ოთხშაბათი, 18.06.2025, 12:14
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 6
სტუმარი: 6
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2012 » ნოემბერი » 1 » ექსკლუზიური ინტერვიუ გიორგი უდესიანთან
07:20
ექსკლუზიური ინტერვიუ გიორგი უდესიანთან

 


http://versia.ge/images/stories/politikuri_TamaSebi/giorgi-udesiani.jpgგიორგი უდესიანი: ,,ცალ-ცალი კალოშით მთავრობაში არ მოვსულვარ და ნუ შეეცდებიან დამაბრალონ, სხვებისთვის ბიზნესის წართმევა''

 

ამ კაცზე თბილისში ლეგენდები დადის. ,,ზონდერ-ჯგუფების'' მეთაური, ,,მიტინგების დამრბევი ჯალათი'', ბიზნეს-წილების ,,ამხევი'' და კიდევ უამრავი დისკრედიტაციული ეპითეტი ბიზნესმენ გიორგი უდესიანის მისამართით.მიუხედავად იმისა, რომ უდესიანი ,,ვარდების რევოლუციის'' შემდგომ დიდხანს სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა, ჟურნალისტებთან მას ამ თემებზე არასოდეს უსაუბრია. ახლა ის ჩვენ დავითანხმეთ, დუმილი დაერღვია და ყველა იმ სკანდალურ თუ გახმაურებულ თემებზე გულახდილად  ესაუბრა, რაც აქამდე მისი პიროვნების ირგვლივ აგორდა და რომელსაც მისი პიროვნების დისკრედიტაციისთვის მიზანმიმართულ ბინძურ კამპანიას უწოდებს. ,,ვერსია'' გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს გერმანიაში მყოფ გიორგი უდესიანთან:

_ ბატონო გია, თქვენზე ამბობენ, რომ თბილისიდან გაიქეცით და გერმანიას აფარებთ თავს.

_ ტყუილია. მე არსად გავქცეულვარ. მაშინაც კი, როცა რუსი აგრესორი ლამის თბილისში იყო შემოსული და ზოგიერთები სადახლოს გავლით გარბოდნენ, მე ჩემი სამშობლოდან ფეხი არ მომიცვლია. ვინც მე მიცნობს, ყველამ იცის, რომ არსად გამქცევი კაცი არ ვარ. რადგან ასეთი ინტერესის სფეროში მოექცა ჩემი საზღვარგარეთ ყოფნა, გეტყვით, რომ გეგმიურად გათვალისწინებული ოპერაცია  უნდა გამეკეთებინა, ამ მიზნით არჩევნებამდე ერთი თვით ადრეც ვიმყოფებოდი  გერმანიაში.Aამ მიზეზის გარდა, ადამიანურად რომ გითხრათ, კარგია, რომ წამოვედი და სიტუაციას გავერიდე.

_ რას გაერიდეთ?

_ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ცილისწამებების კორიანტელს. ჩემი პიროვნების მიზანმიმართული დისკრედიტაცია მიმდინარეობს... ცდილობენ, ქართულ საზოგადოებას ჯალათად წარმოუდგინონ ჩემი თავი.

_ თქვენ ზონდერ-ჯგუფების მეთაურად და სახელისუფლებო ბიზნეს-წილების მაკონტროლებლადაც გასახელებენ. მეტიც, სახელისუფლებო წრეებთან სიახლოვითა და გავლენით ავიწროვებდა და ბიზნეს-წილებს ახევდაო.

_ ღმერთმა ხომ მაინც იცის, რომ მართალი კაცი ვარ. მე, გიორგი უდესიანს, არასოდეს არავისთვის არაფერი წამირთმევია, სვანი კაცი ვარ და შემიძლია ხატზე დავიფიცო. პირიქით, აქეთ ჩემი ვალი აქვს ძალიან ბევრს, ადამიანურიც და ფინანსურიც. ის შავი პიარიც, რაც ააგორეს ჩემი პიროვნების დისკრედიტაციისთვის გარკვეულმა ჯგუფმა, მათ ბუმერანგივით მიუბრუნდებათ უკან ლაფისა და ჭუჭყის სროლა. ეს ცხოვრების კანონზომიერებაა.   

