენი რამ გამოვიარეთ, ახლა რომ შედის სხვა პარტიაში, მაიცდამაინც გამართლებულად არ მიმაჩნია. ჩვენ მაშინ მოწინავე ძალა ვიყავით, ბრძოლაში დავმარცხდით და ახლა რომ მიდიხარ სხვა პარტიაში, ე.ი. ამბობ, ის ბრძოლა ტყუილი იყოო?

- ამ დროს საუბარი გაქვთ ადამიანზე, ვინც თქვენთან ერთად ქვეყნის საზღვარი გადაკვეთა, როცა ბრალდებული იყავით და 4 თვე არ მიუტოვებიხართ. იქნებ, იმიტომ წავიდა, რომ დღეს "მოწინავე ძალა'' აღარ ხართ და ეს ყველაფერი უპერსპექტივოა?
- როცა ინდოეთში განდების დინასტიიდან ბოლო განდი, პრეიმიერი მოკლეს, მისი ცოლი წლების მანძილზე უარს ამბობდა პოლიტიკაზე, მაგრამ რამდენიმე წლის მერე ვეღარ მოითმინა, აღადგინა ძველი პარტია, ჩაუდგა სათავეში, მოიგო საპარლამენტო არჩევნები და დღესაც ისაა პარლამენტის თავმჯდომარე. ვფიქრობ, აქ საქმე ანალოგიასთან პატარკაციშვილის ოჯახთან მიმართებაში. ბადრის ჰყავს ოჯახი და ველოდები იმ დროს, როცა ოჯახი გააქტიურებას გადაწყვეტს.

- უკვე გავრცელებულ ინფორმაციას მიდასტურებთ, რომლის თანახმად, პატარკაციშვილის ოჯახი პოლიტიკურად გააქტიურებას აპირებს? ამასაც ფონად მოჰყვა, ხელისუფლების შემოქმედებააო.
- იცით რა, ასეთ ადამიანებს ენა უნდა ამოაგლიჯო! ბადრი საფლავშია, ამ ხელისუფლებას შეეწირა და როგორ გიტრიალდება ენა, რომ ასეთი რამ თქვა? უბრალოდ, სააკაშვილის სიძულვილის გამო, დღეს ყველა გაჩუმებულია... ვამბობდი თუ არა, გაჩერდი ბიძინა, თორემ ისე დაამთავრებ, როგორც "სტანდარტ ბანკმა''-მეთქი, რომელიც 2007 წელს დააყადაღეს და რა ხდება ახლა "ქართუ ბანკში''? შევიდა თუ არ ეროვნული ბანკი, როგორც 2007 წელს? ზუსტად იგივე სცენარით მიდის ყველაფერი, როგორც მაშინ. ივანიშვილმა კი ყველაფერი თავისი პიარისთვის გააკეთა და ახლა არ ვიცი, როგორი იქნება ფინალი.

- ბადრი პატარკაციშვილის მსგავს ფინალს გულისხმობთ?

- არავის ვუსურვებ, პატარკაციშვილივით დაამთავროს და არც იმას ვუსურვებ ვინმეს, საკუთარ ქვეყანაში არ ჩამოესვლებოდეს, მაგრამ ეს ვითარება იმის მსგავსია. ერთიერთში რომ მეორდება ყველაფერი, ამას რატომ ვერ ხედავთ? მე სიკეთე მინდოდა ივანიშვილისთვის. გუშინ შევარდნაძემ თქვა... შევარდნაძე რაღა იყო კაცო, ივანიშვილმა...

- შევარდნაძე და ივანიშვილი ჯერ არ არევიათ ერთმანეთში. ბოლო-ბოლო, ვის გზას იმეორებს, პატარკაციშვილის თუ შევარდნაძის?
- დასკვნა თქვენ თვითონ გააკეთეთ, კაცი სასამართლოში ვაპირებ წასვლას და ისეთ რამეს როგორ ვიტყვი, მერე აქეთ მიჩივლოს. ჯერ ისიც არ ვიცი, ვის დავუჭერ ამ არჩევნებში მხარს, შეიძლება, საერთოდ წავიდე აქედან. აბა, სააკაშვილი მემუქრება და ივანიშვილმა რომ დამიჯეროს, ამისთვის ციხეში ჩავჯდე?! ჯერ ემიგრაცია გასინჯონ, მერე ციხე და იქ ხალხი ისე დაპატიჟონ. სხვათა შორის, სწორი ელექტორალური მიგნება გააკეთეს ასათიანმა, კუკავამ და შაშიაშვილმა, მაგრამ ამის რეალიზება მაშინ, როცა ეს ხელისუფლება გყავს, მეორე მხრივ კი, ივანიშვილი მოდის "პილასოსით'', ორგანიზაციულად ძალიან ძნელია. სწორი პოზიცია აქვს ნინო ბურჯანაძეს, რადგან ამ არჩევნებში არ იღებს მონაწილეობას. არც იქნება სწორი, რომ მიიღოს. "ოცნებამ'' თუ წააგო, რაშიც ეჭვი არ მეპარება, კოალიცია, როგორც პოლიტიკური სუბიექტი, დაიშლება. ყველა ერთ ხმაში ეტყვის, წაეთრიეთ პოლიტიკიდანო და ნინო ბურჯანაძე ხდება ოპოზიციის ლიდერი. არც იმაში მეპარება ეჭვი, რომ ქალბატონი ნინო პრეზიდენტი გახდება, რადგან დღეს ის ერთადერთი ოპოზიციაა.

p.s. იმისათვის, რომ მასალა ცალმხრივი არ გამოსულიყო, "ვერსიამ'' პოზიციის დაფიქსირება კოალიციის ლიდერს, ვალერი გელბახიანის სარჩელის ავტორს, ბიძინა ივანიშვილს სთხოვა. ივანიშვილმა ვრცელი კომენტარის გაკეთება არ ისურვა და მხოლოდ ამ მოკლე განმარტებით შემოიფარგლა: "დაველოდოთ სასამართლოს და მერე ვილაპარაკოთ''.

ნინო კომახიძე
გაზეთი "ვერსია"


ნანახია: 924 | დაამატა: ლონდა
სულ კომენტარები: 6
0  
1 ბიბი   (18.07.2012 09:47) [Материал]
მოგესალმებით კატო, კობა! smile

0  
2 londa   (18.07.2012 10:02) [Материал]
მიუხედავად იმისა, რომ ვალერი გელბახიანი აშკარად ჩანს რომ მიეყიდა ხელისუფლებას, მისი ეს ჩამოსვლაც და მასზე ძებნის მოხსნაც ამაზე მეტყველებს, მაინც ჯობდა ბიძინას იმ დღეს გორის აქციაზე თავი შეეკავებინა მასზე ცუდის თქმისგან.. არ იყო საჭირო ჩემი აზრით იმის თქმა რაც თქვა.. ამათ მიზეზი არ უნდა მისცეს .. ვალერი გელბახიანი კი ბიძინას წინაღმდეგ საბრძოლველად რომ ჩამოიყვანეს ეს ფაქტია, მაგრამ ფეხებსაც ვერ მოჭამს რააა

0  
3 არალე   (18.07.2012 10:20) [Материал]
არ უნდა ეთქვა, ტაქტს დაცვა ყველას მიმართ საჭიროა

კია ვირთხა გელახიანი,მაგრამ მაინც

0  
4 londa   (18.07.2012 10:24) [Материал]
ხო , მეც მაგას ვფიქრობ.. პოლიტიკოსს არ ეკადრება ყველაფრის თქმა, რაც ჩვეულებრივ ადამიანს.. ამიტომ იმ დღეს მე არ მომეწონა, კი შეეშალა გვარი, მაგრამ შეიძლებოდა ისე გამოესწორებინა, რომ მერე ეს არ ეთქვა.. არავინ არ იცის ჩაესვლება თუ არა ვალერი გელბახიანს საჩხერეში.. შეიძლება კიდეც ჩაესვლება, ის ხომ ამ ხელისუფლებისგან დევნილი იყო?? ამიტომ იმედია ბიძინა ასეთ შეცდომებს აღარ დაუშვებს.. არაა საჭირო ყველა მხრიდან მტრების გაჩენა.. ძნელია, დაიღლება მათთან ბრძოლაში

0  
5 ლერა   (18.07.2012 11:43) [Материал]
ეეე გელბახიანი, გამწარებული კაცის პოზიციიდან ლაპარაკობს, მაგრამ ბიძინას თავი უნდა შეეკავებინა იმ დღეს , არაა საჭირო ბევრი მტერი დიდ პრობლემასაც ნიშნავს.
მართლაც, როგორ მოახერხა ჩამოსვლა, თუ სუფთაა, მაგას ვინ გადმოატარებდა საზღვარს, მაგრამ სწორედ აქ მარხია ძაღლის თავი...

0  
ჭინჭიყლინაც ხო არ უნდა ნეტა ყლებახიანს :))))))))))))
როგორ მიეჩვივნენ, მამინდომა ბოდისი, ნეტა რომელ სერიალს უყურა biggrin

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  ივლისი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025