უკვე შვიდი თვეა, რაც ქვეყანას ახალი ხელისუფლება ჩაუდგა სათავეში. ამ ხნის მანძილზე ბევრი რამ შეიცვალა. დაიწყო თუ არა საქართველოს მთავრობამ დაპირებული სამართლიანობის აღდგენა და რა მიმართულებებით ვითარდება პროცესები საქართველოში, ამის შესახებ «საქართველო და მსოფლიოს» ფრაქცია «ქართული ოცნება _ თბილისელების» თავჯდომარე გულიკო ზუმბაძე ესაუბრება.
_ როგორ შეაფასებთ 2013 წლის 17 მაისს განვითარებულ მოვლენებს?
_
უპირველესად, აღვნიშნავ, რომ ორივე მხარეს ჰქონდა საკუთარი აზრის
გამოხატვის უფლებაც და საშუალებაც, მაგრამ, აქცია უფრო მშვიდ ვითარებაში
რომ წარმართულიყო, გაცილებით მეტ სასიკეთო შედეგს მოგვცემდა. მეორე მხრივ,
გავიხსენოთ სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში გამართული არაერთი საპროტესტო
გამოსვლა, როცა ურიცხვი ადამიანი იდგა ქუჩაში და ხალხის მხრიდან არც ერთი
ძალადობისა თუ ვანდალიზმის ფაქტი არ მომხდარა. მიუხედავად ამისა,
სააკაშვილის მთავრობა უმოწყალოდ არბევდა მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს _
სცემდა და აპატიმრებდა მათ. მაგრამ ხალხი ქუჩებში მაინც გამოდიოდა და თავის
დამოკიდებულებას საჯაროდ გამოხატავდა. ამ ფონზე მეც ძალიან მაინტერესებს,
რა მოხდა 2013 წლის 17 მაისს. მიმაჩნია, რომ ამ საკითხზე ჯერ საზოგადოებას
არ უმსჯელია და თავისი სიტყვა არ უთქვამს. ასევე ზედმეტი არ იქნება, თუ
საკითხს ფსიქოლოგები შეისწავლიან და თავიანთ აზრს გაგვიზიარებენ. რა ხდება
მაშინ, როცა ადამიანისთვის ყველაზე ძვირფასს _ მის ოჯახსა და სარწმუნოებას,
მისი ქვეყნის მომავალს შეეხება «მომხდური»? ქართველი კაცი ამას ვერასდროს
ეგუებოდა. ამჯერად რასთან გვაქვს საქმე, ყველამ ერთად უნდა ვიმსჯელოთ.
კიდევ
ერთხელ ვადასტურებ, რომ ვგმობ ყველანაირ ძალადობას და მსგავს შემთხვევებს
ადგილი არ უნდა ჰქონდეს ჩვენს ქვეყანაში. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია,
LGBT საზოგადოების ინტერესების დამცველი ორგანიზაციები, მიუხედავად ხალხის
მასობრივი პროტესტისა, კვლავ ატარებენ პროვოკაციულ აქციებს. მაშ, სად არის
აქ ძალადობა? ვინ ვისზე ძალადობს? პირდაპირ თუ ირიბად ხომ არ მიმდინარეობს
ძალადობა სწორედ ქართველ ხალხზე და მის ცნობიერებაზე? ხომ არ არის ისე, რომ
ვიღაცას ხელს აძლევს პროცესების ამგვარი განვითარება? მინდა აღვნიშნო
ისიც, რომ ჩვენი მასშტაბისა და დემოგრაფიის მქონე ქვეყანას, მგონი, არ აქვს
ამგვარი აქციების გამართვის ფუფუნება.