_ თუმცა 2003 წლიდან, ფაქტია, რომ ძალიან ბევრ კომპანიაში გაიზარდა თქვენი წილობრივი მონაწილეობა.…

_ მთავრობაში ცალ-ცალი კალოშით არ მოვსულვარ და ხელისუფლებაში ყოფნისას არ დამიწყია სიმდიდრის მოხვეჭა. ამას ვამბობ სრული ადამიანური  და სამართლებრივი პასუხისმგებლობით. ქალაქის სპორტის სამსახურის უფროსი, ქალაქის მთავრობის წევრი ვიყავი, ვიდრე კულტურის სამინისტროში მინისტრის მოადგილედ დამნიშნავდნენ. 2008 წლის აგვისტოს ომამდე ვიყავი ამ თანამდებობაზე და აგვისტოს ომის შემდომ წავედი თანამდებობიდან. როდესაც ვამბობ, რომ ცალ-ცალი კალოშით არ მოვსულვარ, ამას გამყარებული ფაქტებით ვაცხადებ. მე რევოლუციამდე მქონდა ბიზნესი უკრაინასა და ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, რევოლუციამდე მყავდა მანქანები და სახლებიც. მხოლოდ ისე რომ ცდილობენ წარმოაჩინონ, რომ თანამდებობაზე მოსვლის შემდგომ დავაგროვე ქონება.Aადამიანები, რომლებიც არც კი მიცნობენ, ჩემს შესახებ ელემენტარულ ინფორმაციას არ ფლობენ და ჩემგან უნდათ საფრთხობელა შექმნან. ნებისმიერ თქვენ კითხვას გავცემ პასუხს, ოღონდ საქმის ობიექტურობით უნდა იყოთ დაინტერესებული და არა მიზანმიმართული დისკრედიტაციით.  2001 წლიდან უკრაინაში, კერძოდ, ოდესაში, სერიოზულ სამშენებლო ბიზნესში ინვესტიციებს ვფლობდი, ასევე ევროპაში. შავი პიარი ჩემს წინააღმდეგ შეგნებულად ააგორა გარკეულმა ჯგუფმა. ჩემი და ჩემი უცხოელი ბიზნეს-პარტნიორების დამსახურებაა, რომ საქართველოში ამდენი ინვესტიცია და ათეულობით მილიონი დოლარი ჩავადებინე. ამის ცოცხალი მოწმეები უცხოელი პარტნიორები ხომ არიან, არც მიკროფონს გაურბიან, არც კითხვებზე პასუხებს, რატომ არ უკავშირდება უცხოელ პარტნიორებს ზოგიერთი მედიასაშუალება? იმიტომ, რომ ბინძური კამპანიის დაქირავებული შემსრულებლები არიან. იქნებ,  ამ ჟურნალისტებმა ჯერ საკუთარი, ბოლო დროს თვალშისაცემად მზარდი აგარაკებისა და მანქანების შესახებ მოამზადონ ფილმები და მერე მოსცხონ სხვას ჩირქი.  

_ კი, მაგრამ, ბატონო გიორგი, ამ ფირმების მფლობელ უცხოელ პარტნიორებს  რომ ასახელებთ, მათ თქვენ ე.წ. პადსტავნოი პირებად და თქვენ მეგობრებად  მოიხსენიებენ.

_ როგორ გეკადრებათ? ასე ენას ძვალი არა აქვს და ათასი რამის დაბრალება შეიძლება. მტერი ხომ არ ჩადებდა ჩემთან ერთად პროექტში ფულს? თუ არის პარტნიორობა და მეგობრობა, მაშინ იქმნება საერთო ბიზნეს-გეგმა, თქვენ სერიოზულ საქმეს თქვენ მტერთან ერთად მოეკიდებით? ჩემს მიერ შემოყვანილი  ინვესტორები წესიერი ხალხია, ბევრი იმ ქართველი ბიზნესმენისგან განსხვავებით, რომლებიც თაღლითობითა და აფერისტობით მოდიან ბიზნესში.  ჩადით უკრაინაში, ევროპაში და ნახეთ, რა ხალხია ესენი.

_ რომელიმეს გვარი შეგიძლია დამისახელოთ?

_ რა თქმა უნდა, ეს საჯარო ინფორმაციაა, ვლადიმერ ასაჩი, უკრაინის მოქალაქე, რეზო ქურასბედიანი, უკრაინის მოქალაქე და კიდევ რამდენიმე პიროვნება.

_ ბატონო გიორგი, თქვენ აცხადებთ, რომ ბიზნესში სუფთა ხელებით მუშაობთ, თუმცა ბოლო დროს თქვენი სახელი ზონდერ-ჯგუფებთან ასოცირდებოდა. მაინც რატომ დაგასახელეს ზონდერ-ჯგუფის ხელმძღვანელად? ამას გარდა, თქვენი სახელი ასოცირდება კუდ-თან და შსს-ს სხვა მაღალჩინოსნებთანაც. ბატონო გიორგი, იმასაც შეგახსენებთ, რომ სპორტსმენი ამბაკო ავალიანი და  ძიუდოისტი ბეთქილ შუკვანი თქვენ გადანაშაულებდნენ ზეწოლასა და მუქარაში, რომ პირადად თქვენ ცდილობდით მათთვის ,,კბილების დამტვრევას''.

