რა კავშირი აქვს სააკაშვილს ქვემო ქართლში მომხდარ ყაჩაღობასა და მკვლელობასთან
კოჰაბიტაციური საბოტაჟი _ დგანან თუ არა გახშირებული კრიმინალური ფაქტების უკან ,,ნაციონალები’‘
საახალწლოდ, ქვემო ქართლში ორი გახმაურებული მძიმე დანაშაული
მოხდა და ორივე შემთხვევაში, სამართალდამცავებმა ეჭვმიტანილები ცხელ კვალზე
დააკავეს. ამ ფონზე, არასათანადოდ ,,კოჰაბიტირებულმა’‘ სააკაშვილმა
პოლიციაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება მოითხოვა, თუმცა ახალი
მთავრობა ამ მოწოდებას ენთუზიაზმით არ შეხვდა... აღსანიშნავია, რომ
ექსპერტთა ნაწილი, სააკაშვილის ბოლოდროინდელ განცხადებებში, ერთგვარი
საბოტაჟის ნიშნებს ამჩნევს.
ყაჩაღობა ჯანდარაში
შს სამინისტროს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე გატარებული
ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გარდაბნის რაიონის სოფელ
ჯანდარაში მცხოვრები მამედოვების ოჯახზე განხორციელებული შეიარაღებული
თავდასხმის ხუთივე მონაწილე დააკავეს. შსს-ს მიერ გავრცელებულ
განცხადებაშია ნათქვამია, რომ 1989 წელს დაბადებული ირაკლი მ-ა (წარსულში
ნასამართლევი), 1987 წელს დაბადებული დავით ვ-ი, 1989 წელს დაბადებული
გიორგი ლ-ი (წარსულში ნასამართლევი), 1990 წელს დაბადებული იაგო ქ-ი
(წარსულში ნასამართლევი) და 1981 წელს დაბადებული ჯამბულ ა-ი, გამთენიისას,
დაახლოებით, 03:00 საათზე მამედოვების ოჯახში შეიჭრნენ და ფული და ოქრო
მოითხოვეს. სამინისტროს ცნობითვე, ცეცხლსასროლი და ცივი იარაღით
შეიარაღებულმა, ნიღბიანმა თავდამსხმელებმა ოჯახის ყველა წევრი წებოვანი
ლენტით შეკრეს და პირიც აუკრეს, ბაბექ მამედოვს კი, თითის მოჭრით
დაემუქრნენ. არსებული ინფორმაციით, ბოროტმოქმედებმა მამედოვების ოჯახიდან
16 ათას ლარამდე და დიდი რაოდენობით ოქროს სამკაული წაიღეს.
სამართალდამცავებმა ყაჩაღური დაჯგუფების ხუთივე წევრი, როგორც აღვნიშნეთ,
ყაჩაღობიდან რამდენიმე საათში დააკავეს. მომხდარზე გამოძიება საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის, მე-2 ნაწილის ,,ბ’‘ პუნქტითა
(6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს) და ამავე მუხლის,
მე-3 ნაწილის ,,ბ’‘ პუნქტითაა დაწყებული, რომლის თანახმადაც, დამნაშავეებს
8-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ოჯახის უფროსი ამბობს, თავდამსხმელებს
წინასწარ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ხარები გაყიდა და თანხას შინ ინახავდა.
ოჯახის წევრთა თქმით კი, როცა თავდამსხმელებმა სახლი დატოვეს, ბავშვმა
კართან მისვლა მოახერხა და საშველად, მეზობლებს უხმო. ბავშვის ყვირილი
თემურ მამედოვმა გაიგო, _ ცოტაც რომ დამეგვიანა, ოჯახის დიასახლისი
გაიგუდებოდა, რადგან მას მთელი სახე აკრული ჰქონდაო, _ ამბობს. პრეზიდენტი
სააკაშვილი გარდაბანში მცხოვრებ მამედოვებს ესტუმრა, ყაჩაღობის დეტალები
გამოჰკითხა, ფაქტით დაინტერესებას, ზარალის ანაზღაურებასა და რეგიონის
პირად კონტროლზე აყვანას დაჰპირდა. სააკაშვილმა პოლიციაში საყოველთაო
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობაზე სწორედ მამედოვების
ოჯახში ისაუბრა: ,,ახლა იყო ამნისტიის დრო?! ამ ყველაფრის ფონზე, რომელი
ქვეყანა ახორციელებს ფართომასშტაბიან ამნისტიას?! 1992-ში, ჯაბას ამნისტიით
გამოშვებული ხალხი ასე, შემოგვიცვივდა სახლში, ბაბუაჩემს ავტომატი
ჩაარტყეს, ბებიაჩემს ემუქრებოდნენ დაუთოებით... წაიღეს ფული, ოქროულობა და
ყველაფერი. ჩემთვის გასაგებია, რაც ხდება. ჩვენ უნდა დავეხმაროთ ამ ოჯახს,
რათა ამოიღონ ის, რაც დაკარგეს. პოლიციაში საგანგებო მდგომარეობა უნდა
გამოცხადდეს. საუბრობენ, ყველაფერს მოვუვლითო, ვერაფერსაც ვერ უვლიან.
