ოთხშაბათი, 18.06.2025, 21:15
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2012 » სექტემბერი » 8 » პატარკაციშვილის თრასთის მმართველმა სარჩელი ჩხარტიშვილის წინააღმდეგ გენერალურ პროკურატურაში შეიტანა
05:45
პატარკაციშვილის თრასთის მმართველმა სარჩელი ჩხარტიშვილის წინააღმდეგ გენერალურ პროკურატურაში შეიტანა

",კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ და ღიად ვაცხადებ, რომ საქართველოში ბევრ ადამიანს ვეხმარები, ქველმოქმედებასაც ვეწევი  და მზად ვარ დავეხმარო პოლიტიკურად რეპრესირებულ და დაჩაგრულ ადამიანებსაც," - ივანე ჩხარტიშვილის ეს სიტყვები დაახლოებით ერთი თვის წინ გავრცელდა მასმედიის საშუალებებით. არსებული ინფორმაციით, მას დახმარება არ გაუღია აღნიშნული ადამიანებისთვის. (ყოველი შემთხვევისათვის, ამის შესახებ საჯაროდ არაფერი თქმულა). რბილად რომ ვთქვათ, ჩხარტიშვილმა კიდევ ერთხელ იცრუა! მან ამჯერადაც ვერ მოახერხა ცოტათი მაინც გამოესყიდა  დანაშაული და ნაწილობრივ მაინც გადაეხადა ვალი იმ საზოგადოებისთვის, რომლისგანაც  წართმეული ანაბრებითაც მილიონები იშოვა. თუმცა,  საკუთარი ნებით თუ არა, ვანო ჩხარტიშვილს ალბათ მაინც მოუწევს პასუხისგება. ამას იმ დოკუმენტების არსებობა განაპირობებს, რომელთა საფუძველზეც მისი ყოფილი მეგობრისა და პარტნიორის ბადრი პატარკაციშვილის თრასთის მმართველმა ივ ბაუმანმა 2012 წლის 20 ივნისს გენერალურ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა.  მოვიპოვეთ დოკუმენტები, რომელთა საფუძველზეც ირკვევა, თუ რა გზებით დაეპატრონა (პატარკაციშვილის სიკვდილიდან 2 თვის განმავლობაში) ვანო ჩხარტიშვილი გარდაცვლილი მეგობრის ბიზნესწილებს და კონკრეტულად, რა პრეტენზიები აქვს პატარკაციშვილის ოჯახს მის ყოფილ პარტნიორთან.  ფართო საზოგადოება ამ დოკუმენტებს დეტალურად დღეს პირველად გაეცნობა. 

პატარკაციშვილების ოჯახი ჩხარტიშვილს რამდენიმე აქტივზე ედავება.  კერძოდ:  2007 წელს ბადრი პატარკაციშვილის სახელთან დაკავშირებულმა  კომპანიამ „კოპელა ვინჩერს ლიმითედ"-მა, ავთანდილ წერეთლისგან  თამბაქოს ქარხანა (100% პროცენტიანი წილით)  8 მილიონ 762 000 ათას დოლარად იყიდა. ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში, (2008 წლის 6 მარტს) „კოპელას" წილი სულ რაღაც 107 ათას 170 ლარად  გადაიფორმა კომპანია „ სონატა ალიანს ჯორჯიამ"  (ჩხარტიშვილთან ასოცირებული კომპანია) ხოლო 2008 წლის 3 ივნისს, იმავე ოდენობის თანხად, ეს წილი სრულად დაუთმო შპს „სმარტ გრუპს", რომლის დამფუძნებლებიც იმ დროისთვის ვანო ჩხარტიშვილის შვილები იყვნენ – ნათია ჩხარტიშვილი-51% პროცენტის, მიხეილ ჩხარტიშვილი კი 49 % - ის მფლობელი. აღსანიშნავია, რომ „სონატა ალიანს ჯორჯიამ" პატარკაციშვილის კომპანიის წილი ისე გადაიფორმა, რომ თანხაც არ გადაუხდია... თავის დროზე, ბადრი პატარკაციშვილმა ჩხარტიშვილის რეკომენდაციით, მისი ადვოკატი გიორგი ქავთარაძე აღჭურვა დოკუმენტებზე ხელმოწერის, წილის გაყიდვის უფლებით და ა.შ. ანუ ამ უკანასკნელის გარეშე „კოპელა ვინჩერს ლიმიტედის" აქტივები ვერ გაიყიდებოდა. სწორედ  გიორგი ქავთარაძის სახელზე გაფორმდა მინდობილობა, რომლის საფუძველზეც მოახერხა ვანო ჩხარტიშვილმა, ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებისთანავე, მისი წილების მითვისება. არსებობს გიორგი ქავთარაძის ოფიციალური ჩვენება, სადაც ის აღიარებს, რომ ყველაფერს  ვანო ჩხარტიშვილის მითითებით აკეთებდა...      