_ ეს ის საკითხია, რაც ადამიანურად მართლა მაწუხებს. თანმიმდევრულად მივყვები თქვენ შეკითხვას. ცხოვრებაში გია უდესიანი არასოდეს არ ყოფილა ე.წ. ზონდერ-ჯგუფების უფროსი, ეს იმათ იციან, პირველ რიგში, ვინც მე მიცნობენ. 2005 წლიდან მე ვიყავი რეზერვისტთა ბატალიონის მეთაური და ამ წლების განმავლობაში, ჩემს თანამებრძოლებს, ქართველ უვაჟკაცებს, ბიჭებს, ვისაც გაუვლიათ წვრთნა-აღჭურვის პროგრამის კურსები, როგორც მეთაური, ყოველთვის ვასწავლიდი, ღირსების, ოჯახის, ქართველობის, წინაპართა საფლავების დაცვას. ომის დროს სამშობლოს მიწა-წყალი დაეცვათ და არა სადახლოსა და წითელ ხიდზე თავქუდმოგლეჯილებს ერბინათ. არც ერთი ჩემი თანამებრძოლი არასოდეს არ ყოფილა ზონდერ-ჯგუფების წევრი. არც 26 მაისს, არც 7 ნოემბერს, მე და ჩემს ბიჭებს არანაირი მონაწილეობა არ მიგვიღია არავის დარბევაში, თანამებრძოლებისთვის მე ბავშვების, დედებისა და მომიტინგეების დარბევა არ მისწავლებია. 7 ნოემბერს, როცა მთავრობის წევრი ვიყავი, მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, რუსთაველზე მაშინ გამოვედი, როცა  მიტინგი რამდენიმე წუთის დაშლილი იყო. იმდენად შევიდნენ ჩემი დისკრედიტაციის აზარტში, რომ ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს ჩეჩნების კურატორობაც კი მე დამაბრალეს. ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს ვიმყოფებოდი ბაქოში, ჩემს მეგობრებთან ერთად, 5 დღით. იქ გავიგე საერთოდ, ლაფანყურის ოპერაციის შესახებ, ამოსწიეთ საზღვრის კვეთა და ნახავთ, ეს ხომ ოფიციალური დოკუმენტაციაა.  

_ ბატონო გიორგი, თქვენ არ გამეცით კონკრეტული პასუხი ამბაკო ავალიანისა და შუკვანის ბრალდებებზე.

_ რაც შეეხება ამ პიროვნებებს, მე მათსავით არ დავხურდავდები, მაინც ჩემი მიწა-წყლის ბიჭები არიან, მაგრამ სიბინძურეს საუბრობენ.

_ 2012 წლის აგვისტოში, ლონდონში, ოლიმპიადაზე არ იყავით?

_ მე ვიყავი ოფიციალური დელეგაციის წევრი, ოლიმპიური კომიტეტიდან.

_ უკაცრავად, რა სტატუსით იმყოფებოდით?

_ მე ვარ სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, მათ შორის ნინო სალუქვაძეც ასპარეზობდა ჩვენი სახეობიდან. როდესაც შუკვანმა წააგო, მთელი ხალხი უყურებდა ამას, მივედი მასთან, გადავხვიე ხელი, შუბლზე ვაკოცე და გული არ დაიწყვიტო, ყველაფერი კარგად იქნება-თქო. 10 კაცით რომ ვიყავი მისული, ეს არის სიცრუე. მე არც კი ვიცოდი, მაშინ შუკვანი ვისთან იყო, ,,ოცნებობდა თუ ნაციონალობდა'' და ვისთვის აპირებდა ოქროს მედლის ჩამოტანას. თითქოსდა, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი, მივადექი 10 კაცით, ეს ბინძური ტყუილია. ჯერ ელემენტარულია და ყველამ იცის ჩემს გარშემო, რომ წლებია, ალკოჰოლს საერთოდ არ ვსვამ. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ნამგალაურმა მითხრა, რომ შუკვანი ძალიან მძიმედ განიცდის წაგებასო და მეც შევატყვე, რომ ფსიქოლოგიურად მოშლილი იყო. ნამგალაურმა ისიც მითხრა, რომ ბავშვი ჰყავსო ცუდად. ჩემი თანასოფლელია შუკვანი და ამიტომ ჩავედი მასთან ოლიმპიურ სოფელში, რომ დავხმარებოდი,Mმაგრამ მითხრეს, რომ შენი ნახვა არ სურს ახლა და მერე გნახავსო. უკან წამოვედი ისე, რომ არც მინახავს. იქ ხომ ხალხი იყო, იმ ოლიმპიურ სოფელში, მათ ხომ იციან ყველაფერი. არ შეიძლება ამდენი  სიბინძურეები ვესროლოთ ერთმანეთს. სვანები ვართ ორივე, მოვა დრო, დავსხდებით და ვილაპარაკებთ. თვალებში ხომ უნდა შემომხედოს.

