"
გასულ კვირაში პრეზიდენტმა ორჯერ ახსენა საჯაროდ თავისი ღვინო და
ვენახი: ერთხელ, როდესაც მთავრობის სხდომა ჩაატარა ყვარელში საკუთარ ეზოში,
კახეთში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, - მე არავისგან
მესწავლება, რას ნიშნავს მთელი წლის ნაშრომი მოსავლის ერთბაშად
განადგურება, მე რომ ეს ვენახი გამფუჭებოდა, ხო გადავირეოდიო(!), - და
ნაჯაფი გლეხის გამომეტყველება მიიღო;
მეორედ, პატრიარქთან ერთად
ალავერდში სტუმრობისას, იქაური ღვინის გასინჯვის შემდეგ, - ახლაღა მივხვდი,
ჩემი ღვინო რომ ამას დაემსგავსოს, მეტი უნდა ვილოცოო (ისე ხომ ლოცულობს,
და მეტიო, უფრო მეტი უნდა ვილოცოო), - და თავისებურად, საყვარლად
გადაიკისკისა (იხ. ვიდეოსიუჟეტი palitratv.ge-ზე)!
ლოცვა არა, ბატონო პრეზიდენტო, მეტანიებია საჭირო და მერე ნახე, რა ღვინო დაგიდგება!..
არის
ასეთი კაცი მმართველ გუნდში, კონკრეტულად - მთავრობაში, უფრო კონკრეტულად -
საგარეო საქმეთა სამინისტროში - მინისტრის მოადგილედ მუშაობს (მუშაობს თუ
რაც ქვია, ესენი რო აკეთებენ) - სერგი კაპანაძე.
ჰოდა, ამ სერგი
კაპანაძეს ჯეკპოტი "დაეცა": კოლუმბიაში იყო საქმეზე ("კოლუმბია" და "საქმე"
მაინცდამაინც ნარკოტიკებს კი არ ნიშნავს) - ორ ქვეყანას შორის უვიზო
მიმოსვლის, კულტურული ურთიერთობებისა და სხვა საკითხები მოაგვარა.
"ჯეკპოტში" კი მის იქაურ შეხვედრებს ვგულისხმობ; სულ სამი შეხვედრა
გაუმართავს: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ინფრასტრუქტურის
მინისტრის მოადგილესთან და საგარეო ვაჭრობის დეპარტამენტის უფროსთან -
მონიკა ლანზეტა მუტისთან, მარია კონსტანცა გარსიასთან და ოლგა ლუცია
პერესთან. ცხადია, დამთხვევაა, რომ კოლუმბიელი მაღალჩინოსნები, სამივენი
ქალბატონები არიან, მაგრამ რომ არა კახეთის ამბები, მე ვიცი, ვინც წავიდოდა
კოლუმბიაში, თანაც მგონი, არ არის ნამყოფი...
ქართული ზღაპარი და
მულტფილმი გამახსენდა, "სიზმარა" - მეფე რომ სთხოვს სიზმარას, შენი სიზმარი
მაჩუქეო; ვინძლო "მეფემ" სერგისაც არ შეარგოს "ჯეკპოტი" და მოსთხოვოს, ეგ
სიზმარი მე მეკუთვნის, ჩამოყაჭეო!
ბარემ ახალგაზრდა, ნიჭიერი და
ბლანჟეიანი მინისტრებისა და მოადგილეების თემა აქვე ამოვწუროთ: გოგა
ხაჩიძემ, გარემოს დაცვის მინისტრმა კახეთში "იკაჩავა": სოფელ აფენში
ივანიშვილის ყოფნისას, ისიც იქ იყო და, - გამატარეთ, მინისტრი ვარ,
დამანახვეთ მზეთუნახავი (ივანიშვილს გულისხმობდა), ხელი გასწი, ბიჭოო!..
არც გაატარეს და არც "მზეთუნახავი" დაანახვეს და ყველაზე მეტად ეგ
გამიკვირდა და მეწყინა: მიუშვი, რა, შე კაი კაცო, გავიგოთ მტყუან-მართალი,
ხო არ უკბენდა, ბოლოს და ბოლოს?!
