როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საპატრიარქოს რელიგიური ტურიზმის დეპარტამენტიდან ნანა ბუაძემ განუცხადა, მათ ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტროს მომლოცველთა 46-კაციანი სია გადაუგზავნეს, თუმცა ყველა მათგანზე უარი მიიღეს.
"გადაგზავნილი საბუთები არც გადაუმოწმებიათ. ჩვენთვის რეალური მიზეზი უცნობია. ეს პირველი შემთხვევაა, რომ საქართველოდან მომლოცველთა დიდი ჯგუფები დიდ დღესასწაულზე ისრაელში ვეღარ ჩავლენ. წმინდა მიწაზე სიწმინდეების მოლოცვის ტრადიცია ბოლო 10 წელია არსებობს და იყო შემთხვევევები, როდესაც საქართველოდან დიდ დღესასწაულზე ერთდოულად ისრაელში 1000-მდე მომლოცველიც ჩასულა. არ ვიცით, რა იქნება აღდგომისთვის", - განაცხადა ნანა ბუაძემ.
მისივე ინფორმაციით, პილიგრიმთა ჯგუფებზე უარი მიიღეს იმ ტურისტულმა კომპანიებმაც, რომლებსაც ისრაელში მომლოცველები მიყავდათ.
ბუაძემ ასევე აღნიშნა, რომ შობის დღესასწაულს საქართველოდან ისრაელში ის პიროვნებები შეხვდებიან, რომლებმაც ვიზები უშუალოდ საქართველოში არსებული ისრაელის საელჩოდან ინდივიდუალურად მიიღეს.