_ ბატონო გია, შეიძლება ესაც მუქარად აღიქვან, რადგან თქვენი სახელი ხშირად ასოცირდება ძალადობასთან, მაგალითად, ბიზნესში წილების ,,ახევასთან''. გახმაურებული კუს ტბის სკანდალი. ბესო ხარძიანის თემით ხშირად აპელირებენ მასმედიაში, რომ თქვენ ხარძიანი აიძულეთ, წილი გაეყიდა და მისი ნარკოტიკების მოხმარების ბრალდებით დაკავებაში თქვენც მიგიძღვით წვლილი, იმ ინტერესით, რომ უდესიანს კუს ტბა სურდა მთლიანად ჩაეგდო ხელშიო.

_ ესაც შეთითხნილი ,,შავი პიარის'' შედეგია. ქრონოლოგიურად მოგიყვებით ამის თაობაზე. 2008 წელს ომის შემდგომ, უკრაინაში მიკავშირდება ბესო ხარძიანი და მთხოვს შეხვედრას. თბილისში ჩამოსულს მხვდება და მეუბნება ასეთ ტექსტს: გია, ძმაო, ვიღუპები, მაქვს ინგლისური კომპანიის ვალი, რომელშიც ჩადებული მაქვს კუს ტბა და ამ თანხას ვერ ვიხდი.Mმეფიცება: ძმაო, დავუმტკიცოთ თბილისს, როგორი ძმობა ვიცით სვანებმა, კვირიკეს ხატზე დავიფიცოთო. მაშინ მე განვუცხადე, რომ ამხელა საქმეს და ასეთ დიდ თანხას მარტო ვერ მოვერეოდი, ხარძიანს 6 მილიონ 700 000 დოლარი ვალი ჰქონდა. ეს ,,სანიმუშო'' ბიზნესმენი, ჟარგონით რომ გითხრათ, მთელი ერთი კვირა ,,მკერავდა'', რომ ოდესაში ჩამეყვანა ჩემს პარტნიორთან, რეზო ქურასბედიანთან.

_ მე რომ დავუკავშირდე ბატონ ქურასბედიანს, ის დაადასტურებს კი ამას?

_ ოჯახში მყავდა მასთან მიყვანილი. ამოსწიოს ყველა დაინტერესებულმა პირმა, ჩემი და ბესო ხარძიანის იმდროინდელი საზღვრის კვეთები, როგორ დადიოდა ჩემთან ერთად. როგორ შეიძლება, რომ ძალით ატარო ადამიანი წინ და უკან?!

_ თუმცა მეორე მხარე აცხადებს, რომ ჩანაწერებს უკეთებდით ხარძიანს და აშანტაჟებდით.

_ რაში მჭირდებოდა ჩანაწერები, ეკა?! კაცი მუხლის ჩოქვით მთხოვდა დახმარებას. ხარძიანი ჩავიყვანე ოდესაში და დავარწმუნე ჩემი ბიზნეს-პარტნიორები, რომ ღირდა ამ კაცის დახმარება. მის პირად საბანკო ანგარიშზე გადარიცხულია ნოტარიულად დამტკიცებული 6 მილიონ 700 000 დოლარი. ახლა ლაპარაკობენ, რომ ვინმემ ბიზნეს-წილი ძალით დაათმობინა, ღვთის მაინც არ ეშინიათ?!

_ ბატონო გიორგი, ხარძიანის ოჯახის წევრები სამართალდამცავების მიერ მის დაკავებაშიც თქვენ ინტერესს ხედავენ, წილის საბოლოოდ ხელში ჩაგდება სურდაო.

