ამ რამდენიმე დღის წინ, რუსეთში არსებული "ქართველი და რუსი ხალხის
ერთიანობის ფონდის" სახელით მისმა პრეზიდენტმა ვლადიმერ ხომერიკმა
საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს ილია მეორესა და იმჟამად კულტურის
მინისტრობის კანდიდატს, ახლა კი უკვე მინისტრ გურამ ოდიშარიას ღია წერილით
მიმართა და მოითხოვა თბილისში არსებული საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის
დახურვა. წერილში ნათქვამია, რომ ქართული დიასპორის წევრებს იმედი აქვთ,
ბიძინა ივანიშვილი აღადგენს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს და ამ გზით
შესაძლებელი იქნება ტერიტორიული კონფლიქტების მოგვარება. დღეს უკვე რუსული
ინტერნეტსაიტები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ საქართველოში ქართუო-რუსული
ურთიერთობების აღდგენის მოთხოვნით იგეგმება პერმანენტული აქციები, რომელსაც
არასამთავრობო ორგანიზაცია "დედამიწა - ჩვენი სახლია" გეგმავს და მისი
ერთ-ერთი პირველი მოთხოვნა სწორედ ოკუპაციის მუზეუმის გაუქმება იქნება.
ისინი ამ მოთხოვნით ახალ ხელისუფლებას მიმართავენ. შეგახსენებთ, ეს მუზეუმი
2006 წლის 26 მაისს უშუალოდ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით
გაიხსნა. მუზეუმში დაცულია დამოუკიდებელი საქართველოს ბოლშევიკური რუსეთის
მიერ ოკუპაცია-ანექსიისა (1921 წლის თებერვალი-მარტი) და ანტისაოკუპაციო,
ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის (1921-1990) ისტორიის ამსახველი
მნიშვნელოვანი დოკუმენტური და ფოტომასალა, აგრეთვე, აღნიშნული მოძრაობის
თვალსაჩინო მოღვაწეთა მემორიალური ნივთები და მათ მოღვაწეობასთან
დაკავშირებული დოკუმენტური ინფორმაცია. დავინტერესდით, რას ფიქრობენ
კოალიციაში ამის თაობაზე. კოალიცია "ქართული ოცნებისა" და რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, დეპუტატ ლევან ბერძენიშვილს დავუკავშირდით:
-
კოალიციის სახელით გამიჭირდება ლაპარაკი, რადგან მე არ წარმოვადგენ არც
კულტურის სამინისტროს და არც განათლებისა და კულტურის საპარლამეტო
კომიტეტს, თუმცა ბუნებრივია, რომ ჩემი აზრი გამაჩნია ამ საკითხზე.
უპირველესად უნდა გითხრათ, რომ ხომერიკის აზრი ჩემთვის სრულიად
უმნიშვნელოა. ის რას დაწერს და ვის მიმართავს, ამით არაფერი გადაწყდება ამ
ქვეყანაში. არ ვიცი, შეიძლება ოკუპაციის მუზეუმს სხვა სახელი ერქვას, არ
გაკეთდეს აქცენტი მაინც და მაინც ოკუპაციაზე და მეტად გაესვას ხაზი
ანტისაბჭოთა მოღვაწეობასა და ქართველი ხალხის ერვნულ-განმათავისუფლებელ
ბრძოლას, მაგრამ მუზეუმი გაუქმდეს იმიტომ, რომ ვიღაცამ რაღაც მოიწერა, ან
აქ თითო-ოროლა ადამიანი ამას მოითხოვს, ვფიქრობ, სრულიად წარმოუდგენელია,
ვფიქრობ, ეს საკითხი ამგვარი ფორმით არც არასდროს განიხილება.
უნდა იყოს თუ არა ოკუპაციის მუზეუმი ქვეყანაში? - ამ კითხვით ექსპერტ სოსო ცისკარიშვილსაც მივამართეთ:
-
ჩემი აზრით, ნებისმიერი მუზეუმი უნდა იყო გათავისუფლებული პოლიტიკური
დატვირთვისგან. როგორც წესი, ამა თუ იმ ისტორიული ფაქტის აღწერა და
განვლილი რეალობის წარმოჩენა უნდა ხდებოდეს იმ ექსპონატებითა და
დოკუმენტური მასალით რაც ამა თუ იმ მუზეუმშია წარმოდგენილი. ჩვენ ხომ
კარგად ვიცით, რომ ეს მუზეუმი სააკაშვილის ხელისუფლებამ შექმნა დიდწილად
ანტირუსული ისტერიის გასაღვივებლად. მიმაჩნია, რომ ამ მუზეუმში
წარმოდგენილი ექსპოზიცია უნდა განთავსდეს და იქცეს საქართველოს ისტორიის
მუზეუმის ნაწილად. ბუნებრივია, აუცილებელია დაცული იყოს იმ ადამიანების
ხსოვნა, ვინც საბჭოთა ოკუპაციას შეეწირა და მომავალმა თაობებმა უნდა
იცოდნენ საბჭოთა აგრესიისა და ანექსიის ისტორია, მაგრამ მუდმივად უკან
ყურება არაფერს გვარგებს.
ნათია დოლიძე