საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთთან, ლოპოტას ხეობაში სპეცოპერაცია გრძელდება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შს სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა სალომე მახარაძემ განუცხადა. "როგორც იცით, სპეცოპერაციის პირველი სტადია დამთავრებულია, თუმცა ის ჯერ კიდევ გრძელდება. იქ იმყოფებიან ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები, თუმცა დეტალებს ამ ეტაპზე ვერ გეტყვით", - აღნიშნა სალომე მახარაძემ. ლოპოტას ხეობაში ანტიტერორისტული ოპერაცია 28 აგვისტოს დაიწყო. ოპერაციის შედეგად შსს-ს ორი თანამშრომელი და ერთი სამხედრო ექიმი დაიღუპა. ბოლო ინფორმაციით, ლიკვიდირებულია 11 დივერსანტი, რამდენიმე დაჭრილი კი, შსს-ის ვარაუდით, ტყეში იმყოფება.
"ლაფანყურის მოვლენებზე პირდაპირ შეფასებას გავაკეთებ: საქმე გვაქვს პროვოკაციასთან, რომლის ავტორია საქართველოს ხელისუფლება"
"პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ერთი თვის წინ რაზეც თქვენ გესაუბრეთ, ეს არ იყო არც წინასწარმეტყველება და არც ვარაუდი მოვლენათა შესაძლო განვითარებაზე. ჩვენ გვქონდა ოპერატიული ინფორმაცია, რომ იგეგმებოდა მსგავსი ხასიათის პროვოკაცია და სწორედ ეს ინფორმაცია გავახმიანეთ თქვენი გაზეთის საშუალებით. ყველაფერი ვითარდება იმ სცენარით, როგორც საქართველოს ხელისუდფლებას სურს. ლაფანყურის მოვლენებზე პირდაპირ შეფასებას გავაკეთებ: საქმე გვაქვს პროვოკაციასთან, რასაც თავის სასარგებლოდ იყენებს ხელისუფლება, მეტიც - თვითონ არის ამ პროვოკაციის ავტორი", - აცხადებს წინააღმდეგობის მოძრაობა "იბერიას" მეთაური ვაჟა წიკლაური გაზეთ "ვერსიისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ტერაქტების მოლოდინში, პრეზიდენტს შეუძლია გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა!"
"საქართველოში 10-15 წლის წინ რუსლან გელაევის ბოევიკები თუ სხვა ჩეჩენი და ლეკი მებრძოლები რომ გადმოდიოდნენ, შეგიძლიათ გაიხსენოთ თუნდაც ერთი ფაქტი, როცა გადმოსულები უპატივცემულოდ მოქცნენ ადგილობრივ მცხოვრებლებს ან ტყეში შემთხვევით შეხვედრილ მწყემსებს? ასეთ ფაქტს ვერ გაიხსენებთ. ჩვენს ტერიტორიაზე გადმოსული ბოევიკები გამოირჩეოდნენ ზედმიწევნით აკურატულობითა და თავაზიანობით ადგილობრივების მიმართ თიანეთშიც, კახეთშიცა და პანკისის ხეობაშიც. რა შეიცვალა დღეს? ეს არის საინტერესო კითხვა და სწორედ აქ არის დამარხული ძაღლის თავი. ამჟამად დაღესტნის საზღვართან მიმდინარეობს სერიოზული ბრძოლა რუსეთის ფედერალებსა და ლეკ ბოევიკებს შორის. ჩვენს ტყეებში მყოფი ლეკები ამ გარემოების გამო ვერ ახერხებდნენ დერეფნის ნახვას და დაღესტნის ტერიტორიაზე გადასვლას. ერთი შეხედვით, აქ საგანგაშო არაფერი იყო, ასე ხდებოდა სულ - ჩვენი ტყეები ჩეჩნებსა და ლეკებს სულის მოსათქმელად სჭირდებოდათ და ყოველთვის ისევ უჩუმრად ბრუნდებოდნენ უკან, როგორც გადმოდიოდნენ, მაგრამ ამჯერად ლეკები თავისდაუნებურად აღმოჩნდნენ ნაცმოძრაობის მოერ წამოწყებულ თამაშში - მათ ვერ "გათვალეს", რომ ახლა ჩვენთან არჩევნებისთვის ემზადებიან..." - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვაჟა წიკლაური.
