საქართველოს შს სამინისტრო სოფელ ლაფანყურის ტყიდან 26 აგვისტოს „გატაცებულ" ხუთ ახალგაზრდას, რომელთა გათავისუფლებასაც ლოპოტას ხეობაში სპეცოპერაცია მოჰყვა, ჟურნალისტებთან ურთიერთობას უკრძალავს. დაზუსტებული ინფორმაციით, ხუთივე ახალგაზრდას შს კახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში ხელწერილი ჩამოართვეს, პირობის დარღვევის შემთხვევაში კი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით დაემუქრნენ. ამ ინფორმაციას შს კახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში უარყოფენ, თუმცა ახალგაზრდებს რომ ხელწერილი ჩამოართვეს, „ყოფილი მძევლების" ოჯახის წევრებიც ადასტურებენ. სოფელ ლაფანყურის ტყიდან, რომელიც დაღესტანს ესაზღვრება, 5 ახალგაზრდის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია 27 აგვისტოს, დილით ტელეკომპანიებმა „რუსთავი 2"–მა და „იმედმა" გაავრცელეს. მათი ცნობით, მოსახლეობა და პოლიცია 25 წლამდე მამაკაცებს, ლერი ხუცურაულს, ლევან გარაშვილს, ბესიკ მიჯახკაშვილს, ტატო აღულიშვილს და თამაზ გამიერაშვილს მესამე დღეა ეძებდა. ახლობლები ვარაუდობდნენ, რომ შესაძლოა ახალგაზრდები ლეკებმა გაიტაცეს. ინფორმაციის გავრცელებიდან რამდენიმე საათში თელავის გამგებელმა ნუგზარ ხუცაიძემ კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, რომ ახალგაზრდები იპოვეს და უვნებლები არიან. საღამოს, შსს–მ გაავრცელა განცხადება, რომ საზღვართან, საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილია შეიარაღებული ჯგუფი, რომლის დევნის მიზნითაც სპეცოპერაცია დაიწყო. ლოპოტას ხეობა მთლიანად შსს–ს ქვედანაყოფებს ჰქონდათ ბლოკირებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დევნის ოპერაციის განხორციელების დროს სპეცდანიშნულების რაზმის 2 თანამშრომელი და 1 სამხედრო ექიმი დაიღუპა, 5 სპეცრაზმელი დაიჭრა. შსს-ს მონაცემებით, რაც შეეხება დივერსანტთა ჯგუფს, შეიარაღებული დაჯგუფების 11 წევრია ლიკვიდირებული, ალყაშია მოქცეული 6 დივერსანტი. რა ბედი ეწიათ ალყაში მოქცეულ დივერსანტებს, შსს ამაზე ინფორმაცია არ ავრცელებს. შსს სამი დღის განმავლობაში აცხადებდა, რომ ლიკვიდირებულ „დივერსანტებს" შორის საქართველოს არცერთი მოქალაქე არ იყო, თუმცა 3 სექტემბერს შსს–მ დაადასტურა მედიით გავრცელებული ინფორმაცია და აღიარა, რომ ლიკვიდირებულთა შორის საქართველოს 2 და რუსეთის ფედერაციის 5 მოქალაქე ამოცნობილია. ლიკვიდირებულთა შორის არიან პანკისის ხეობაში მცხოვრები ეთნიკური ქისტი ახალგაზრდები და ჩეჩნეთიდან ლტოლვილები. „მძევლობიდან" გათავისუფლებული 5 ახალგაზრდა პოლიციამ სახლებში „გათავისუფლებიდან" სამი დღის შემდეგ დააბრუნა. არაერთი მცდელობის მიუხედავად, ისინი ჟურნალისტებს არ ხვდებიან და კომენტარს არ აკეთებენ. სოფლის ცენტრში „ყოფილი მძევლები" ლაფანყურში პრეზიდენტს სააკაშვილის ჩასვლის დროს გამოჩნდნენ. ადგილობრივებთან პრეზიდენტის შეხვედრა დახურული იყო. „ყოფილი მძევლების" ოჯახის წევრებმა და მეზობლებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, რომ გამტაცებლებს მათი შვილები კარგ პირობებში ჰყავდათ, აჭმევდნენ, ფულიც აჩუქეს და ფეხსაცმელებიც.
|