
კბილის ოპერაციის დროს დაღუპული პაციენტის ოჯახი სამართლიანი გამოძიების ჩატარებას ითხოვს. 41 წლის ფოთოლა ბობოხიძე 14 აგვისტოს, ოპერაციის დაწყებამდე გარდაიცვალა, გარდაცვალების მიზეზი კი ოჯახისთვის ამ დრომდე უცნობია. დაღუპულის ახლობლებს ეჭვი აქვთ, რომ ფოთოლა ბობოხიძე სამედიცინო პერსონალის დაუდევრობას ემსხვერპლა. 41 წლის ფოთოლა ბობოხიძე ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში, საოპერაციო მაგიდაზე, ოპერაციის დაწყებამდე გარდაიცვალა. პაციენტს სიბრძნის კბილის ჩირქოვანი ჰაიმორიტის გამო, ოპერაცია ჰაიმორიტის ღრუში უტარდებოდა, თუმცა ნარკოზის გაკეთებიდან რამდენიმე წუთში პაციენტი დაიღუპა. მიზეზი ოჯახისთვის ამ დრომდე უცნობია. ემზარ მეშველიანი _ გარდაცვლილის მეუღლე: „ამ დრომდე არაა ჩემთვის ცნობილი, თუ რატომ გარდამეცვალა მეუღლე. როგორც გავიგე, ოპერაცია დაწყებულიც კი არ იყო, რომ უკვე დაღუპულა. აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო, არაფერი აწუხებდა, ოპერაცია კბილზე უტარდებოდა და საავადმყოფოდან მკვდარი გამომიყვანეს. ახლა ექსპერტიზისა და გამოძიების პასუხს ველოდებით. საუბარი მიჭირს. მეტს ვერაფერს გეტყვით. ფაქტია, რომ ახალგაზრდა ცოლი მომიკლეს და მიზეზიც კი არ ვიცი". დაღუპულის ახლობლები ყვებიან, რომ ექიმებს გარდაცვლილზე სასუნთქი მილის ჩადგა გაუჭირდათ, რის გამოც ყელიც კი გაუჭრეს. მათ ეჭვი აქვთ, რომ სწორედ ამ დროს, ნარკოზში მყოფი პაციენტი ჰაერის უკმარისობის გამო დაიღუპა. ემზარ უგრეხელიზე _ გარდაცვლილის ბიძაშვილი: ,,საოპერაციოში შეყვანიდან რამდენიმე ხანში დაგვიძახეს, ამოდით, პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულიაო. გაგვიკვირდა. ვიცოდით, რომ ჩემს ბიძაშვილს არაფერი სჭირდა. გვითხრეს, რომ ფილტვებმა შეშუპება დაიწყო, ვერ მოვახერხეთ ჟანგბადის სასუნთქი მილის ჩადგმა პირის ღრუდანო. შემდეგ წინა კბილი ამოუღეს, რომ მილი ჩაედგათ, თუმცა უშედეგოდ. ბოლოს, რომ ვერაფერი მოახერხეს, საწყალს კისერი გაუჭრეს, რომ ჟანგბადის მიწოდება მოეხერხებინათ, თუმცა ეს მაინც ვერ მოახერხეს. ამბობდნენ, რომ მსუქანი იყო, კისრის ქსოვილები არ გაიხსნაო. ამასობაში ტვინმა შეშუპება დაიწყო, გულმა არითმია მისცა და ფილტვები გაუჩერდაო. ისიც გვითხრეს, რომ გადარჩენის არავითარი შანსი არ არის, მხოლოდ ღმერთი თუ უშველისო. რამდენიმე ხნის შემეგ კი გვაცნობეს, რომ უბედური შემთხვევა მოხდა და პაციენტი გარდაგვეცვალაო''. გარდაცვლილს ოპერაცია ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში უტარდებოდა. ქირურგ ალეკო ბიბიჩაძეს გარდაცვალების მიზეზებზე საუბარი ექსპერტიზის პასუხამდე უჭირს, თუმცა ამბობს, რომ სასუნთქი მილის ჩადგმა ხშირი პრობლემაა და გარდაცვლილის რთულ ანატომიურ მდგომარეობაზე საუბრობს. ალეკო ბიბიჩაძე _ ქირურგი: „სამედიცინო პრაქტიკაში სასუნთქი მილის ჩადგმის დროს გართულებები ხშირად ხდება, თუმცა ამას გვერდი ევლება. არ ვიცი, ამ კონკრეტულ შემთხვევაში რა მოხდა. პაციენტს რთული ანატომიური მდგომარეობა ჰქონდა. როდესაც პირის ღრუდან საინტუპაციო მილი ვერ ჩავდგით, გადავწყვიტეთ, კისერი გაგვეჭრა და ეს ისე მოგვეხერხებინა. პაციენტს მოკლე და სქელი კისერი ჰქონდა, რაც სამედიცინო კუთხით, ანატომიური ანომალიაა. კონკრეტულ დეტალებს, რა და როგორ მოხდა, ექსპერტიზა და გამოძიება დაადგენს. ჩვენ ძალიან ვწუხვართ, პაციენტის გარდაცვალების გამო და სიმართლის გარკვევა ჩვენი კლინიკის ინტერესებშიც შედის". დაღუპულს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. საქმეს სამართალდამცავი ორგანოები იძიებენ. ოჯახი კი არაობიქტური გამოძიების შემთხვევაში, დამოუკიდებელ ექსპერტიზასა და სიმართლის სასამართლო გზით გარკვევას აპირებენ. თორნიკე ხურციძე, |