
16 წლის გოგონას ქორწილის ღამე პოლიციაში
მომავალმა მეუღლემ და დედამთილმა ჯერ კიდევ ქორწილის ბოლო სტუმრის გაცილებამდე მიიყვანეს პატარძალი ქობულეთის პოლიციაში. 16 წლის პატარძალს პოლიციაში ღამის პირველიდან დილის 6 საათამდე აიძულებდნენ ეთქვა, ვისთან და როდის ჰქონდა პირველი სექსი. გოგონას, რომელსაც პოლიციელები უწოდებდნენ უსირცხვილოს და სიმართლის დამალვის შემთხვევაში ნეკნების ჩამტვრევით ემუქრებოდნენ, ორი ექსპერტიზა ჩაუტარეს. ორივე დასკვნის მიხედვით გოგონა ქალწულია.
მისი პირობითი სახელია მარიამი. 16 წლისაა. მამა გარდაცვლილი ჰყავს და დედასთან ერთად ცხოვრობს. როდესაც სასიძო, 26 წლის სიმონი (სახელი პირობითია) მივიდა მარიამის დედასთან შვილის ხელის სათხოვნელად, დედას გაუხარდა, „ვიფიქრე, ბავშვს დავალაგებდი...“ გააფრთხილა - „არ გეგონოს ქონების გამო გაძლევ“. დედას ერთი რამის ეშინოდა, რაც მომავალ სასიძოს გაუმხილა კიდეც, - მისმა შვილმა საჭმლის მომზადებაც კი არ იცოდა. სიმონმა გასცა დაპირება: „ეგ არ არის პრობლემა, ჩემს ჭკუაზე გავზრდი“.
40 დღის შემდეგ, 24 ივნისს დაინიშნა ქორწილი. დაახლოებით ღამის 11 საათის შემდეგ საძინებელში განვითარებულ მოვლენებს მარიამი ნაწყვეტ-ნაწყვეტ ყვება:
„შუქი აანთო და მითხრა, ზეწარი დასვრილი რატომ არ არის, ქალიშვილი არ ხარო. მეც დავხედე ზეწარს _ დასვრილი მართლა არ იყო. ძალიან შემეშინდა. ვერ ვხვდებოდი, რატომ არ იყო სისხლი. ვიფიქრე, ეტყობა რაღაც მჭირს-მეთქი. მეუბნებოდა მეთქვა, ვისთან ვიწექი. ვუთხარი, რომ შეიძლება ბავშვობაში რაღაც იყო. მერე დაიჩემა, გვარი მითხარი, ჩვენ შორის დარჩებაო. გვარიც ვთქვი. მაგრამ სახელი ვეღარ ვთქვი. ვინ მეთქვა, არ ვიცოდი“.
სიმონი მარიამს ჩაცმას უბრძანებს და საქორწილო დარბაზში მიჰყავს, სადაც თავის დედას ხვდება. იქიდან მარიამის დეიდასთან მიდიან. მარიამს დეიდა უყვირის, მაგრამ სახლში არ იტოვებს. სიკოს მარიამი სოფლის პოლიციაში მიჰყავს და ითხოვს, მარიამს ხელწერილი დააწერინონ. პოლიციაში სიმონს უხსნიან, რომ ეს მათი საქმე არ არის.
სიმონი გადაწყვეტს, რომ მარიამი დედასთან, მართასთან (სახელი პირობითია) გაუშვას მანქანით, მაგრამ თავისი დედის, ელენეს (სახელი პირობითია) მითითებით - „ხელწერილს აქ თუ არ აკეთებენ, ქობულეთში წავიყვანოთ, მერე შარს მოგვდებენ“ - ისევ პოლიციაში მიდიან, ამჯერად ქალაქ ქობულეთში.
ქობულეთის პოლიციაში მარიამი მანქანიდან გადაჰყავს ორ პოლიციელს - ქალებს. ისინი საქმროს და სადედამთილოს ჰპირდებიან, რომ მარიამს ყველაფერს ათქმევინებენ.
მარიამი: „ერთი იმას მეუბნებოდა, ერთი - ამას. კაცები მიყვიროდნენ. მერე დაწერეს, რომ აქტი თუ რაღაც მქონია ვიღაცასთან და ხელი მომაწერინეს. მეუბნებოდნენ, თუ არ იტყვი, ციხეში ჩაგაგდებთ, სამი წელი ციხეაო. იმ წუთას ოღონდ მომშორებოდნენ, სისულელეები ვთქვი.... არ ვიცი, ახლა ჩემს ხელმოწერას რა ეშველება.
ხელი რომ მოვაწერე, მერე მითხრეს, რომ სახელი დამესახელებინა. დედაჩემს თუ არ მოიყვანთ, არაფერსაც არ ვიტყვი-მეთქი. მელოტი რომ იყო პოლიციელი, იმან მითხრა, ნეკნებს რომ დაგამტვრევენ, მერე იტყვიო“.
გოგონას დაკითხვა დედის მისვლის შემდეგაც გაგრძელდა. დედა შეეცადა შვილის დაცვას, მაგრამ პოლიციელებმა გააფრთხილეს, რომ ხელს უშლიდა:
„პოლიციაში აქამდე არ ვყოფილვარ. მითხრეს, ხელს ნუ გვიშლიო და მეგონა, არ მქონდა უფლება... ჩემი შვილი, იცით, როგორი დამხვდა... დედას შეუძლია მაგ დროს შვილს ეცეს და ცემოს, მაგრამ შვილი იმ მდგომარეობაში დამხვდა, თავისთავად მკვდარი იყო. მე რომ შევედი, ერთი მელოტი და ერთი შავგრემანი კაცი იყო, კომპიუტერთან ვინ იჯდა, აღარც მახსოვს. უყვიროდა მელოტი - წეღან ხომ გვითხარი, 13 წლის ასაკში რომ გქონდა სექსიო. მე მითხრა, შენს მოსვლამდე ამ ბავშვმა ყველაფერი აღიარაო...“
დილის ექვსი საათისთვის პოლიციამ დედა-შვილი სახლში გაუშვა.
რადგან შვილი მუდმივად იმეორებდა, რომ სიმონის გარდა არავისთან ჰქონია ურთიერთობა, დედამ მარიამი 25 ივნისს ექსპერტიზაზე წაიყვანა სამხარაულის ბიუროში: „დასკვნაში წერია, რომ საქალწულე აპკი მთელია. 26-ში პოლიციამ წაიყვანა ექსპერტიზაზე - მათ დასკვნაშიც იგივე წერია... იცი, როგორ აწამეს ჩემი შვილი გასინჯვის დროს. თქვა, ცხოვრებაში არ გავთხოვდებიო. ისე მტკივნეული ყოფილა თურმე“.
მარიამი ფსიქოლოგთანაც ჰყავდათ. მართა ამბობს, რომ შვილს რეაქცია არაფერზე აღარ ჰქონდა. ექიმთან მარიამი ადვოკატების რჩევით მიიყვანეს: „არც ჭამდა, არც ფეხზე დგებოდა, არც მელაპარაკებოდა. შვილი ცოცხლად დავმარხე და მეც დავიმარხე... ახლა ცოტა უკეთ არის, დამამშვიდებელი წამლების მიღებამ უშველა“.
მართა ამბობს, რომ უნდა, შვილი ცოტა ხნით მაინც გაარიდოს სოფელს, მაგრამ არ იცის, სად წაიყვანოს. მართა: „უნდოდა ექთნობა ესწავლა. რომ ჩააბარებდეს, გავუშვებდი. არ ვიცი, როგორ დავეხმარო“.