"ამ ჯგუფის ლიკვიდაცია არის ძალიან დიდი პროვოკაცია, რასაც მოჰყვება წარმოუდგენელი შედეგები. არ მინდა მკითხველი დავზაფრო, მაგრამ არც ის ივარგებს, რეალობას თვალი არ გავუსწოროთ. ბოევიკების ლიკვიდაცია აუცილებლად გამოიწვევს საპასუხო რეაქციას დაღესტნელი და ჩეჩენი ექსტრემისტების მხრიდან - ჩვენ ვსაუბრობთ მთის ხალხებზე, ვისაც სისხლის აღების ტრადიცია დაბადებისთანავე, დედის რძესთან ერთად აქვს შეთვისებული. თანამოძმეების დაკარგვის გამო ისინი განახორციელებენ ტერაქტებს საქართველოს ტერიტორიაზე. ეს რომ კარგად შეუძლიათ, მოსკოვის მაგალითზე ვნახეთ და არ მგონია, ჩვენმა სპეცსამსახურმა შეძლოს შურისძიების თავიდან აცილება. ხელისუფლების მიზანი ერთია, თანაც დიადი და ნათელი - ტერაქტების მოლოდინში პრეზიდენტს შეუძლია გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა. მერე დიდი ანტიკომუნისტი თორთლაძის ნაბოდვარი ამოქმედდება "კაგებეს" აგენტების გამოვლენის თაობაზე და ასე იქმნება ისტერიული ფონი..." - განაგრძობს რესპონდენტი.
"როცა ქვეყნის პრეზიდენტი გამოდის და საკუთარ ხალხს, არანაციონალებს უწმინდურებს ეძახის, ამის შედეგ დაენანება უწმინდურების სისხლი?! სააკაშვილი ცდილობს საკუთარ ხელისუფლებას გადააყოლოს ქართველი ხალხი. ასეთი ნაბიჯის გადადგმისგან იგი ბოლო დრომდე იკავებდა თავს. ცდილობდა, არჩევნების გაყალბების გზით დარჩენილიყო ხელისუფლებაში, მაგრამ ახლა საკმარისი აღარ არის გოგორიშვილ-მაჭავარიანის რესურსი. უცხოელმა პოლიტოლოგებმა დადეს ანალიზი, რომ არჩევნების შემდეგ საქართველოში მოსალოდნელია ეგვიპტე-სირიის პრეცედენტის გამეორება. სააკაშვილმა ამ დასკვნაში დაინახა თავისთვის საგანგაშო დეტალი: არჩევნების გაყალბების შემთხვევაში შედეგებს არ აღიარებს არა მხოლოდ ოპოზიცია, არამედ ის ქვეყნებიც, ვინც აქამდე ლოიალურად იყო განწყობილი მისი რეჟიმის მიმართ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი განცხადებაც არ გაკეთდებოდა. ეს რომ გაარკვია, ამიტომაც მიმართა უკიდურეს ზომას. რაც შეეხება გამოსავალს, უცხოეთი აქტიურობის გარეშე საქართველოში უმართავი პროცესები განვითარდება," - დასძენს ვაჟა წიკლაური და შეკითხვას - "სააკაშვილი იმაზეც წამსვლელია, რომ უცხოეთს ყური არ ათხოვოს?" - პასუხობს:
"ამაზე წამსვლელიც ნამდვილად არის, ყველაფერი დამოკიდებულია ზეწოლის ხარისხზე და ვფიქრობ, ეს ხარისხი დიდი იქნება. სააკაშვილი არც ისე სულელია, რომ ეს ზეწოლა არაფრად ჩააგდოს. ნებისმიერ შემთხვევაში იგი წაგებული რჩება, ამიტომ საკუთარ სიცოცხლეს გაუფრთხილდება და ვეღარ შეძლებს საკუთარი განზრახვის ბოლომდე მიყვანას".
