
ქართული ოცნების" შეფასებით, ლოპოტას ხეობაში განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ სააკაშვილს აწყობს, საზოგადოება მუდმივად განსაცდელის მოლოდინის მდგომარეობაში ამყოფოს"
20:29 04.09.2012
ბლოკის "ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნების" შეფასებით, ლოპოტას ხეობაში განვიტარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ მიხეილ სააკაშვილს აწყობს, საზოგადოება მუდმივად განსაცდელის მოლოდინის მდგომარეობაში ამყოფოს".
ამის შესახებ ბლოკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
"ბლოკი "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება" სრულად იზიარებს საზოგადოების უკიდურეს აღშფოთებას ლოპოტის ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და გმობს ხელისუფლების დანაშაულებრივად უპასუხისმგებლო საინფორმაციო პოლიტიკას ამ მიმართულებით. სრულიად აშკარაა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო რამდენიმე დღის განმავლობაში საკუთარ მოსახლეობას სოფელ ლაფანყურთან ლიკვიდირებული ადამიანების ვინაობას უმალავდა და ურცხვად ტყუოდა, თითქოს მათ შორის საქართველოს მოქალაქეები არ იყვნენ. იმავდროულად, ვრცელდება შემაძრწუნებელი დეტალები დაღუპული თანამოქალაქეების ნათესავებზე მორალური ზეწოლისა და გარდაცვლილთა ნეშთებით მათთან პირდაპირი ვაჭრობის თაობაზე. ასეთი დამოკიდებულება ბუნებრივად იწვევს საზოგადოების სამართლიან გაღიზიანებას და აძლიერებს ეჭვებს, ისედაც ნდობადაკარგული ხელისუფლების მიმართ. როგორც ჩანს, პრეზიდენტ სააკაშვილს აწყობს, საზოგადოება მუდმივად განსაცდელის მოლოდინის მდგომარეობაში ამყოფოს და ამ გზით მოქალაქეთა თავისუფალი ნება დათრგუნოს.
გარდა ამისა, იმ მწირი და წინააღმდეგობრივი ინფორმაციითაც კი, რასაც ხელისუფლება ავრცელებს, რჩება შთაბეჭდილება, რომ ამ შემთხვევაშიც ხელისუფლება მისთვის ჩვეული სულსწრაფობით მოიქცა და სპეციალური ოპერაცია იმ ვითარებაში დაიწყო, როცა სრულად არ იყო ამოწურული მოლაპარაკების რესურსი და რჩებოდა მსხვერპლის თავიდან აცილების თუნდაც მინიმალური შანსი", - აღნიშნულია განცხადებაში.
კოალიცია საერთაშორისო ორგანიზაციებსა და მეგობარ სახელმწიფოებს მოუწოდებს, ლოპოტას ხეობაში განვითარებული მოვლენები სიღრმისეული განხილვის საგნად აქციონ.
"კიდევ ერთხელ კატეგორიულად მოვუწოდებთ ხელისუფლებას, საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედოს. ამავე დროს, მივმართავთ შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებსა და მეგობარ ქვეყნებს, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, გააძლიერონ ყურადღება საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, ინტენსიური გახადონ კონსულტაციები პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და სიღრმისეული განხილვის საგნად აქციონ ლოპოტის ხეობაში განვითარებული მოვლენები", - აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცრაზმის თანამშრომლები - სოლომონ წიკლაური და არჩილ ჩოხელი, ასევე თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ჯარების ექიმი ვლადიმერ ხვედელიძე ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაიღუპნენ. ლიკვიდირებულია 11 "ბოევიკი", მათგან 2 საქართველოს მოქალაქეა, 5 კი რუსეთის.