
ირანში, ერთ-ერთ ბირთვულ სადგურში დივერსიის შედეგად აფეთქება მოხდა.
აღმოსავლური მედიის ინფორმაციით, ობიექტ "ფორდზე" მომხდარი მასშტაბური აფეთქების შედეგად მთელი ინფრასტრუქტურა განადგურდა და 240 თანამშრომელი მიწისქვეშ აღმოჩნდა. სამაშველო ბრიგადებმა მათი ამოყვანა ვერ შეძლეს.
როგორც ახალი ამბების ამერიკული სააგენტო "WND" ირანელი დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება, აფეთქების შედეგად 5 კმ-ის რადიუსში ყველა შენობა ჩამოინგრა.
მისივე ინფორმაციით, ირანის მთავრობამ 24 კმ-ის რადიუსში არსებული ტერიტორია ალყაში მოაქცია და მთლიანად ჩაკეტა.
ობიექტი, რომელზეც აფეთქება მოხდა, მიწისქვეშ 90 მ სიღრმეში მდებარეობდა. სადგურს ორი ავარიული გასასვლელი და კიბე ჰქონდა, თუმცა ერთ-ერთი გასასვლელი აფეთქების მომენტში არ ფუნქციონირებდა, მეორე კი დაინგრა.
ირანის მთავრობა დარწმუნებულია, რომ ეს გამიზნული დივერსიაა.
გამოძიების ინფორმაციით, ასაფეთქებელი ნივთიერებები ობიექტზე დროთა განმავლობაში ეტაპობრივად შეჰქონდათ. აფეთქების ეპიცენტრად ცენტრიფუგის მესამე ნაწილი მოიაზრება, რომელიც უშუალოდ ურანით გამდიდრებული სათავსოს ქვემოთ მდებარეობდა.
"WND"-ს წარმომადგენლებმა ინფორმაციის გავრცელებამდე ამერიკის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს მიმართეს, თუმცა ამას შესაბამის რეაქცია არ მოჰყოლია.
აფეთქების ფაქტს ოფიციალურ წყაროები არ ადასტურებენ, თუმცა ცნობილია, რომ ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჯადმა ირანის დაზვერვის ხელმძღვანელი პირები და ბირთვული პროგრამის წარმომადგენლები საგანგებო სხდომაზე დაიბარა.
ცნობისთვის: მიმდინარე კვირას, მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის დასრულების შემდეგ ირანის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ურანის გამდიდრება ერთი წუთითაც არ შეწყდება.
ბირთვული რეაქტორის არსებობა დიდი ხნის განმავლობაში გასაიდუმლოებული იყო. ეს ურანით გამდიდრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ობიექტია ირანში.
ამჟამად ირანთან მიმართებაში სანქციების შესახებ უშიშრების საბჭოს ოთხი რეზოლუცია მოქმედებს, რომელიც ბირთვული, სარაკეტო და სამხედრო პროდუქციის ექსპორტს კრძალავს.