
ადგილობრივი მოსახლეობა იხსენებს, რომ გამთენიისას, დაახლოებით 04.00-დან 05.00 საათამდე ძლიერი ქარიშხალი, წვიმა და სეტყვა დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. ქარიშხალმა მნიშვნელოვნად დააზიანა საცხოვრებელი სახლები, ძირფესვიანად მოგლიჯა ხეები და გაანადგურა ქალაქისა და სოფლების ინფრასტრუქტურა, განადგურდა მოსავალი.
მოსახლეობის განცხადებით, ამ ყველაფერს თან ახლდა მიწისძვრის მსგავსი ბიძგები და ისინი ნახევარი საათის განმავლობაში ელოდებოდნენ, როდის დაინგრეოდა მათი სახლები. როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, მას შემდეგ, რაც ქარიშხალი და სეტყვა შეწყდა, ეზოში სეტყვის საფარი 35 სანტიმეტრი იყო.
ამ ეტაპზე თელავისა და გურჯაანის რაიონების სოფლების მოსახლეობა სტიქიით მიყენებულ ზარალს ითვლის. ისინი სახლებსა და ეზოებს ნარჩენებისგან ასუფთავებენ. ამ პროცესებში ჩართული არიან სამაშველო სამსახურები, ასევე, თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფები, პოლიციის თანამშრომლები და ადგილობრივი მოსახლეობა.
"ინტერპრესნიუსი"