მთავარი » 2012»სექტემბერი»14 » მიხეილ სააკაშვილი - უახლოეს წლებში უმუშევრობა ნამდვილად მოისპობა
10:30
მიხეილ სააკაშვილი - უახლოეს წლებში უმუშევრობა ნამდვილად მოისპობა
წყალტუბოს რეაბილიტაცია არის ერთ-ერთი ყველაზე
ამბიციური გეგმა, რომელიც მქონდა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა,
მიხეილ სააკაშვილმა ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე
სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, დღეს იწყება წყალტუბოს
დიდი რეაბილიტაციის პროექტი. "ამით ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ განვდევნით
წყალტუბოდან უპერსპექტივობას, უმუშევრობას, გაჭირვებას. ჩვენ დავუბრუნებთ
აქაურობას მომავალს", - აღნიშნა სააკაშვილმა. როგორც პრეზიდენტმა
აღნიშნა, წყალტუბო იყო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კურორტი პოსტსაბჭოთა
სივრცეში. "შემდეგ მოხდა აფახაზეთის ომი, ყველაფერი გაჩერდა, აქ
ჩამოიყვანეს გაუბედურებული დევნილები, ყველა სანატორიუმი დაიხურა. ბევრი
საყოფაცხოვრებო პრობლემა დაგროვდა და ხალხი დღესაც წარმოუდგენელ
გაჭირვებაშია", - აღნიშნა სააკაშვილმა. პრეზიდენტმა ისაუბრა საქართველოს
მასშტაბით განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტზებზე, მათ შორის
კურორტების რეაბილიტაციაზე. "ამ ყველაფრის ცენტრი კი არის წყალტუბო,
იმიტომ, რომ ყველაზე დიდი პოტენციალი ტურისტული, გამაჯანსაღებელი, ხალხის
შრომითი რესურსის თვალსაზრისით, არის წყალტუბოში. ყველა კურორტის შემკვრელი
ცენტრალური ადგილი არის წყალტუბო", - განაცხადა სააკაშვილმა. მანვე
პირობა დადო, რომ წყალტუბოში ყველა პარკი გაკეთდება, გაკეთდება ახალი
აბანოები, ახალი აუზები და ამით 1 წლის განმავლობაში რამდენიმე ათასი
სამუშაო ადგილი გაჩნდება. პრეზიდენტის თქმით, წყალტუბოს ექნება 24 საათიანი
წყალმომარაგება, ყველა ოჯახში იქნება ბუნებრივი აირი. "აქ უკვე
კეთდება რამდენიმე 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო და ეს არის მხოლოდ დასაწყისის
დასაწყისი. გაკეთდება ტექნიკური გადამზადების ცენტრიც", - განაცხადა
სააკაშვილმა. მისივე თქმით, ის არ აპირებს პოპულისტური ტყუილების თქმას,
რომ 1 ან 5 თვეში წყალტუბოელები გამდიდრდებიან ან 1 წელში უმუშევრობა აღარ
იქნება. თუმცა, აღნიშნა, რომ უახლოეს წლებში უმუშევრობა ნამდვილად მოისპობა
და მკვეთრად გაიზრდება თითოეული ოჯახის შემოსავალი.