_ ესეც სიცრუეა და როგორ იხვეწებოდნენ მისი ოჯახის წევრები დახმარებას, ეს ფაქტები ჩვენი ოფისის უსაფრთხოების ვიდეო-კამერამაც დააფიქსირა. როცა ბესო ხარძიანი დააკავეს, უკრაინაში ვიმყოფებოდი. მისი ძმა, გიორგი ხარძიანი ტელეფონით იქ დამიკავშირდა და მაცნობა, რომ დაკავებული იყო და დახმარება მთხოვა. 2011 წლის აპრილის თვეში, ბესარიონ ხარძიანის ოჯახის წევრებმა: მაია ხარძიანმა (და), ილია ხარძიანმა და ირაკლი ხარძიანმა კიდევ ერთხელ მაცნობეს, რომ ჰქონდათ მძიმე ფინანსური მდგომარეობა და შემომთავაზეს შპს „კუს ტბა კალა"-ს წილის შესყიდვა, რაზეც თანხის უქონლობის გამო უარი განვუცხადე. რამდენიმე დღეში მაია ხარძიანმა (ბესარიონ ხარძიანის და) კვლავ იგივე თხოვნით მომმართა და მითხრა, რომ ბესარიონ ხარძიანის დაკავებიდან გამომდინარე, მისი წილის მყიდველი არავინ იქნებოდა და მთხოვა  დავხმარებოდი. ისევე, როგორც არაერთხელ, ადამიანური ფაქტორებიდან გამომდინარე, მე მათ დახმარება ამჯერადაც გავუწიე, ვუშუამდგომლე ჩემს უცხოელ პარტნიორებთან და ხარძიანების მიერ დასახელებული თანხა 3 335 000 აშშ დოლარი მათ ოფიციალურად გადაუხადეს და კომპანიის წილი, თავად ხარძიანების თხოვნით, შესყიდულ იქნა უცხოელი პარტნიორების მიერ. ყოველივე ზემოანიშნულთან დაკავშირებით, არსებობს უტყუარი დოკუმენტაცია, საბანკო და ფაქტობრივი მტკიცებულებები. ყოველივე ამის შემდგომ, ადამიანურადაც რამდენჯერმე გავუწიე დახმარება, ხარძიანებმა თავად ყველაფერი მშვენივრად იციან და მათი მხრიდან ასეთი საუბრები ნამუსის ძარღვის გაწყვეტაა და მეტი არაფერი. ბესო ხარძიანმა ჩემს ოჯახს და ჩემს ღირსებას მიაყენა შეურაცხყოფა, ამის მიუხედავად მისი და მაინც მივიღე, მოვუსმინე და დავეხმარე. ეს ბინძური კამპანია აგორებულია სწორედ ჩემი, როგორც გიორგი უდესიანის პიროვნების, ასევე ბიზნესმენის მიზანმიმართული დისკრედიტაციისთვის. მათგან განსხვავებით, პერსონალურად ჩემი და ჩემი ოჯახის ღირსება ყველაფერზე მაღლა დგას. თუ მათი მხრიდან არ შეწყდება ეს ბინძური კამპანია, ყველა ჩემს ხელთ არსებულ მტკიცებულებას გამოვიყენებ და გავაცნობ ქართულ საზოგადოებას, თუ არ შეწყვეტენ ცილისწამებას, პატივისა და ღირსების შელახვისთვის მივმართავ სასამართლოს, ჭეშმარიტების დასადგენად.  

_ თუ ამდენი სიკეთე გაქვთ გაკეთებული ხარძიანებისთვის, მაშინ რატომ  გაბრალებენ ამდენ რამეს?

_ ჩემთვის გაუგებარია, რა მიზნები ამოძრავებთ ჩემთან მიმართებაში.

_ ბატონო გიორგი, სს ,,უილმილ სერვისი'', რომელიც კუს ტბის მფლობელია, ოფშორულ ზონაშია დარეგისტრირებული... რეალურ მფლობელად კი თქვენ გასახელებენ.

_ ეს ინფორმაცია საჯაროა. კომპანიას ჰყავს თავისი მფლობელები. ასე შეიძლება ისიც დამაბრალონ, რომ ჩინეთის იმპერიაც მე მეკუთვნის.    ბიზნესში თაღლითები ვამხილე, პირში ვუთხარი, რომ ვერ მომატყუბდნენ, მე რომ მათ თავი არ დავუხარე, ამის გამო ჯალათად და ზონდერად რატომ უნდა გამომაცხადონ? ჩემი ქვეყნის სადარაჯოზე ვიდექი მაშინ, როცა აგვისტოს ომის დროს, ეს ვაი-ბიზნესმენები სადახლოზე ყუთებით მიაქანებდნენ პირად ძვირფასეულობას და ცოლების კაბებს იყვნენ ამოფარებულები. 8 საათი  ზნაურის რაიონში ჩემს რეზერვისტებთან ერთად, ოკუპანტის ალყაში ვიყავი და ზურგი არ გვიჩვენებია. როცა თბილისში რუსი ოკუპანტის შემოსვლას გეგმავდა, თბილისის შემოგარენში ჩემს ვაჟკაცებთან, პატრიოტ მეომრებთან ერთად წავედი და ჩემი ბიზნესის გატანაზე კი არ დამიწყია ფიქრი ზოგიერთივით, რა მივიღე ამის სანაცვლოდ, ლაფის სროლა!   