რატომ ვერ მოუარეს, თუ მოვლა შეუძლიათ?! ახლა, ეს ბანდიტები გამოვლენ.
ბევრი მათგანი ციხეში შევიდა ,,ჟიგულებიან’‘ საქართველოში და გამოდის
,,მერსედესებიან’‘ საქართველოში, სადაც ხალხმა დააგროვა დოვლათი, სადაც
ეკონომიკა 4-ჯერ გაიზარდა. მარტო კი არ ქურდობენ, მოდიან და ადამიანს თითს
ჭრიან, აუთოებენ, თუმცა მთავარია, კლიმატის გავლენა _ როცა მოგვიწოდებენ,
გაგებით შევხვდეთ, საზოგადოება ვერ შეხვდება გაგებით იმას, რომ წლების
ნაგროვებს ნაძირალა, მუქთახორა ყაჩაღი წაართმევს და წაიღებს. ვერ შეხვდები
გაგებით იმას, რომ შვილს დაგისახიჩრებენ და მოგიკლავენ. პოლიციას
ტელევიზორში ყელყელაობა კი არ სჭირდება, ყოველ კუთხეში უნდა იყოს პატრული.
საყოველთაო საგანგებო მდგომარეობა უნდა გამოცხადდეს მთელ საქართველოში ამ
კუთხით, რადგან რამდენიმე ათასი საშიში დამნაშავე გადის გარეთ’‘. ქვემო
ქართლის გუბერნატორ დავით კირკიტაძის განცხადებით, რეგიონში, ბოლო თვეების
განმავლობაში, ყაჩაღობის 13 შემთხვევა დაფიქსირდა: ,,2003-2012 წლებში
რეგიონში სულ, 9 ყაჩაღობა დაფიქსირდა და ისიც _ პირველ წლებში. ბოლო ოთხი
წლის განმავლობაში, ყაჩაღობა საერთოდ, არ მომხდარა. ბოლო ოთხ თვეში კი, ეს
უკვე მე-13 ყაჩაღობაა. ყოველ ყაჩაღობას თან ახლდა სასტიკი მოპყრობა ჩვენი
მოქალაქეების მიმართ. ამასთან, ბოლო ორი თვის განმავლობაში, დაფიქსირდა 96
მძიმე კრიმინალური შემთხვევა, მათ შორის, _ მაღაზიების ძარცვა’‘. შს
სამინისტრომ, პრეზიდენტისა და მისი რწმუნებულის ამ განცხადებებს
ოპერატიულად უპასუხა: ,,პირველ რიგში, გვსურს აღვნიშნოთ, რომ ჯანდარაში
მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი რამდენიმე საათში გაიხსნა და ყაჩაღობაში
ეჭვმიტანილი ხუთივე პირი პოლიციამ ოპერატიულად დააკავა. მძარცველების მიერ
მიტაცებული ფულადი თანხა და ოქროს ნივთები ოჯახს უახლოესს დღეებში
დაუბრუნდება. ამას გარდა, გვინდა, ხაზი გავუსვათ იმ გარემოებას, რომ
ნოემბერ-დეკემბერში, რეგიონში რეგისტრირებული ყაჩაღობის 10 ფაქტიდან, 6
გახსნილია. ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველოს მიერ, ასევე, გახსნილია
სექტემბრისა და ოქტომბრის თვეებში მომხდარი დანაშაულებიც. რაც შეეხება
გასული წლების სტატისტიკას, 2003-2012 წლების განმავლობაში, ქვემო ქართლის
რეგიონში ყაჩაღობის 471 ფაქტი იყო დაფიქსირებული. აქედან გახსნილი
საქმეების რაოდენობა 251-ს შეადგენს. შს სამინისტროს ახალი
ხელმძღვანელობის მიერ დაგეგმილი და სამინისტროს ოპერატიული დანაყოფების
მიერ ჩატარებული კომპლექსური, პროფილაქტიკური ღონისძიებების შედეგად,
მიმდინარე წლის დეკემბერში შეინიშნებოდა კრიმინოგენული ვითარების
სტაბილიზება და დანაშაულებრივი ფაქტების მკვეთრი შემცირება არა მხოლოდ
ქვემო ქართლის რეგიონში, არამედ, მთელი ქვეყნის მასშტაბით. აქვე უნდა
აღინიშნოს ის გარემოება, რომ ბოლო თვის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც
შსს-ს ყველა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე შესაბამისი კადრები დაინიშნა,
გაზრდილია დანაშაულის გახსნის ოპერატიულობის დონეც’‘.
