"ქართული ოცნება"
დაკისრებული ჯარიმის გადახდას არ აპირებს და ვერც გადაიხდის, - ამის
შესახებ "ინტერპრესნიუსს" პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მანანა
კობახიძემ განუცხადა.
მისი თქმით, პარტია დაჯარიმების
გადაწყვეტილებას უკანონოდ ცნობს და აპირებს, ევროსასამართლოში გაასაჩივროს.
იმ შემთხვევაში, თუ დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობისთვის "ქართული
ოცნების" ანგარიშს დააყადაღებენ, კობახიძის თქმით, პარტიას არც
შემოწირულობის და არც თანხის გაცემის საშუალება არ ექნება და არსებობისთვის
სხვა კანონიერი გზის მონახვა მოუწევს.
"ხელისუფლებას საქმე მიჰყავს იქამდე, რომ შეაჩეროს ჩვენი აქტივობა, რასაც რა თქმა უნდა ვერ მიაღწევს", - განაცხადა მანანა კობახიძემ.
"ქართულ
ოცნებაში" შემავალ პარტიებს კონტროლის პალატის ოქმის საფუძველზე
დაკისრებული ჯარიმის გადახდის ვადა დღეს ეწურებათ. კოალიცია "ქართულ
ოცნებაში" შემავალი პარტიების დაჯარიმების გადაწყვეტილება თბილისის
საქალაქო სასამართლომ კონტროლის პალატის ოქმის საფუძველზე მიიღო.
სააპელაციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
როგორც
კონტროლის პალატის განცხადებაშია ნათქვამი, შპს "მენეჯმენტ სერვისმა"
საკუთარი სახსრებით დაიქირავა და 476 614,51 ლარის სარემონტო სამუშაოები
ჩაატარა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებულ კოალიცია "ქართული
ოცნების" საოფისე ფართებში, რომლითაც დღემდე სარგებლობენ პოლიტიკური
სუბიექტები - საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნება", კოალიცია "ქართულ
ოცნებაში" შემავალი პარტიები - "რესპუბლიკური პარტია", "ეროვნული ფორუმი",
"ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები", "ქართული ოცნება -
დემოკრატიული საქართველო", "კონსერვატიული პარტია" და "მრეწველობა
გადაარჩენს საქართველოს".
მაკონტროლებელი უწყების ინფორმაციით, შპს
"მენეჯმენტ სერვისის" მიერ პოლიტიკური სუბიექტების სასარგებლოდ
განხორციელებული უსასყიდლო მომსახურება სასამართლომ უკანონო შემოწირულობად
ცნო.
"ინტერპრესნიუსი"