_ თუმცა ზოგიერთ მედიასაშუალებასთან საუბრისას თქვენ ახლა დესტაბილიზაციისა და ქვეყანაში ვითარების დაძაბვის დამკვეთადაც გასახელებენ.

_ რას ლაპარაკობთ. ეკა, მე მივესალმები, რომ ჩემი ქვეყანა გაერთიანებული და აყვავებული, მშვიდობიანი იყოს. ვიღაცას შეიძლება გიჟიც ვეგონო, რადგან მე შემეძლო მშვიდად მეცხოვრა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, მაგრამ მე ვთვლიდი, რომ ჩემი ქვეყნის განვითარებაში მეც უნდა შემეტანა წვლილი.  ყველაფერს ვაკეთებდი, რომ რეზერვისტთა ბატალიონები ყოფილიყვნენ ბრძოლისუნარიანები გარე საფრთხეების მისამართით, მოქნილი ძალა და არა სადახლოზე მორბენალი ორმეტრიანი ქართველი ბიჭები, რიგს რომ ახტებოდნენ. მაშინ ჩემზე ალბათ ფიქრობდნენ, გიჟია ეს უდესიანი, ფული აქვს და რას დაეხეტება ტყე-ღრეშიო. ჩემი საუბარი პათეტიკური გამონათქვამები არ გეგონოთ, გულითა და სულით გეუბნებით. ჩემი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ არც ადრე გამოვსულვარ და არც მომავალში ვაპირებ გამოსვლას.  

_ ბატონო გიორგი, ზაჰესის ტერმინალშიც ფლობთ წილობრივ დივიდენდებს. ამ საქმეში თქვენი ერთ-ერთი ბიზნეს-პარტნიორი, კი ყოფილი ,,მხედრიონელი'' ლონგი ჭელიძეცაა. ,,მხედრიონელობა'' კიდევ ერთი კომპრომატია, რომელსაც თქვენს წინააღმდეგ იყენებენ.

_ ვაჟკაცები და ქვეყნის პატრიოტები ყველგან არიან, მათ შორის ,,მხედრიონშიც'' იყვნენ. მაშინაც ქვეყნის სადარაჯოზე ვიყავი და ზოგიერთი დედიკოს ბიჭი რომ თბილისში კაკაოს სვამდა, მე ტყვიას ვუშვერდი თავს ჩემი ქვეყნისთვის. ეს ლიტონი სიტყვები არაა, ყველამ იცის, ვინც ჩემთან ერთად ერთი დღე მაინც ყოფილა ომში. აბსოლუტურად ყველა ბიზნეს-ინვესტიცია, რომელიც მე ჩემს პარტნიორებს საქართველოში შემოვატანინე, სრული კანონის დაცვითაა განხორციელებული. მათ შორის, ზაჰესის ტერმინალშიც. ყველას შეუძლია მიჰყვეს ქრონოლოგიურად, რეესტრში ხომ ჩანს ყველაფერი, მაგრამ ობიექტურობა არ აიტერესებს ზოგიერთ ჟურნალისტს და დავალება აქვს, რომ ჩემი და ჩემი ოჯახის სახელი გასვაროს.  

_ ,,საქართველოს საერთაშორისო ტრანსპორტის'' რეალური ქონების ფაქტიურ მიმსაკუთრებლადაც თქვენ გასახელებენ, რომ ის გააკოტრეთ და ასე ჩაიგდეთ ხელში ზაჰესის ტერმინალი.

_ ამის თქმა ელემენტარული სიბნელის მანიშნებელია, უკაცრავად, მაგრამ მე პიროვნება ეკონომიკის სამინისტრო ვიყავი, თუ რა ბერკეტები უნდა მქონოდა, რომ ეს განმეხორცილებინა. მისი გაკოტრების საკითხს მე ერთპიროვნულად როგორ გადავწყვეტდი? მაგრამ ვიღაცას სურს ჩემი ასეთად გამოყვანა _ გიორგი უდესიანი, ვარდების რევოლუციის მერე ახევდა წილებს და მდიდრდებოდა _ Eეს ცილისწამებაა. ღვთის წინაშე მართალი ვარ, ბიზნესში არავისთვის უკანონოდ და ძალით თეთრი არ გამომირთმევია და არც არავის ქონება მიმისაკუთრებია. ,,ვარდების რევოლუციამდეც'' სერიოზული ბიზნესი მქონდა, მათ შორის ევროპაში და უკრაინაში და ტყუილად ეცდებიან, რომ მხოლოდ რევოლუციის შემდგომ მათი ვინმესგან წართმევა დამაბრალონ. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ ამას. საქართველოში მე დიდი ფული არ მიშოვია, პირიქით, ჩემს ბიზნეს-პარტნიორებს აქეთ ჩამოვატანინე უცხოეთიდან ფინანსები და ვაღიარებ, რომ შევცდი, რადგან ამის ფასად, მხოლოდ ,,შავი პიარი'', ცილისწამება და ზოგიერთი თაღლითი ბიზნესმენის ინტრიგები მივიღე. საქართველოში ზოგიერთი ბიზნესმენი ასეა გამდიდრებული და გია უდესიანმა მათ რომ თავი არ დაუხარა და თაღლითობებში გამოიჭირა, ეს ვერ მოინელეს.  