"ქართული სამხედრო შენაერთების დიდმა ნაწილმა ხეობა დატოვა. ხეობა ასევე დატოვეს კატასტროფის ბრიგადებმა და იქ გამნაღმველები შევიდნენ. ხეობის თავზე ვერტმფრენი პატრულირებს. კავკასიის იმარატის დაღესტნის ვილაიეთის ხელმძღვანელობა ადასტურებს, რომ ბრძოლებში სწორედ მათი მოჯაჰედები მონაწილეობდნენ და 11 მათგანი დაღუპულია. გაურკვეველია 6 გადარჩენილი მეამბოხის ბედი, რომლებიც, შსს-ს ცნობით, ალყაში იყვნენ მოქცეული. რა მოხდა სინამდვილეში? კითხვები ისევ პასუხგაუცემელია. ექსპერტების ნაწილსა და ოპოზიციას ოფიციალური ვერსიის არ სჯერათ", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ლაფანყურელ "დივერსანტთაგან" ერთ-ერთი ქართულად საუბრობდა / "მუხანათური" სპეცოპერაციის დეტალები და გამოცანები.
"რა განზრახვა ჰქონდათ მეამბოხეებს? ტყვეობიდან გათავისუფლებული ქართველი ახალგაზრდების ოჯახის წევრები და თანასოფლებები აცხადებენ, რომ მათ საკმაოდ კარგად ექცეოდნენ. არ ყოფილა არავითარი მუქარა, შეურაცხყოფა ან დამცირება. პირიქით, ახალგაზრდებს ფეხსაცმელიც კი მისცეს, საჭმელსაც უნაწილებდნენ და დამშვიდობებისას ფულიც კი აჩუქეს. სხვადასხვა წყაროებით შეკრებილი ცნობებიდან იქმნება სურათი, რომ "დივერსანტები" ქართველი ძალოვნების მხრიდან თავდასხმას არ ელოდნენ. ამაზე მიანიშნებს თავად დაღესტნის ვილაიეთის საიტზე გავრცელებული განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ქართველთა თავდასხმა "მუხანათური" იყო და ასევე შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის ზოგიერთი დეტალი. ექსპერტთა დიდი ნაწილი ერთმნიშვნელოვნად აღნიშნავს, რომ სახელმწიფო არ უნდა ითმენდეს მის ტერიტორიაზე შეიარაღებული ადამიანების არსებობას, რომლებიც არ ემორჩილებიან ოფიციალურ ხელისუფლებას. გარდა ამისა, თუკი აღნიშნული შეიარაღებული ჯგუფი საზღვრის გადალახვასა და დაღესტანში გადასვლას შეძლებდა, რუსეთის ხელისუფლებას, რომელმაც ბოლო ცნობებით დიდძალ შეიარაღებასა და ცოცხალ ძალას მოუყარა თავი საქართველო-დაღესტნის საზღვარზე, ეს შესაძლოა საქართველოს წინააღმდეგ ახალი პროვოკაციის საბაბად გამოეყენებინა", - აღნიშნავს გამოცემა.