მკვლელობა ალგეთში
ამ ,,კითხვა-პასუხიდან’‘ რამდენიმე დღეში, მარნეულის რაიონის სოფელ
ალგეთში ცოლ-ქმარი, რამიზ და ჯავაჰირ დოვრუშოვები, ცეცხლსასროლი იარაღით
მოკლეს. რამიზ დოვრუშოვს გულმკერდის არეში ოთხი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი.
ჯავაჰირ დოვრუშოვას კი, სამი ტყვია თავში ესროლეს. დაჭრილია მათი ვაჟი,
ვალი დოვრუშოვი. როგორც მეზობლები აცხადებენ, რამიზ დოვრუშოვი მოკლულია
ქუჩაში, მისი მეუღლე კი _ სახლში. რაც შეეხება ვაჟს, იგი ეზოში, საქონლის
სადგომთან იმყოფებოდა. თავდამსხმელმა სადგომში ხელყუმბარა შეაგდო და ვალი
დოვრუშოვი გულმკერდის არეში მოხვედრილი ნამსხვრევებით დაიჭრა. გადაუდებელი
ოპერაცია ჩაუტარდა და ამჟამად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
დოვრუშოვების მეზობლების განცხადებით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი მათივე
მეზობელი იყო, თუმცა ისინი არც დამნაშავის ვინაობას ასახელებდნენ და
დანაშაულის მოტივზეც უჭირდათ საუბარიც. შსს ქვემო ქართლის სამხარეო
მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო
ღონისძიებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, მარნეულის რაიონის
სოფ. ალგეთის მცხოვრები, 1978 წელს დაბადებული რამიკ ა. თბილისში, იმ დროს
დააკავეს, როცა დოვრუშოვების ოჯახის გადარჩენილი წევრის მოსაკლავად,
,,ვალტერის’‘ პისტოლეტითა და ხელყუმბარებით შეიარაღებული, მარნეულის
საავადმყოფოში მიდიოდა. რამიკ ა-ს განმარტებით, კონფლიქტი ოჯახებს შორის
ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოიქმნა. საქმე საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 109-ე მუხლის (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში),
მესამე ნაწილის ,,ა’‘ ქვეპუნქტით აღიძრა, რაც 16-დან 20 წლამდე, ან უვადო
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
,,დანაშაულის მომატებას ხელს პრეზიდენტი უწყობს!’‘
ქვემო ქართლში მომხდარ მძიმე კრიმინალურ შემთხვევებსა და პრეზიდენტის
ზემოხსენებულ განცხადებებზე, ,,ვერსიამ’‘ კომენტარი ,,უფლებადამცველთა
გაერთიანების’‘ ლიდერს, იურისტ ნიკოლოზ მჟავანაძეს სთხოვა: ,,რასაც
პრეზიდენტი და რუსთავის ადმინისტრაცია, რწმუნებული და გამგეობები
ახორციელებენ, ჩემი აზრით, საბოტაჟია. ამბობენ, ხალხო, ადამიანებს ციხიდან
გაუშვებენ, დანაშაულს ჩაიდენენ და მერე, ჩვენ რა ვქნათო. არაა გამორიცხული,
ადამიანებს დანაშაულის ჩასადენად აქეზებდნენ კიდეც, რათა ამის გაპიარება
მოხდეს. დანაშაული, შეიძლება, პატიმრობიდან გათავისუფლებულმა პირმაც
ჩაიდინოს და მანაც, ვინც აქამდე გარეთ იყო. საერთოდ, დანაშაული ყოველთვის
