
წერილში კომისარი საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელს საქართველოში არასათანადო მოპყრობისა და წამების ამოსაძირკვად ეფექტური ზომების გატარების რეკომენდაციით მიმართავს.
"საქართველოს ხელისუფლებამ ყურადღება უნდა მიაქციოს პატიმრებისა და ოფიციალური პირების მიერ დაკავებული სხვა ადამიანების მიმართ არასათანადო მოპყრობის შესახებ ხანგრძლივი დროის განმავლობაში არსებულ შეშფოთებას; გადადგას ეფექტური ნაბიჯები, რათა გააუმჯობესოს ანგარიშვალდებულების სისტემა. აუცილებელია მუდმივი სიფხიზლე წამების სრული აკრძალვის ეფექტურობის უზრუნველსაყოფად. მე ვაპირებ ამ საკითხებზე გავამახვილო ყურადღება ჩემს დიალოგში ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მათ შორის საქართველოში ჩემი შემდგომი ვიზიტის დროს", - აცხადებს ნილს მუიჟნიეკსი.
ამასთან, კომისარი, იმის აღიარებით, რომ რამდენიმე სწრაფი ზომა იყო მიღებული ციხის სკანდალის საპასუხოდ; ხელისუფლების იმ დაპირების აღნიშვნით, რომ ადამიანის უფლებათა ასეთ დარღვევებს აღარ შეეგუებიან, ხაზს უსვამს - აუცილებელია, ჩატარდეს ეფექტური გამოძიებები, რათა დადგინდნენ და დაისაჯონ თავისუფლებააღკვეთილი პირების არასათანადოდ მოპყრობაზე პასუხისმგებელი პირები.
"ამ შეურაცხყოფებში, პირდაპირი დამნაშავეების გარდა, ის ოფიციალური პირები, რომლებმაც დაუკვეთეს ან იყვნენ ინფორმირებულნი ამის შესახებ, უნდა მიეცნენ პასუხისგებაში. ამას უნდა მოჰყვეს დანაშაულის სიმძიმის შესაბამისი სასჯელი, მაგრამ სამართალი არ უნდა იყოს შერჩევითი. გამოძიება და სასამართლო პროცესები უნდა შეესაბამებოდეს ადამიანის უფლებათა სტანდარტებს, რათა შენარჩუნებულ იქნას სასჯელაღსრულებაზე პასუხისმგებელი ინსტიტუციების ერთიანობა და სანდოობა", - ნათქვამია წერილში.
კომისარი ასევე ხაზს უსვამს, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსხვერპლი, მოწმეები და მათი ოჯახები იყვნენ დაცულნი, მათ შორის იმ ოფიციალური პირების შურისძიებისგან, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ამ საქმეებში და უზრუნველყოფილნი იყვნენ იურიდიული დაცვის ადეკვატური საშუალებებით, ისევე როგორც სამედიცინო და ფსიქო-სოციალური დახმარებით.
მუიჟნიეკსი აცხადებს, რომ ციხეებში არასათანადო მოპყრობა არ უნდა იყოს განხილული პენიტენციალური სისტემისგან და ზოგადად სისხლის სამართლის პოლიტიკისგან განცალკევებით.
"საქართველოს აქვს პატიმრობის ყველაზე მაღალი ინდექსი ევროპაში, რაც გამომდინარეობს ნაწილობრივ წვრილმანი დანაშაულის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის მკაცრი პოლიტიკიდან და გამოტანილი სასჯელის არაპროპორციული ხანგრძლივობიდან. უფრო ჰუმანური და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული სისხლის სამართლის პოლიტიკა უნდა შემუშავდეს და წინასწარი დაკავებისა და დაპატიმრების მიმართვიანობა უნდა შემცირდეს", - აღნიშნულია ნილს მუიჟნიეკსის წერილში.