პროკურატურაში შოთა ხიზანიშვილის დაკითხვა მიმდინარეობს
ამ წუთებში საქართველოს მთავარ პროკურატურაში მოწმის სტატუსით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, შოთა ხიზანიშვილის დაკითხვა მიმდინარეობს , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხათუნა ოჩიაურმა განუცხადა. ხათუნა ოჩიაურის თქმით, ხიზანიშვილთან ერთად იმყოფება მისი ადვოკატიც. ოჩიაური ამ დროისთვის არ ფლობს ინფორმაციას, თუ ვინ არის ხიზანიშვილის ადვოკატი. "ასევე, არ ვფლობ ინფორმაციას, თუ რა საქმეზე მიმდინარეობს მისი დაკითხვა. დეტალები ჩემთვის უცნობია", - აღნიშნა ოჩიარმა. შოთა ხიზანიშვილი შსს-ს ადმინისტრაციის უფროსი იყო, შემდეგ კი მინისტრის, კერძოდ ბაჩო ახალაიას მოადგილე. ცოტა ხნის ხიზანიშვილი თბილისის მერის მოადგილედ დაინიშნა.
პრეზიდენტის ვიზიტის დროს სკოლის ეზოდან გატაცებულმა პედაგოგმა პროკურატურას მიმართა
ხუთშაბათი, 15 ნოემბერი 2012 12:59
სოფელ ჩალაუბნის საჯარო სკოლის ყოფილმა პედაგოგმა ლამზირა ყორჩიშვილმა, რომელიც 2011 წლის 26 სექტემბერს, სკოლის ეზოდან პრეზიდენტის ვიზიტის დროს გაიტაცეს, პროკურატურას განცხადებით მიმართა. დაზარალებული პედაგოგი გატაცებაში პოლიციის ყოფილ უფროსს ლევან ბიწკინაშვილს ადანაშაულებს და მის დასჯას ითხოვს.
„გასული წლის აგვისტოში, კახეთის გუბერნატორის მოადგილის ალეკო კახიძის ნათესავმა ლალი კუდაშვილმა, რომელიც სკოლის დირექტორია, სამსახურიდან უსაფუძვლოდ გამათავისუფლა. 26 სექტემბერს გავიგე, რომ მელაანის სკოლის გახსნაზე პრეზიდენტი მოდიოდა. წავედი მასთან შესახვედრად, რომ ამ უკანონობის შესახებ მეთქვა ან წერილი გადამეცა. გურჯაანის პოლიციის მაშინდელი უფროსი ლევან ბიწკინაშვილი მოვიდა და მიბრძანა, ტერიტორია დატოვე, თორემ გაგათრევთ აქედანო. მომკიდა ორმა პიროვნებამ ხელი, მესამე იყო თვითონ ლევან ბიწკინაშვილი და გზის მეორე მხარეს გადამათრიეს. ხალხს რომ გავცდით, წინააღმდეგობა გავუწიე, მათ თრევით წამიყვანეს, შემაგდეს მანქანაში, თავი მარტყმევინეს მანქანის მინაზე და როგორ აღმოვჩნდი კაჭრეთის საავადმყოფოში, არ მახსოვს. პროკურატურისთვის აქამდე საჩივრით არ მიმიმართავს იმიტომ, რომ აზრი არ ჰქონდა. ახლა შევიტანე საჩივარი ბიწკინაშვილის წინააღმდეგ,“ – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ლამზირა ყორჩიშვილმა.
შეგახსენებთ, 2011 წლის 1-ელ ოქტომბერს კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც გურჯაანის რაიონის სოფელ ჩალაუბნის საჯარო სკოლის ყოფილი პედაგოგი ლამზირა ყორჩიშვილი აღწერს, როგორ გაიტაცეს და ცემეს ის 26 სექტემბერს, მელაანში, პრეზიდენტის ვიზიტის დროს.
კახეთის საინფორმაციო ცენტრმა 1 ოქტომბერსვე გაარკვია, რომ ლამზირა ყორჩიშვილი გურჯაანის პოლიციის უფროსის ლევან ბიწკინაშვილის მანქანით გაიტაცეს. „მერსედესის“ მარკის ვერცხლისფერი მანქანა სახელმწიფო ნომრით GEG – 020, შს გურჯაანის სამმართველოს ბალანსზეა. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, გურჯაანის პოლიციის უფროსი ლევან ბიწკინაშვილი პირადი პატაკის საფუძველზე თანამდებობიდან გათავისუფლდა, თუმცა 2012 წლის ივლისში ის შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ დაინიშნა, სადაც 2012 წლის ოქტომბრამდე მუშაობდა. პედაგოგის გატაცების საქმე ამ დრომდე გამოუძიებელია.