_ გიორგი, იგივე ,,ჟორიკა'' რურუასთან რა გაკავშირებთ? კიდევ ერთი კომპრომატი.

_ რატომ არის კომპრომატი?

_ ისიც ,,მხედრიონელი'' იყო.

_ გიორგი რურუა ვაჟკაცია და ბევრ სადახლოზე მორბენალ ვაი-ქართველს მირჩევნია, რომლებმაც ბიზნესი თაღლითობით იშოვეს და თქვენთან, როგორც მანდილოსანთან და საზოგადოებასთან ბოდიშის მოხდით, მაგრამ ბევრ ,,მეტრაკეს'' მირჩევნია. მაგათ ასი თავით მირჩევნია ჟორიკაც და ვაჟკაცი ქართველები.    

_ იპოდრომის ტერიტორიის ხელში ჩაგდება, ეკოლოგიური პარკის გაჩეხვა და კორპუსების აშენებაც თქვენი და ჟორიკა რურუას სახელს უკავშირდება.

_ მიბრძანდით იპოდრომზე, ნახეთ, რა არის გაჩეხილი და რამდენი ხეა დარგული. დოკუმენტაცია არსებობს და ელემენტარული ბოტანიკა ვისაც უსწავლია, ყველამ იცის, რომ ავადმყოფი ხეები უნდა მოიჭრას. თუმცა 200 ხე რომ დაირგა და 4 მოიჭრა, ნუთუ ასე შეუძლიათ თვალებზე ხელების აფარება? რაც შეეხება მშენებარე კორპუსებს, არავითარი შეხება მათთან არ მაქვს, იქ ოფიციალურად არის გამოკრული ბანერი, ებრაელები აშენებენ კორპუსებს. არც ვიცი, ვინ არიან, არც დავინტერესებულვარ. იქვეა დამკვეთიც და მშენებარე კომპანიის ვინაობაც გამოკრულია. აწყობენ აქციას, დგანან იმ ბანერის წინ და კიდევ მე მაბრალებენ, უდესიანისააო. თუ აღმოაჩენენ, რომ რაიმე შეხება მექნება ამ კომპანიებთან, ვაგებ პასუხს კანონის წინაშეც და ადამიანურადაც. იმას რატომ არ ამბობენ, იპოდრომი მორფინისტების შესაკრები ადგილი რომ იყო, 2000 ,,შპრიცი'' ეყარა და ღამე კიდევ გარყვნილებისა და პროსტიტუციის ბუდედ იყო ქცეული, ეს რომ აღვკვეთეთ?!

_,,ავტო-ჰაუსი რუსთავის'' ბიზნესში თქვენ თანაპარტნიორად დავით კირკიტაძეს ასახელებენ... მონოპოლისტად მიგიჩნევენ ამ სფეროში.

_ მე და ჩემმა უცხოელმა პარტნიორებმა ავაშენეთ ავტო-ბაზრობა, ჩადით ახლა და ნახეთ რამდენი მანქანა დგას იმ ბაზრობაზე და გადახედეთ სხვა ავტობაზრობებს რუსთავში, იქ რამდენი დგას. გაკოტრების პირასაა ეს ბაზრობა, რომელ მონოპოლიებზე მესაუბრებით? მონოპოლისტი ვინაა, მაგას მე თქვენ მომავალ ინტერვიუში გეტყვით. ვისაც ძალიან უხარია, რომ მე ჩემი ოჯახით წამოსული ვარ საქართველოდან, მათაც უფალი გასცემს პასუხს. უცოდველი არავინაა, არც მე, მაგრამ სიბინძურე და ლაფი არავისთვის მისვრია.

_ ხელისუფლების წარმომადგენლებს თუ ხვდებით მანდ?

