კახეთში სტიქიის შედეგები ჯერ არ არის დათვლილი, თუმცა წინასწარი ინფორმაციით ზარალი რამდენიმე მილიონი ლარია. ცნობილია, ის რომ სახურავის გარეშე მხოლოდ თელავში 800-მდე საცხოვრებელი სახლია დარჩენილი. ამ მონაცემებში შედის როგორ კერძო, ასევე საერთო საცხოვრებლები. ახლა ყველაზე მეტად მოსახლეობას სასმელი წყლის, ბუნებრივი არის და ელექტროენერგიის პრობლემა აწუხებს. ამ ყველაფრის უქონლობის გამო არ მუშაობს პურსაცხობები და თელავში პურის დეფიციტია შექმნილი.
მოსახლეობას პურის საყიდლად წასვლა მეზობელ რაიონებში უხდება. ამ დრომდე არ არის ცნობილი, როდის მოხდება თელავისთვის ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის და სასმელი წყლის მოწოდება.
საქართველოს პრეზიდენტმა პრემიერ მინისტრს დავალება მისცა, რომ თელავში ავზებით რაც შეიძლება მეტი სასმელი წყალი შეიტანონ და მოსახლეობაში დაარიგონ. ასევე მიხეილ სააკაშვილმა თელაველებს დაპირება მისცა, რომ მინიმუმ ერთ კვირაში ყველა საცხოვრებელ სახლს სახურავებს გაუკეთებენ. ამის პარალელურად თელავისა და გურჯაანის ქუჩები, რომლებიც მოგლეჯილი ხეებისგან იყო ჩახერგილი ეტაპობრივად იწმინდება.
დაზარალებული მოსახლეობა კი სოფლებში დახმარების მოლოდინშია. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელიანის მკვიდრს, ლიანა ხარაიშვილს სეტყვამ შემოსავლის ერთადერთი წყარო, ბოსტნეულის ნარგავები მთლიანად გაუნადგურა.
როგორც ამავე სოფელში მცხოვრები 82 წლის თამარ გოცირიძე ამბობს, სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანებასთან ერთად, საცხოვრებელი ბინაც დაუზიანდა და სახურავი და ფანჯრები ჩაიმტვრა. სხვადასხვა სახელმწიფო თუ კომერციული ბანკებიდან მათ კრედიტები აქვთ აღებული, რომლის საშუალებითაც მიწებს ამუშავებდნენ და მოსავლის აღებას ელოდებოდნენ.
მსგავსი მასშტაბების სტიქია, რაც გუშინ იყო, უხუცესებსაც არ ახსოვთ. ამ ეტაპზე თელავისა და გურჯაანის რაიონების სოფლების მოსახლეობა სტიქიით მიყენებულ ზარალს ითვლის. ისინი სახლებსა და ეზოებს ნარჩენებისგან ასუფთავებენ. ამ პროცესებში ჩართული არიან სამაშველო სამსახურები, ასევე, თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფები. სტიქიური უბედურების ზონაში 1300-მდე რეზერვისტიც მუშაობს.
დააქცია საქართველო კრედიტებმა. ეს ახალი ფორმა მოძებნა სახელმწიფომ ხალხისგან ფულის ამოქაჩვის.
სტიქიისაგან დაზარალებულ ხალხს თუ ვალები არ ჩამოაწერეს, დაიმშევა ნახევარი საქართველო, საცხვრებელი აღარ შერჩება ხალხს. შველა უნდა ამ ქვეყანას , თანაც სასწრაფოდ.
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]