თეა წულუკიანი - შსს-ს ყოფილ მაღალჩინოსნებს პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის მიღებაში ედებათ ბრალი
11:20 15-11-2012
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცხრა ყოფილ მაღალჩინოსანს ბრალი ედება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით სხვა ადამიანების პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის მიღებაში , - ამის შესახებ ჟურნალისტებს სასტუმრო "თბილისი მარიოტში" საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გუშინდელი დაკავებების კომენტირებისას განუცხადა. მისივე თქმით, ეს არ არის პოლიტიკური დაკავებები. "დაკავებულია ცხრა ადამიანი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი ჩინოსნები, რომლებსაც ბრალი ედებათ იმაში, რომ მათ გამოიყენეს თანამედროვე ტექნოლოგიები, კომპიუტერული ქსელი, რათა ადამიანების პირადი ცხოვრება, მათ შორის კომერციული და ფინანსური ინფორმაცია გაეტანათ", - აღნიშნა თეა წულუკიანმა. კუდ-ისა და სოდ-ის მაღალჩინოსნები გუშინ მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფებოდნენ, რომლის შემდეგაც რამდენიმე მათგანი დააკავეს. ამ დროისთვის ოფიციალურად ცნობილია ორი მათგანის ვინაობა - კუდ-ის უფროსი ლევან ქარდავა და თბილისის კუდ-ის უფროსი გიორგი ყავლაშვილი. როგორც ყავლაშვილის ადვოკატმა დავით ხაჟალიამ აღნიშნა, ყავლაშვილს ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც სხვისი ქონების განადგურებას გულისხმობს და დანაშაული 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გარდა ამისა, მას ბრალი წარედგინა 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და ასევე 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. საქმე ეხება "ქართუ ჯგუფის" კუთვნილი ტვირთის დაზიანებას ტერმინალზე. ლევან ქარდავას ადვოკატის, კახა შონიას განცხადებით კი, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი ორი მუხლით წაუყენეს. 143-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს და 333-ე მუხლით - უფლებამოსილების გადამეტება. ამ შემთხვევაში საუბარია ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრ ბესიკ სურმავას გატაცებასა და თავისუფლების უკანონო შეზღუდვაზე.
ბიძინა ივანიშვილი ეუთო-ს კომისარს, კნუტ ვოლებეკს შეხვდა
17:00 15-11-2012
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი ეუთო-ს უმაღლეს კომისარს ეროვნული უმცირესობების საკითხებში, კნუტ ვოლებეკს შეხვდა. მხარეებმა ეროვნული უმცირესობების პრობლემების მოგვარების გზებზე ისაუბრეს. ეუთო-ს უმაღლესმა კომისარმა საქართველოს პრემიერ–მინისტრს ის პროექტები გააცნო, რომელსაც ეუთო ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებით საქართველოში ახორციელებს. ბიძინა ივანიშვილმა მას მთავრობის ხედვა გააცნო და უკვე არსებული პროექტების გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვა.
ბესიკ სურმავას ოჯახი პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებას სამართლიანად მიიჩნევს
11:32 15-11-2012
ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრის, ბესიკ სურმავას მეუღლე, მაკა ლობჟანიძე პროკურატურის მიერ მისი მეუღლის საქმესთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებას სამართლიანად მიიჩნევს. ამის შესახებ მაკა ლობჟანიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა. მისი თქმით, დადებითად აფასებს გამოძიების დაწყებას, თუმცა განმარტავს, რომ სურმავას გატაცების ბრალდებით ლევან ქარდავას დაკავების შესახებ მან ტელევიზიიდან შეიტყო და დამატებით ინფორმაციას არ ფლობს. ადვოკატების ცნობით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლევან ქარდავა, აგრეთვე გიორგი ყავლაშვილი და სოდ-ისა და კუდ-ის რამდენიმე სხვა მაღალჩინოსანი დაკითხვის შემდეგ დააკავეს. კუდ-ის უფროსს, ლევან ქარდავას ბრალი ორი მუხლით წარედგინა - 143-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს და 333-ე მუხლით - უფლებამოსილების გადამეტება. საუბარია ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრ ბესიკ სურმავას გატაცებასა და თავისუფლების უკანონო შეზღუდვაზე. ბესიკ სურმვა საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გაუჩინარდა, რის შემდეგაც სოციალურ ქსელებში მისი სახელით ”ქართული ოცნების” წევრთა საუბრების ფარული ჩანაწერები ვრცელდებოდა.
პროკურატურაში, სავარაუდოდ, კუდ-ის უფროსის მოადგილის დაკითხვაც მიმდინარეობს
17:16 15-11-2012
მთავარ პროკურატურაში, თბილისის მერის მოადგილე შოთა ხიზანიშვილთან ერთად, კუდ-ის უფროსის მოადგილის, ვაჟა ლილუაშვილის დაკითხვაც მიმდინარეობს. აღნიშნული ინფორმაცია პროკურატურასთან შეკრებილ ჟურნალისტებში ვრცელდება, თუმცა ამ დრომდე მედიის წარმომადგენლებისთვის უცნობია, თუ რა საკითხზე მიმდინარეობს დაკითხვა. სავარაუდოდ, შოთა ხიზანიშვილისა და ვაჟა ლილუაშვილს პროკურატურა იმავე საკითხებზე ჰკითხავს, რომლის საფუძველზეც უწყების მიერ დაკავებულია 9 პირი, სოდ-ისა და კუდ-ის მაღალჩინოსნები. კერძოდ - პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის მიღება. გარდა ამისა, არაოფიციალური ინფორმაციით, დაკითხვის ერთ-ერთი მიზეზი ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრის, ბესიკ სურმავას გატაცებაა. ვაჟა ლილუაშვილი კუდ-ის უფროსის ლევან ქარდავას მოადგილეა. ლევან ქარდავა დღეს, გამთენისას კიდევ რამდენიმე პირთან ერთად დააკავეს.