
საქართველოს ყოფილი სავაჭრო ეკონომიკური წარმომადგენელი რუსეთში, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი ლეონარდო დევდარიანი , რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს ხელისუფლებასა და გენერალ ბორისოვს შორის მოლაპარაკებებში მონაწილეობდა, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში "ახალგორის განზრახ ჩაბარებაზე" საუბრობს.
მისი თქმით, ნაცნობების გამოყენებით დაარწმუნა რუსული მხარე, ომის პერიოდში ახალგორის რაიონი ოსი მოროდიორებისგან გაეწმინდათ და იქ მოსახლეობის დასაცავად ქართული პოლიცია შესულიყო.
როგორც დევდარიანი განმარტავს, გენერალ ბორისოვს მის თვალწინ დაურეკა რუსეთის გენერალური შტაბის უფროსმა, არმიის გენერალმა მაკაროვმა და ახალგორში რაზმის გაგზავნა უბრძანა.
"გენშტაბის უფროსმა ჩემს თვალწინ უბრძანა ბორისოვს, გაეგზავნა რაზმი ახალგორის რაიონში, გაეწმინდათ მოროდიორებისა და ბანდფორმირებებისგან და კარალეთის ბაზასთან ერთად ქართული პოლიციისთვის დაებრუნებინათ", - აცხადებს დევდარიანი.
მისივე ინფორმაციით, ეს ირაკლი კოდუას აცნობა, თუმცა 15 წუთში მისგან მოულოდნელი პასუხი მიიღო.
"დამირეკა და მითხრა, კარალეთის ბაზის გადმობარებაზე მზად ვართ, მეორე საკითხზე მინდა გელაპარაკოო. უფროსობას მოვახსენე ეს ყველაფერი, იმათ მოახსენეს პირველს და დამირეკეს, გადაითამაშე უკანო...უფროსი სააკაშვილი იყო. კოდუამ გამიმეორა, ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს პოლიტიკოსებმაო... რომელმა პოლიტიკოსმა გიბრძანა ასეთი სისულელე-მეთქი, ვღრიალებდი. თარგამაძეზე იყო ლაპარაკი, ადეიშვილზე, მერაბიშვილზე და თავისთავად პრეზიდენტისგან მოდიოდა ბრძანება", - აცხადებს დევდარიანი.
მისივე განმარტებით, არაერთი მცდელობის მიუხედავად, ირაკლი კოდუასთან ვერაფერს გახდა, რომელიც სოდ-თან ერთად თბილისში დაბრუნდა.
"ასე თვალსა და ხელს შუა ჩააბარეს ახალგორი... ჰკითხეთ ანზორ მარგიანს, ზაზა გოგავას, კოდუას და გეტყვიან, რომ ასე იყო. თუ არ იტყვიან, სახელმწიფო ღალატში მონაწილეობაზე აიღებენ პასუხისმგებლობას", - აღნიშნავს დევდარიანი.
ლეონარდო დევდარიანი ასევე მიმართავს გენერალურ პრიოკურორ არჩილ კბილაშვილს, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანსა და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს, ეს ინტერვიუ მის ოფიციალურ ჩვენებად მიიღონ.
ინტერვიუს ვრცელი ვერსია "კვირის პალიტრის" დღევანდელ ნომერში გამოქვეყნდა.
ვრცლად იხილეთ>http://www.kvirispalitra.ge/politic/14376-skandali-vin-chaabara-akhalgori.html