
გადაცემის წამყვანი დაინტერესდა, რას ფიქრობს მერაბიშვილი კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერების ბრალდებებზე, რომლებიც პრემიერს კოალიციის პროგრამის პლაგიატში ადანაშაულებენ.
"მე არ ვაპირებ, ვუპასუხო ამ ბრალდებას. ჩემთვის მთავარია, რას ფიქრობს ქართველი ხალხი. ჩვენი პროგრამა არის შედეგნილი ჩვენს მიერ, კონკრეტულ მონაცემებზე, ციფრებზე. მე მგონი, არავის არ გაჩენია შეკითხვა იმ თანხებზე, იმ დაპირებებზე, რომელიც ჩვენ გავეცით. ეს დაპირებები არის რეალისტური. სიმართლე გითხრათ, მე არც შემიდარებია ეს პროგრამა სხვა პოლიტიკური პარტიების პროგარმისთვის. მე ვფიქრობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია, თუ რა წერია პროგრამაში და არა ის, რომელ პროგრამას ჰგავს ის. მთავარია, პროგრამა და ხალხი, რომელიც ამ პროგრამას შეასრულებს. ჩვენ შეგვწევს ძალა, გვაქვს დაგროვილი რესურსები. რა დანაპირებიც გავეცით - შევასრულებთ", - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.
პრემიერ-მინისტრს "ქრისტიან-დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ვეფხვაძის იმ განცხადების კომენტირებაც სთხოვეს, რომლის თანახმად, სწორედ მერაბიშვილი იქნება ის ადამიანი, რომელიც 2013 წლამდე და მას შემდეგ შეეცდება შეინარჩუნოს პრემიერ-მინისტრობაა.
"ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ამას გადაწყვეტს ხალხი, პრეზიდენტი და პარტია, რომელიც არჩევნებში გაიმარჯვებს", - აღნიშნა მერაბიშვილმა.
"ინტერპრესნიუსი"