შსს პატრულის მიერ ქრთამის აღების ფაქტს უარყოფს და პრეზიდენტის განცხადებას პასუხობს
შსს-ს ინფორმაციით, პატრულის მიერ ქრთამის აღების არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საზოგადოების წარმომადგენლებს,
მთავრობის წევრებს, საპარლამენტო უმრავლესობას, უმცირესობას, ოპოზიციური
პარტიების წარმომადგენლებს, რომ თუ კი რაიმე მსგავსი ფაქტი იქნება
დაფიქსირებული, დაუყონებლივ აცნობონ შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ
ნომრებზე: 241 88 24, 241 88 81 და პირადად მინისტრს.
მინისტრის ბრძანებით, იანვრის ბოლოს ამოქმედდება ცხელი ხაზი და ყველა
მოქალაქეს შეეძლება, 24 საათის განმავლობაში, შეუფერხებლად მიაწოდოს
ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ნებისმიერი თანამშრომლის მიერ
ჩადენილი დანაშაულის შესახებ.
„მოვუწოდებთ ყველას, მათ შორის პრეზიდენტს,
თავი შეიკავონ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების რეპუტაციის
შემლახავი განცხადებების გაკეთებისგან, ვინაიდან კონკრეტული ფაქტების
მოყვანის გარეშე, ამგვარი განცხადებები ემსახურება პოლიციისა და, მთლიანად,
სამინისტროს მიზანმიმართულ დისკრედიტაციას. აქვე განვმარტავთ, რომ
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს არცერთი რაიონის პოლიციის
უფროსად არ დანიშნულა თანამშრომელი ზედმეტსახელად „ყულაბა"", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ პატრულის მხრიდან ქრთამის აღების პირველი ფაქტები დაფიქსირდა.