იარსებებს, ამას ვერსად გავექცევით. ისიც ფაქტია, რომ ამნისტიით
გათავისუფლებული ყველა პატიმარი საქმიანობას ,,სუფთა ფურცლით’‘ არ
დაიწყებს, მაგრამ ის, რასაც ახლა სააკაშვილი აკეთებს, დანაშაულია. ამიტომ,
საზოგადოებისა და ხელისუფლების მიდგომა ადეკვატური უნდა იყოს. დღეს ბევრი
საუბრობს, რომ ყოფილი ხელისუფლების მხოლოდ მაღალი რანგის ჩინოვნიკები
დაისაჯონ, დაბალი რგოლის მოხელეებზე კი, ამნისტია გავრცელდეს, მაგრამ ეს
აბსურდია, რადგან ყველა დამნაშავემ სათანადოდ უნდა აგოს პასუხი. დანაშაულის
მომატებას ხელს პრეზიდენტი უწყობს. ახალი ხელისუფლებისთვის მანდატი არავის
მიუცია, რომ ვიღაც დასაჯოს და ვიღაც _ არა. არ ვამბობ, რომ ყველა ციხეში
უნდა გავუშვათ, მაგრამ მძიმე დანაშაულის ჩამდენი სისხლის სამართლის
პასუხისგებაში უნდა მიეცეს... რაც შეეხება საგანგებო მდგომარეობის
გამოცხადებას, ამის აუცილებლობა არ არსებობს. სააკაშვილს სურს, ასეთი
სურათი დახატოს, აი, ჩემ დროს ყველაფერი აწყობილი იყო, წავედი და ყველაფერი
დაინგრა, ხომ ხედავთ, ქურდობა ქურდობაზე და ყაჩაღობა ყაჩაღობაზე ხდებაო.
ამ დროს, მსგავსი სურათი ნამდვილად არაა. ისე, პოლიცია და პროკურატურა
ადეკვატური რომ იყოს, აქცენტი ძველ კადრებზე ანუ იმ ხალხზე არ უნდა
გაკეთდეს, ვინც დანაშაულის ჩადენაშია შემჩნეული. არ შეიძლება, კირკიტაძის
თანაშემწეებს პროკურატურაში მაღალი პოზიციები ეკავოთ _ მათ სააკაშვილის
რეჟიმის განმტკიცებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. ასევე, დაუშვებელია,
სააკაშვილის დროს მოქმედმა პროკურორებმა რაიონის პროკურორების ადგილები
დაიკავონ. ასეთი პოლიტიკა ჩემთვის მიუღებელია. მართალია, რაღაც დოზით
ცვლილებები განხორციელდა, მაგრამ, ძირითადად, ისევ ძველი კადრები მუშაობენ
და არაა გამორიცხული, ამ ხალხმა მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ საბოტაჟი
მოაწყოს. თავს ნუ მოვიტყუებთ _ სააკაშვილს დასაყრდენი კიდევ ჰყავს და ის
უნდა გამოვაცალოთ’‘.
P.S. დანაშაულს ეროვნება, პოლიტიკური ორიენტაცია და სხვა,
მსგავსი ნიშნები ნაკლებად ახასიათებს. მისი შესაძლო მატება წალეკავს
ყველასა და ყველაფერს. ამიტომ, დანაშაულებრივი ფაქტების პოლიტიკური
მიზნებით გამოყენება კარგს არავის მოუტანს. საპარლამენტო უმცირესობის
ერთ-ერთი პიარწარმომადგენელი აცხადებს, ფართომასშტაბიანი ამნისტია
დანაშაულს გაზრდის და ამით კოალიცია ,,ქართული ოცნების’‘ რეიტინგს
გაანადგურებსო. ჩასაფრებული პოზიცია სახეზეა და ახალ ხელისუფლებას
გაასმაგებული სიფხიზლით მოუწევს მუშაობა, რათა ქვეყნის სტაბილურობა
პოლიტიკურ ორთაბრძოლებს არ გადაჰყვეს.
მერაბ ბერიძე
http://versia.ge
|