
როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილის ავტოგოლები გამოიხატება ტერიტორიების დაკარგვაში და იმ ახალგაზრდა ბიჭების დაღუპვაში, რომლებმაც აგვისტოს ომს შესწირეს თავი.
"ხელისუფლებისა და "ნაციონალური მოძრაობის" ბელადმა ვერაფერი ხელჩასაჭიდი ვერ ნახა ჩემს წინააღმდეგ და ავტოგოლები დაიხვია ხელზე. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ეს მოხდა შემთხვევით, რის გამოც ქართველ ხალხს, საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებს ერთხელ უკვე მოვუხადე ბოდიში და კიდევ ერთხელ ვუხდი ბოდიშს. საინტერესო ის არის, რომ ჩემს ავტოგოლებზე საუბრობს ადამიანი, რომელმაც მანამ ბევრი ავტოგოლი გაიტანა საკუთარ კარში - ჩვენი ქვეყნის კარში და ეს აისახება ტერიტორიების დაკარგვაში, ახალგაზრდა ბიჭების დაღუპვაში. ძალიან საინტერესოა, თუ შესწევს ნაცმოძრაობის პრეზიდენტს ძალა, რომ ქართველ ხალხს იმისთვის, რაც ქვეყანას გაუკეთა, ბოდიში მოუხადოს", - აღნიშნა კალაძემ.
მიხეილ სააკაშვილმა გუშინ სამტრედიაში ამომრჩეველთან შეხვედრისას "საქართველოს შემოსეულ საკუთარ კარებში გოლების გამტანების ბრიგადაზე" ისაუბრა.
"ვინც გვეუბნება, რა მნიშვნელობა აქვს ევროპაში ვიქნებით თუ რუსეთშიო, თესავს გაუგებრობას, რადგან ჩვენ უნდა ვიყოთ იქ, სადაც საქართველო დაცული იქნება და საქართველოს ერთიანობას ეჭვქვეშ არავინ დააყენებს. მათთვის, ვინც გვეუბნება, რა მნიშვნელობა აქვს ვინ დაიწყო ომიო, ალბათ, სულ ერთია, ვის კარებში გაიტან გოლს - შენი გუნდის თუ მოწინააღმდეგის. საკუთარ კარებში გოლების გამტანების დიდი ბრიგადაა შემოსეული საქართველოში, თუმცა ისინი ვერასდროს გაიმარჯვებენ", - განაცხადა პრეზიდენტმა.