
დეკანოზი ტარიელ სიკინჭილაშვილი არ მალავს, რომ ის "ქართული ოცნების" მხარდამჭერია. მოძღვარმა თავისი პოზიციის შესახებ რამდენიმე კვირის წინ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუშიც განაცხადა. ახლახან კი ჩვენთვის ცნობილი შეიქნა, რომ მამა ტარიელი პოლიტიკური თვალსაზრისის გამო ტელეფონით მუქარის გზავნილებს იღებს. უფრო მეტიც, ცოტა ხნის წინ ე.წ. ზონდერები დახვდნენ და დაემუქრნენ. გვესაუბრება მამა ტარიელი:
- რამდენიმე კვირის წინ საგურამოში მივდიოდი (მამა ტარიელი საგურამოს ილია მართლის ეკლესიის წინამძღვარია -თ.ბ), დაახლოებით ღამის 12 საათი იქნებოდა. საგურამოს შესახვევთან ავტომობილის მძღოლმა მანიშნა, - გააჩერეო. მეც შევჩერდი. ავტომობილიდან, რომელსაც ტრანზიტული ნომრები და დაბურული მინები ჰქონდა, ორი შეიარაღებული პირი გადმოვიდა. როგორც ჩანს, დავალებული ჰქონდათ, დამხვედროდნენ. ეს ადამიანები ისე დამემუქრნენ და ისეთი სიტყვებით მომმართეს, სჯობდა, ტყვია დაეხალათ შუბლში, რადგან საშინელებაა, როდესაც ხედავ, ადამიანი ასეთ ნაბიჯს რომ დგამს... თუმცა ღმერთს ვევედრები, რომ ეს გზასაცდენილი ადამიანები, ვისი მხარდამჭერებიც უნდა იყვნენ, გონს მოიყვანოს.
http://geo.ambebi.ge