"ყველა მებრძოლის პატრონი თავისიანს მოიკითხავს. დაახლოებით ერთ კვირაში გარდაცვლილების პატრონებიც გამოჩნდებიან. ამის შემდეგ გაირკვევა, ეს ხალხი როდის და რატომ აღმოჩნდა საქართველოში. ჩრდილოეთკავკასიელები, ვისაც დავუკავშირდი, ამბობენ, რომ ეს ის მებრძოლები არიან, რომლებიც დიდი ხანია, საქართველოში იმყოფებიან. უამრავი კითხვა ჩნდება, გინდა სამხედრო, გინდა ადამიანური თვალსაზრისით. ხელისუფლება სარგებლობს იმით, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა არ იცის კავკასიური პოლიტიკა. არ შეიძლება მეომარს გზა აებნას, დივერსანტმა აიყვანოს მძევალი და შემდეგ უპირობოდ გაათავისუფლოს. თუკი ქართულ შენაერთებს დაუპირისპირდნენ, მაშინ 200-მდე ქართველმა მებრძოლმა ერთი ოცეული დღემდე ვერ გააუვნებლა? სად არის ის გაუჩინარებული ექვსი კაცი? ან რა მარშრუტით მოძრაობდნენ, საქართველოში ვისთან მოდიოდნენ, ვისი სახელები ახსენეს... ვილაიეთის განცადებაში ეწერა სიტყვა "მუხანათურად". ეს ნიშნავს, რომ რაღაც ღალატს ჰქონდა ადგილი და არა რაღაც შემთხვევით შეტაკებას. გამოდის, ბოევიკებს რაღაცაში უღალატეს. შემთხვევით გადაყრილ ადამიანებთან ურთიერთობას კი ღალატი არ შეიძლება დაერქვას. გვაქვს ეჭვი, რომ ეს ადამიანები საქართველოში პირველად არ იყვნენ, რომ მათ გზა არ აბნევიათ, რომ ისინი რაღაც ფორმით ჩვენს ძალოვან სტრუქტურებთან კონტაქტობდნენ და მათ შორის ჩვენთვის გაურკვეველი და გაუგებარი ინციდენტი მოხდა და ამას მოჰყვა ეს ყველაფერი", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის" თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილი.
"კახეთის საინფორმაციო ცენტრთან" ინტერვიუში ერთ-ერთი გათავისუფლებულის დედა ლიანა მჭედლური ამბობს, რომ ე.წ. დივერსანტები მის შვილსა და დანარჩენ ოთხ ახალგაზრდას კარგად ექცეოდნენ - "არც ჭამა აკლდა, არც სმა, არც პატივისცემა, ყველანაირ ყურადღებას აქცევდნენ. რამდენი დივერსანტი იყო, არ ვიცი. არც ის უთქვამს, რა ენაზე საუბრობდნენ, მუნჯურად ლაპარაკობდნენო. მუქარით არავინ არ გვემუქრებოდა დაჭერის წუთიდანო, გვჭირდებითო, უთხრეს და ასე იარეს მუნჯურად". ერთ-ერთი მძევლის მეზობლის თქმით, "ზოგი თავის ენაზე ლაპარაკობდა, ზოგი - ქართულად, სადაურები იყვნენ, არ იციან ბიჭებმა. 17 ყოფილან, დამშვიდობებისას ფული მიუციათ, 200 ლარი თუ დოლარი, პური ჭამეთ სახლში, რომ ჩახვალთო. მგონი, გზაზე გადაეყარნენ და "ვინუჟდენში" წაიყვანეს", - დასძენს გამოცემა.
"აღსანიშნავია ერთი საინტერესო დეტალიც - ლაფანყურის მიმდებარე სოფელ ართანას ტყეში სანგრები ამ სპეცოპერაციამდე რამდენიმე დღით ადრე იყო გათხრილი. ამის შესახებ "კახეთის საინფორმაციო ცენტრს" პარტია "თავისუფალი საქართველოს" კახეთის კოორდინატორმა გიორგი მოსიაშვილმა განუცხადა. "ეს ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ მომაწოდეს, ვიდრე ლაფანყურში სპეცოპერაცია დაიწყებოდა. თუმცა, სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, არ გამივრცელებია. ლაფანყურის სპეცოპერაციის შემდეგ იმდენი კითხვა გაჩნდა, რომ ამ ორი ფაქტის ერთმანეთთან დაკავშირება შეიძლება, მით უფრო, რომ ართანა ლაფანყურის მეზობელი სოფელია", - წერს სტატიის ავტორი.
