მე მაინც შევძლებ იმ ოჯახში, რასაც რუსთაველის თეატრი ჰქვია, კიდევ ბევრი რამე გავაკეთო, - ამის შესახებ რეჟისორმა რობერტ სტურუამ რუსთაველის თეატრში მის დაბრუნებასთან დაკავშირებით კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. სტურუამ აღნიშნა, რომ საქართველოში, თეატრში არსებობს ტრადიცია იმისა, რომ თეატრებიდან გაყარონ რეჟისორები, მაგრამ აღნიშნული ტრადიცია მის მიმართ არ განხორციელებულა და მშვიდობით წამოვიდა თეატრიდან. "მე ღამღამობით ბევრს ვფიქრობ თეატრში დაბრუნებასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი ჰგავს იმას, ოჯახები რომ ინგრევა. კაცები მოდიან ოჯახებიდან და ხანდახან ისინი ბრუნდებიან, მეც ასე დამემართა. მართალია, ოჯახში დაბრუნებისას ცოლებს უფრო ახალგაზრდა მამაკაცები სჭირდებათ, მაგრამ მე მაინც შევძლებ იმ ოჯახში, რასაც რუსთაველის თეატრი ჰქვია, კიდევ ბევრი რამე გავაკეთო, მიუხედავად იმისა, რომ 75 წლის ვარ", - აღნიშნა რობერტ სტურუამ.
|