
როგორც ზურაბ აბაშიძემ დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, ასევე სერიოზულ წინგადადგმულ ნაბიჯად ჩაითვლება პირდაპირი დიალოგის ფორმატის ჩამოყალიბება და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენა.
"ეს არის ელემენტარული ნაბიჯები, რაც ყველას წაადგება. თუმცა დღის წესრიგში ჩვენ რუსეთთან განსახილველი ძალიან ბევრი საკითხი გვაქვს და მოგვიანებით მოლაპარაკებების პროცესში რთული თემების განხილვაც მოგვიწევს", - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.
მისივე თქმით, მისასალმებელია რუსული მხარის განცხადებაც სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებისა და რეგულარული რეისების აღდგენის შესახებ, თუმცა როგორც ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, საქართველომ მხარი დაუჭირა რუსეთის გაწევრიანებას მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციაში, რაც მოსკოვს მეზობლებთან და მათ შორის საქართველოსთან ცივილიზებული სავაჭრო ურთიერთობების ჩამოყალიბებას ავალდებულებს.
"ამ მოლაპარაკებების პროცესს და ინიციატივას მხარს უჭერენ ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც. არაფორმალურ შეხვედრაზე შეთანხმდება ძირითადი საორგანიზაციო ტექნიკური საკითხები, მათ შორის დიალოგის გაგრძელებასა და პერიოდულობასთან დაკავშირებით", - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.
მისივე თქმით არ მიიჩნევს, რომ მოლაპარაკებების ეს ფორმატი რუსეთთან ხელს შეუშლის ჟენევის პროცესს.
"ჟენევის ფორმატს ჩვენ არ ვეხებით, რადგან მან მუშაობა უნდა გააგრძელოს. ჩვენ უბრალოდ ახალ არხზე პოლიტიკური დიალოგი გვჭირდება", - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.
საქართველოსა და რუსეთის წარმომადგენლების პირველი შეხვედრა, მ სავარაუდოდ, მიმდინარე კვირას გაიმართება. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მოლაპარაკებებს შვეიცარია უმასპინძლებს და მასში რუსეთის მხრიდან მონაწილეობას მიიღებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი.