
"სამართალდამცველები მერიაში ნებისმიერ შემთხვევაში შევლენ, ეს იქნება მძღოლების მოთხოვნის დაკმაყოფილება თუ არა. უბრალოდ, თუ არ გადადგებიან ჯოხაძე და კოპლატაძე, ეს პროცესი აუცილებლად დაჩქარდება. სამართალდამცველები დაითვლიან თითოეულ თეთრს, რის შემდეგაც დადგინდება სიმართლე, რომ ამ მძღოლების მოთხოვნები სრულიად მართებულია", - განაცხადა სოსო ჯაჭვლიანმა.
რაც შეეხება კითხვას, თუ საიდან ფლობს ინფორმაციას სოსო ჯაჭვლიანი, რომ მერიაში სამართალდამცველები შევლენ, ამ კითხვას დეპუტატმა პროვოკაციული უწოდა და აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია სწორედ მძღოლებისგან აქვს, რადგან მძღოლებმა სიმართლის დასადგენად პროკურატურაში საჩივარი შეიტანეს.
როგორც ცნობილია, ე.წ. ყვითელი ავტობუსების მძღოლები მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროს აკაკი ჯოხაძეს და სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელ ლევან კოპლატაძეს გადადგომისთვის ვადას დღის ბოლომდე აძლევენ. მანამდე ისინი თბილისის მერიასთან დარჩებიან და პასუხს დაელოდებიან, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, შემდგომ ნაბიჯებს დაგეგმავენ. მძღოლები ასევე აცხადებენ, რომ თუ აღნიშნული პირები გადადგებიან, ისინი თავიანთ სამსახურებს ხვალიდან დაუბრუნდებიან და გაფიცვას შეწყვეტენ.
"ინტერპრესნიუსი"