ბადრი პატარკაციშვილის სიკვდილიდან ერთ თვეში, (2008  წლის 10 მარტს) ასევე გიორგი ქავთარაძის მინდობილის საფუძველზე გადაფორმდა „კოპელას" 66% /66% იანი წილები „სონატა ალიანს ჯორჯიაზე"  ( კომპანიები შპს „პრომეტკო" და შპს „ჯესკო," რომლებიც ფლობდნენ ნავმისადგომებს ფოთში) ანუ  1%  პროცენტი 100 ლარად, თუმცა, არც ეს თანხა მიუღია კომპანია „კოპელას."      პატარკაციშვილის ოჯახი მოითხოვს  ლილოს ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთის დაბრუნებასაც, რომელიც ასევე  (2008 წლის 6 მარტს) გიორგი ქავთარაძის მინდობილობის საფუძველზე, გადაიფორმა „სონატა ალიანს ჯორჯიამ." არც ამ შემთხვევაში მიუღია კომპანიას ის მიზერული თანხა რომელიც მითითებული იყო ხელშეკრულებაში.       კიდევ ერთი ობიექტი: კოპელას საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი კოლმეურნეობის მოედანზე - 2008 წლის 5 მარტს ისევ გიორგი ქავთარაძის მიერ გადაფორმდა კომპანია „მენეჯმენტ კონსტანტინ ლიმიტედზე," შემდეგ კი მალევე, იგივე ნაკვეთი გადაიფორმა შპს „სმარტ ჯგუფმა" -  კომპანიამ, რომლის დამფუძნებლებიც ვანო ჩხარტიშვილის შვილები არიან.      ასევე იქნა გადაფორმებული (2008 წლის 5 მარტი) პატარკაციშვილის მფლობელობაში მყოფი კომპანია „ბლუტროპიკ ლიმიტედიც", რომლის საკუთრებაშიც იყო სააქციო საზოგადოება ფოთის წისქვილ ქარხნის აქციების 92.85 % . აღსანიშნავია, რომ არც კუთვნილი 2 692 022  ლარი უნახავთ თვალით პატარკაციშვილების ოჯახს.   

პატარკაციშვილების ოჯახი ედავება ჩხარტიშვილს თავის წილს კომპანია „ლაკარპაშიც"  („ლაკარპას" საკუთრებაში იყო „ვითიბი ბანკის" 7.51%  -ის აქციები, ასევე „ენერჯი ინვესტის" 34% პროცენტიანი წილი) რომელიც 7 მილიონ  840 000 ათას დოლარად გიორგი ქავთარაძის მონაწილეობით გადაიფორმა კომპანია „კოლჩესტერმა." ამ შემთხვევში კომპანიამ რეალურად მიიღო თანხა. მაგრამ ეს თანხა  გიორგი ქავთარაძემ ითხოვა ინვესტიციის განხორციელების მიზნით და კომპანიამაც, როგორც „ლაკარპას" ნდობით არჭურვილ პირს,  მოკლე ვადიანი სესხით გადასცა. აღსანიშნავია, რომ მალევე ეს თანხა ნათია ჩხარტიშვილს გადაერიცხა. დოკუმენტს კი საფუძვლად ფინანსური დახმარება დაედო.     აქვე შეგახსენებთ, რომ ბადრი პატარკაციშვილის მეუღლე ინა გუდავაძე აგრძელებს დავას სამოქალაქო სასამართლოში ივანე ჩხარტიშვილის წინააღმდეგ ყულევის ნავთობტერმინალთან დაკავშირებით. როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი, თავის დროზე ტერმინალის მშენებლობას ბადრი პატარკაციშვილი აფინანსებდა. იგი ყულევის ტერმინალს ისეთი ორგანიზაციული სტრუქტურის მეშვეობით ფლობდა, როგორიც იყო კვირპოსში რეგისტრირებული „კროლ ჰოლდინგ ლიმიტედი." 2006 წლის 29 დეკემბერს „კროლ ჰოლდინგ ლიმიტედმა" ტერმინალი ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებულ „კარლინას" მიჰყიდა და პატარკაციშვილმა აქციათა 24,5 % (49 აქცია) ივანე ჩხარტიშვილს გადასცა. გახსოვთ, ალბათ, პატარკაციშვილმა ხელისუფლება შევიწროებაში დაადანაშაულა და მალევე ნავთობტერმინალის გასხვისება გადაწყვიტა. ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ ვანო ჩხარტიშვილმა  პატარკაციშვილის წილების არსებობა უარყო და ამბობს, რომ აღნიშნული 24.5 %  თავისი საკუთრებაა.  ვანო ჩხარტიშვილის კიდევ ერთი ტყუილი:  2012 წლის 29 ივნისს ჩხარტიშვილმა პატარკაციშვილის ქვრივთან სასამართლოს მოგების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, თუმცა, რა ქონებრივი დავა წააგო მასთან ინა გუდავაძემ არ დააკონკრეტა. სინამდვილეში,  საქმის არსებით განხილვამდე პატარკაციშვილების ოჯახმა აქციების დაყადაღება მოსთხოვა სასამართლოს იმ მოტივით, რომ გასხვისების, ე.ი. ხელმეორედ გაყიდვის საფრთხე არ დამუქრებოდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ მოთხოვნა დააკმაყოფილა. ეს გადაწყვეტილება სცნო ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე არსებულმა სასამართლომაც, თუმცა ზემდგომმა ინსტანციამ გადაწყვეტილება გააუქმა და ჩხარტიშვილის აქციებზე დადებული ყადაღა მოხსნა, რის შემდეგაც ჩხარტიშვილმა განაცხადა, თითქოს ინა გუდავაძეს სასამართლო პროცესი მოუგო.     

 ალბათ, ამ  წერილის გაცნობის შემდეგ ვანო ჩხარტიშვილი  კიდევ ერთხელ შეეცდება თავისი რეპუტაციის დაცვას მეგობრის ოჯახისა და ქვეყნის წინაშე. როგორც თავად ბრძანა, „დაე, მიუკერძოებელმა საერთაშორისო და არაქართულმა სასამართლომ გადაწყვიტოს, ვინ არის მართალი." თუმცა, აქვე შევახსნებ შვიდი წლის შემდეგ, ლონდონიდან ტელეკომპანია „მზის" ბედით დაინტერესებულ ბიზნესმენს, წინ, ალბათ, კიდევ ბევრი სასამართლო ელის, მათ შორის, იმ მოქალაქეებისაც, რომელთა ანაბრებითაც მილიონერის სტატუსი მოიპოვა.  

 

  თეკლა ბოლოთაშვილი

ნანახია: 906 | დაამატა: ეფემია
სულ კომენტარები: 1
0  
1 არალე   (08.09.2012 10:09) [Материал]
ჩხარტიშვილი არის ჩვეულებრივი ბანდიტი, მისთვისი სასარგებლო დროს აღმოჩნდა 90 იანებში იქ, სადაც დიდი ფულის მოტეხვა შეიძლებოდა და მოტეხა კიდეც.
ახლა დგას და კაი კაცს თამაშობს, მაგისი სიმდიდრე ხალზე წართმეულ ანაბრებზეა აშენებული და იმედია, ოდესმე პასუხს აგებს ამისთვის.

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  სექტემბერი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025