
- 2004 წლის გაზაფხულზე კახა ბენდუქიძე უკვე შემზადებული იყო იმისთვის, რომ ჩამოსულიყო საქართველოში და შეესრულებინა გე-ერ-უს (რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველო - თ.ბ.) მიზანმიმართული პოლიტიკა, რომელიც უკვე 2003 წლის შემოდგომაზე იყო შემუშავებული. საქმე ეხება ბენდუქიძის საქართველოში გამოგზავნას ეკონომიკური ოკუპაციის ანუ ე.წ. ინვესტიციებით მეზობელი ქვეყნის სტრატეგიული ობიექტების ხელში ჩაგდების მიზნით. გასაოცარია, რაოდენ ეფექტიანად და, მეორე მხრივ, თვალთმაქცურად მოახერხა სააკაშვილმა მტრის ხატის პერმანენტული რიტორიკის ფონზე რუსეთისთვის პრაქტიკულად მთელი ქართული ენერგოსისტემის გადაცემა, აგრეთვე, 2008 წლის საომარი მოვლენების პარალელურად, საზოგადოებისგან ფარულად "ენგურჰესის" გადაცემა, კოდორის ხეობის უბრძოლველად ჩაბარება და შემდგომი ეკონომიკური გარიგებები, ე.წ. დასაბუთებული ეჭვის საფუძველზე, რუსეთის სპეცსამსახურების მაღალჩინოსნების - თემურ ალასანიას, კახა ბენდუქიძისა და გრიგოლ ვაშაძის მეშვეობით. ბენდუქიძის ერთ-ერთი "მოსწავლის", ეკონომიკური ანალიზის რუსული ინსტიტუტის თანამშრომლის, ლარისა ბურაკოვას მიერ 2011 წელს გამოცემულ წიგნში ("რატომ გამოუვიდა საქართველოს") არის ასეთი პასაჟი: რუსეთის ფედერაციის მეწარმეთა კავშირის თავმჯდომარე 1992-2005 წლებში არკადი ვოლსკი ეუბნება ბენდუქიძეს: "საჭიროა საქართველოში წასვლა". ბენდუქიძე პასუხობს: "მე მაქვს სხვა გეგმები". ვოლსკი: "საჭიროა, გაიგე, როგორ ვიქნებით შენ გარეშე? მორჩა, მივდივართ... სააკაშვილმა მიგიწვია, პუტინი თანახმაა!" ამის შემდეგ სააკაშვილის გადაწყვეტილებით და პუტინის თანხმობით, ბენდუქიძე დაინიშნა ეკონომიკის მინისტრად, უგულებელყო ცნება "სტრატეგიული ობიექტები" და ნაბიჯ-ნაბიჯ გაასხვისა ყველა ის საწარმო, ქარხანა, ენერგოსადგური, საკომუნიკაციო სისტემა და შენობა, რომლებიც გადაურჩა 1990-იანი წლების პრივატიზაციას. ამასთანავე, 2005 წელს ბენდუქიძე სარფიანად ყიდის საკუთარ "ურალმაშ-იჟორას" აქციებს "გაზპრომის" არაფორმალურ შვილობილ კომპანიებზე. პირდაპირ ვერ გაყიდეს (ОАО "ОМЗ" (Группа Уралмаш-Ижора), რადგან მის წილების მფლობელი იყო ჩეხური შკოდა Skoda steel-ი და Skoda JS-იც. ამ ამბავს წინ უძღოდა ბენდუქიძის ძველი პარტნიორის, გე-ერ-უს პოლკოვნიკის, ვიტალი შლიკოვის გამოცდილება და კონტაქტები.


არანაკლებ მნიშვნელოვანია ბენდუქიძის ურთიერთობა რუსეთის გოსდუმის დეპუტატ ოთარ არშბასთან - კა-გე-ბეს მეხუთე განყოფილების თანამშრომელთან. ეს ის ბიზნესმენია, რომელმაც 2005 წელს ბენდუქიძის დახმარებითა და კომპანია "ევრაზია ჰოლდინგის" მეშვეობით მოახერხა "ჭიათურმანგანუმის", "ვარციხეჰესისა" და ბათუმის სავაჭრო ცენტრის შეძენა. არშბა არის პარტნიორი სსრკ-ს კა-გე-ბეს ყოფილი ხელმძღვანელის, ვადიმ ბაკატინისა, რომელიც "კაპიტალ ვოსტოკისა" და "ევორდის" უკან დგას.
კახა ბენდუქიძის საქართველოში ჩამოსვლის მიზანი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე გამავალი რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენის გასხვისებაც იყო, მაგრამ ამას დაუპირისპირდა აშშ-ის იმჟამინდელი სახელმწიფო მდივნის მოადგილის, მეთიუ ბრაიზას მეუღლე ზეინო ბარანი, რომელსაც ბენდუქიძემ ფულზე გაყიდული ექსპერტი უწოდა. პრაქტიკულად, ამ გაზსადენის გადარჩენა ამერიკის დამსახურებაა.
- რა გამოდის, კახა ბენდუქიძე რუსეთის ინტერესებს ემსახურება?
- ის პუტინისა და სააკაშვილის გენერალია. აგრეთვე არ უნდა დაგვავიწყდეს სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია და პოლკოვნიკი თუ კაპიტანი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძეც. მათ გარეშე რუსეთისთვის ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ობიექტების გადაცემა ვერ მოხერხდებოდა. ბენდუქიძემ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ბერკეტები რუსეთს გადასცა სააკაშვილთან შეთანხმებით.
P.S. დავით ფაცაციას ბრალდებებზე კომენტარისთვის რამდენჯერმე ვცადეთ ბატონ კახა ბენდუქიძესთან დაკავშირება. მას სოციალურ ქსელშიც კი მივწერეთ. თუმცა, ჩვენი მცდელობა ამაო აღმოჩნდა.
თამარ ბოჭორიშვილი