"ბიძინისტობას" მაბრალებს ხოლმე
ბევრი, მაგრამ აქ კატეგორიულად ვაცხადებ: ივანიშვილის დაცვასა და
იმდღევანდელ გარემოცვას - "ორიანი"! ხაჩიძემ მოგიგოთ! ახლა რომ თქვას, -
იმიტომ არ მიმიშვეს, რომ ვერ მომიგებდა პოლემიკაში და კამათის შეეშინდაო,
რას ეტყვიან - უსაფრთხოების მიზნით არ მივუშვით მინისტრი კაციო?!
ჰო,
"ლამაზი, ახალგაზრდა და ლამაზი" მინისტრების კიდევ ერთი ამბავი
გამახსენდა, გასულ კვირაში მომხდარი: სპორტისა და ახალგაზრდობის
სამინისტროს დელეგაცია, მინისტრ ვარძელაშვილის ხელმძღვანელობით, დანიის
ქალაქ ორჰუსში იმყოფებოდა გორის "დილას" საგულშემატკივროდ, რომელსაც
დებიუტი ჰქონდა ევროთასებზე.
დებიუტი სანაქებო აღმოჩნდა: გორელებმა
დანიელები მათსავე მოედანზე დაამარცხეს და ნაწილობრივ მაინც მოგვწმინდეს
"ტორპედოს", "მეტალურგისა" და "ზესტაფონის" მიერ შერცხვენილი ნამუსი
(ზესტაფონელები სამ საათში იწყებენ საპასუხო მატჩს და თუ 0:3 ამოქაჩეს,
თავზე ნაცარს წავიყრი), მაგრამ დელეგაციის წევრებისა რა მოგახსენოთ: ორმა
მაისურები და ქამარი მოიპარა მაღაზიაში და პოლიციამ "გასკვანჩა", მესამე კი
გზიდან "აეთესათ" და ევროპაში დარჩა!
დალოცვილო, მინისტრი რომ ხარ
და ყოველგვარი კანონის დარღვევით, სამინისტროსა და გამგეობის თანამშრომლები
მიგყავს სახელმწიფოს ხარჯზე უცხოეთში (დიახ, რატომ რომელიმე ჩინოვნიკი და
არა გორელი ახალგაზრდების ის ჯგუფი, რონელსაც წლების მანძილზე არ გაუცდენია
არც ერთი თამაში, ადრეც - როდესაც "დილა" დაბალ ლიგებში გამოდიოდა?!), ისე
მაინც შეარჩიე 47 კაცი, რომ თვალი და ხელი უშნოდ არ გაურბოდეთ...
P.S.
IRI-ს ("აირაი") კვლევების შედეგებზე ვაპირებდი ორი სიტყვის თქმას და
გადავიფიქრე, დავიღალე - ვეღარ გაიგო ამ ხალხმა, რომ საქართველოში აზრი არ
აქვს საზოგადოებრივი აზრის კვლევას: ალალად მითხარით, რამდენი თქვენგანი
უპასუხებს გულწრფელად, როდესაც შემკითხველი სახლში მოგადგებათ,
გვარ-სახელს, პირად ნომერს ჩაიწერს, ხოლო შეკითხვა ასეთი იქნება: "ვის
მისცემდით ხმას, ხვალ რომ არჩევნები იყოს?"(!)
მე, "ნაციონალურ მოძრაობას" მივცემდი ხმას, თქვენ?
P.P.S.
დანიაში თავგამოჩენილ მომპარავთაგან ერთი, კარალეთის ინციდენტისას
დაკავებული პირი ყოფილა. ასე რომ, ვარძელაშვილს არაფერი შეშლია:
ჟურნალისტებისა და საზოგადოების თვალის ასახვევად, ორი დღით "ვირის
აბანოში" ჯდომის საკომპენსაციოდ დანიური "პაეზდკა" მიართვეს ჯიგარს.
დაუფასა კიდეც - ეტყობა, უფროსობისთვის "სამაღარიჩოდ" უნდოდა ის მაისურები.
|