"თუ დავიწყებთ ოცკაციანი ჯგუფის დაახლოებით ოც კილომეტრზე შემოსვლით, მაშინ ჩნდება კითხვა - სად იყო სასაზღვრო პოლიცია? ეს ხალხი რუსებმა შეგნებულად გამოატარეს? ამას იმიტომ ვამბობ, რომ საზღვარი რუსეთის მხრიდანაც საკმაოდ კარგად არის დაცული. მესამე - სად იყო ელექტრონული დაცვის აპარატურა? მეოთხე - ნუთუ იმ მომენტში თანამგზავრიდან ვერავინ ვერაფერი ვერ შეამჩნია? მოკლედ, არის უამრავი კითხვა, რაზეც პასუხი არ არის. დღეს საგანგებოდ გადავხედე ჩეჩნეთის პირველი და მეორე კამპანიისას ფედერალებისა და იმარატის მებრძოლების დაპირისპირების დეტალებს და არ ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ მოჯაჰედებს ბრძოლაში ერთ დღეში 11 ადამიანი დაეკარგათ. ცხადია, მაშინ კიდევ სხვა ვითარება იყო, მაგრამ იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს თერთმეტივე ადამიანი ერთ ადგილას იყო მოყუჩებული, რომ დაღუპულიყო. გარდა ამისა, როგორ დაიღუპა ექიმი? რა საჭირო იყო ამხელა არმიის იქ მიყვანა? დაახლოებით ათას კაცამდე იყო იქ მიყვანილი", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას "ქართული ოცნების" წარმომადგენელი, ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე.
"ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, თუ რატომ იყო წინასწარ სანგრები გათხრილი. ორი კვირით ადრე ყოფილა იქ ჯარის ნაწილები შეყვანილი და ეს რა საჭირო იყო და რატომ იყვნენ იქ? თუნდაც უშიშროების საბჭოს მდივნის ნათქვამი, რომ სამჯერ გაცვალეს მძევლები არის ძალიან საინტერესო, რადგან მსოფლიოში ასეთი პრეცედენტი არ არსებობს და რატომ უნდა დავიჯეროთ ახლა, როდესაც სხვა შემთხვევაში არ არსებობს? მძევლებთან დაკავშირებითაც ძალიან ბევრი კითხვაა. თუნდაც ის, რომ მთელი დღე და ღამე ჰყავდათ პოლიციაში და მშობლებს მხოლოდ შორიდან დაანახვეს. ამასთან, ძალოვანი უწყებებისა და ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებები ურთიერთგამომრიცხავია. მოვლენების განვითარებასა და რიცხვებში არის ცდომილება და ეს ძალიან საეჭვოა. ყველა ეს საკითხი საბოლოო ჯამში ძალიან ბევრ კითხვას აჩენს, რაზეც პასუხები არ არის. ამიტომაც ამ საკითხზე დაბეჯითებით ლაპარაკი ძალიან მიჭირს. საკმარისი ინფორმაცია არ არსებობს ამისთვის", - განაგრძობს მამუკა არეშიძე
"დაღუპულებზე დაღესტანში არავინ არაფერი არ იცის. ყველანაირი კატეგორიის ხალხს ველაპარაკე. ერთადერთი იმის თქმა შეიძლება, რომ ამ ეპიზოდის რეალობის არავის არ სჯერა. ევროპაში მყოფმა ჩეჩნებმა მოგვწერეს, რომ ეს სამწუხარო ამბავია და ეს არ უნდა მომხდარიყო. მაგრამ ისინი საქმის კურსში არ არიან... ჯერჯერობით არანაირი რეაქცია არ ყოფილა. არანაირი გვარების მხრიდან არ თქმულა არაფერი. ადგილი, სადაც შეიხი დაიღუპა, ძალიან შორსაა საზღვრიდან და იმის თქმა, რომ მკვლელები გამოერიდნენ სიტუაციას, ძალიან არადამაჯერებელია. ასე რომ, ძალიან ბევრი კითხვაა", - დასძენს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.
გამარჯობათ! მადლობა, ტერი, ასე რომ ზრუნავ ჩვენთვის!
ნეტა როდის დამთავრდება ეს უბედურება? ან დამთავრდება კი? ამდენი ფიქრით, უაზრო, ურთიერთ გამომრიცხავი მტკიცებებით მთავრობის მხრიდან, გამოვიფიტე, აზროვნების და მეტყველების ყუნარი დავკარგე! ხელმისაწვდომია მხოლოდ მომხმარებლებისათვის
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]