პარლამენტის დეპუტატად შესაძლოა არჩეული იქნას პირი 21 წლის ასაკიდან, ნაცვლად ამჟამად განსაზღვრული 25 წლისა. შესაბამისი ცვლილების კონსტიტუციაში შეტანის ინიციატივით მმართველი პარტია გამოვიდა. „მე ვფიქრობ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა ახალგაზრდებისათვის უფრო აქტიური მონაწილეობა მიიღონ საპარლამენტო ცხოვრებაში", – განუცხადა 29 მარტს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა ჟურნალისტებს. „მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის საშუალება ექნება ნებისმიერ ადამიანს 21 წლის ასაკიდან", – დასძინა მან. კონსტიტუციაში ამ ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, რასაც ასევე წინ უნდა უსწრებდეს ინიციატივის ერთთვიანი საერთო–სახალხო განხილვის პროცედურა, საჭირო გახდება შესაბამისი ცვლილებების საარჩევნო კოდექსში შეტანა.
|