 საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებაში მორიგი საკადრო კარუსელი დატრიალდა. პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრით, ალექსანდრე ხეთაგურით ჩაანაცვლა, ხეთაგურის ნაცვლად კი ენერგეტიკის სამინისტროში, პარლამენტის დეპუტატი ვახტანგ ბალავაძე გაამწესა. რაც შეეხება დიმიტრი გვინდაძეს, გავრცელებული ინფორმაციით, ფინანსთა ექსმინისტრი გიორგი ბარამაძეს ევროატლანტიკურ საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტზე ჩაანაცვლებს. ვანო მერაბიშვილმა მორიგი საკადრო ცვლილების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას ოზურგეთიდან 13 აგვისტოს ამცნო. ალექსანდრე ხეთაგურსა და ვახტანგ ბალავაძეს კი ფინანსთა და ენერგეტიკის სამინისტროებში ორ დღეში, 15 აგვისტოს წარადგენს. გავრცელებული ინფორმაციით, მორიგი საკადრო ცვლილება მთავრობის ახალ სამოქმედო გეგმას _ ,,მეტი სარგებელი ხალხს'' უკავშირდება, მმართველი გუნდის ცალკეული წევრები აცხადებენ, რომ ალეკო ხეთაგურიცა და ვახტანგ ბალავაძეც ახალ ფუნქციას თავს შესანიშნავად გაართმევენ. რაც შეეხება ფინანსთა აწ უკვე ექსმინისტრს, დიმიტრი გვინდაძეს, შეგახსენებთ, რომ მან ამ პოსტზე კახა ბაინდურაშვილი 2011 წლის ივნისში ჩაანაცვლა. 2005 წლიდან დიმიტრი გვინდაძე ფინანსთა მინისტრის მოადგილე იყო საგარეო დაფინანსების, სახელმწიფო ვალისა და დონორებთან ურთიერთობების მიმართულებებით. როგორც ჩანს, სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიმიტრი გვინდაძე სწორედ გიორგი ბარამიძეს შეცვლის სახელმწიფო მინისტრის პოსტზე ევროატლანტიკურ საკითხებში. ცვლილების მიზეზი ის არის, რომ გიორგი ბარამიძე მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში კენჭისყრას აპირებს. შეგახსენებთ, რომ დიმიტრი გვინდაძეს დამთავრებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის ფაკულტეტი, ამის შემდეგ სწავლა განაგრძო პარიზის საერთაშორისო დიპლომატიურ აკადემიაში, შემდეგ ჰააგის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიაში, სწავლობა ჰარვარდის უნივერსიტეტში, კენედის სახელობის სახელმწიფო მართვის სკოლაში კემბრიჯში, ამის შემდეგ სწავლა განაგრძო ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ინსტიტუტში, სადაც პროგრამირებისა და პოლიტიკის კურსი გაიარა. ვახტანგ ბალავაძე საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარე იყო, რომელსაც მრავალი ინფრასტრუქტურული პროექტი აქვს განხორციელებული. დამთავრებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მშენებლობის მენეჯმენტისა და სამართალმცოდნეობის სპეციალობებით. სხვადასხვა დროს იყო პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილე, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის წევრი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრი და ამავე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წევრი, 2008 წლიდან დღემდე, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარე. ალეკო ხეთაგურიც ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლობდა გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტზე, ამის შემდეგ დაამთავრა თბილისის ბიზნესისა და მარკეტინგის ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტი საბუღალტრო და აუდიტის სპეციალობებით, მიღებული აქვს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის მენეჯმენტის მაგისტრის ხარისხი, 2005-2006 წლებში იყო საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, ნიკა გილაურის მოადგილე, 2006-2007 წლებში _ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი, ხოლო 2007 წლის აგვისტოდან დღემდე _ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრია. ,,ვერსია'' ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' გენერალური მდივნის მოადგილეს, პარლამენტის დეპუტატს, ანდრო ალავიძეს ერთადერთი კითხვით დაუკავშირდა _ შეცვლის თუ არა ფინანსთა ექსმინისტრი დიმიტრი გვინდაძე გიორგი ბარამიძეს სახელმწიფო მინისტრის პოსტზე: ,,ამ ეტაპზე, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ დიმიტრი გვინდაძეს უცხოელ ინვესტორებთან და საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. წლების მანძილზე, ბატონი დიმიტრი აქტიურად თანამშრომლობდა სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიაში, იცნობს საერთაშორისო სტრუქტურას, აქვს უცხოელებთან ურთიერთობის გამოცდილება. რაც მთავარია, დამთავრებული აქვს სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტი. შესაბამისად, აბსოლუტურად ლოგიკურად მიმაჩნია, თუკი დიმიტრი გვინდაძე გიორგი ბარამიძეს შეცვლის, რადგან ბატონ დიმიტრიზე უკეთ, სხვა ვინ წარმართავს ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს ინტეგრირების საკითხს?''
მაია მიშელაძე
|