
მუხიანში მომხდარი მკვლელობა გახსნილია. ეჭვმიტანილი, 40 წლის გელა ტიტოვანი, სამართალდამცველებმა აიყვანეს. მას ბრალად ელდება ლევან კალანდიას მკვლელობა. გავრცელებული ინფორმაციით, მოკლული და ეჭვმიტანილი ნათესავები იყვნენ.
მკვლელობის ერთადერთ მიზეზად სახელდება შელაპარაკება და სიტყვიერი გარჩევა, რომელიც ეჭვმიტანილსა და მოკლულს, შემთხვევამდე რამდენიმე წუთით ადრე, ერთმანეთთან მოუვიდათ. ადგილობრივი მცხოვრებლები ამბობენ, რომ გელა ტიტოვანმა და, სავარაუდოდ მისმა დეიდაშვილმა, ლევან კალანდიამ, ერთმანეთთან საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში იჩხუბეს. ორივე მათგანი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
ასევე ადგილობრივების მონათხრობით, ცნობილი ხდება, რომ გელა ტიტოვანმა ლევან კალანდიას ჩხუბისას ორჯერ დაარტყა გულში დანა და კალანდია, სასიკვდილო ჭრილობებით, შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
ადგილობრივები ასევე ამბობენ, რომ გელა ტიტოვანს შემთხვევის ადგილიდან მიმალვა არ უცდია და ის სამართალდამცველებმა მომხდარიდან მალევე, შემთხვევის ადგილზე დააკავეს.
ლევან კალანდიას ცხედარი შესაბამისი ექსპერტიზისთვის ქალაქის პროზექტურაშია გადასვენებული. მომხდარზე მიმდინარეობს ძიება განზრახ მკვლელობის მუხლით, რაც, საქართველოს კანონმდებლობით, 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.