_ არავისთან შეხვედრები აქ არ მაქვს, გეგმიური ოპერაცია უნდა გავიკეთო. მინდა გითხრათ, რომ არც კუდ-ის, არც სოდ-ის, არც მერიის და არც კრიმპოლის ტიპი არასოდეს ვყოფილვარ. მე ვარ გიორგი უდესიანი და მთავრობაში ყოფნის დროს შეხება ყველა ნორმალურ ადამიანთან მქონდა. იმას რატომ არ საუბრობენ, აგვისტოს ომის შემდგომ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, თი-ბი-სი ბანკიდან 150 000 დოლარი გადავურიცხე, ტაძრებს რომ ვაშენებდი და ვაშენებ, ადამიანებს რომ გაჭირვებაში ვეხმარებოდი. ბევრი მდიდარი და გავლენიანი ადამიანის გარეწრობას რომ ვუყურებდი და ჩემი პირდაპირობით ვეუბნებოდი ყველაფერს. ასეთი ხალხი რომ შემდეგ ვერ ,,მხდიდა'', აი, ამან გამიჩინა ბევრი მტერი.Pპატიოსანი ბიზნესი თბილისში ცოტაა, აქ მიღებულია გადაგდება, წართმევა, გაყლეფვა და ა.შ. ნუ დააკავშირებენ გიორგი უდესიანის სახელს უსამართლობასთან, მე კაცურად მიცხოვრია და ამას ვაპირებ. უფალი ყველას მიხედავს. საზოგადოებას რომ ანგელოზები ჰგონია, კართოტეკებია მათზე, როგორი თაღლითები არიან სინამდვილეში.  

_ რას აპირებთ?

_ გიორგი უდესიანი იყო, არის და იქნება თავისი ქვეყნის რიგითი ჯარისკაცი.  მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება ხელისუფლებაში.  

ეკა სეხნიაშვილი, სპეციალურად ,,ვერსიისთვის'' გერმანიიდან  

 

ნანახია: 1071 | დაამატა: ეფემია
სულ კომენტარები: 6
0  
1 არალე   (01.11.2012 10:04) [Материал]
როგორ ცდილობს სუფთად წარმოაჩინოს თავი
ამ არაკაცმა შეჭამა ნახევარი თბილისი, ძლევამოსილი ფეოდალივით არის და რას მიედმოედება აქ კაიკაცობაზე angry
მაინც ვერ გაექცევა პასუხისგებას, გამოძიება რომ წაუყენებს უტყუარ ბრალდებებს, მერე იმართლოს თავი.
მაგ სიმართლით იაროს მაგან, როგორი მართალიცაა საკუთარი ხალხის წინაშე angry

0  
2 ფეფე   (01.11.2012 10:16) [Материал]
გამარჯობა არალე.

ეხლა წავიკითხავ ამ ინტერვიუს. ჯერ დასაწყისში ვარ პირველ კითხვაზე. თან ამბობს არსად გავქცეულვარო და თან ამატებს, კარგია, რომ სიტუაციას გავერიდეო...

ან რას დარბიან უცხოეთში ბოდიში და ტ...ანი ხარებივით. კბილი რომ ასტკივდებათ ევროპაში მკურნალობენ. სად არის ის უმაღლესი ხარისხის კლინიკები და საავადმყოფოები სააკაშვილი რომ "გვიშენებდა" და ზარ-ზეიმით ჭრიდა ლენტებს.

გავაგრძელე კითხვა. biggrin

0  
3 ფეფე   (01.11.2012 10:22) [Материал]
არ მესმის ეს კაცი რატომ იკავებდა ასეთ თანამდებობებს. მე პირადად საერთოდ არ მომისმენია მისი საუბარი.

ვნახოთ ერთი "ოპერაციის" შემდეგ თუ დაბრუნდება საქართველოში ვაჟკაცი.

0  
4 არალე   (01.11.2012 10:27) [Материал]
!გაგიმარჯოს ფეფული!

თავისი ნებით სად დაბრუნდებიან, თუ ძალით არ დააბრუნეს, ისე ფეხის ჩამომდგემლი არ არიან აქ.
როგორ ეკადრებოდათ მაგათ უბრლო მოკვდავებივით მკურნალობა, დიდი დამსახურება აქვთ სამშობლოსა და საკუთარი ხალხის წინაშე და უმაღლესი დონის მკურნალობა ეკუთნით
wink

0  
5 ფეფე   (01.11.2012 10:37) [Материал]
ისე ეს ევროპის ქვეყნები ხომ სულ ორმაგ თამაშს თამაშობენ, ერთის მხრივ ვითომ ცდილობენ დემოკრატია დაამკვიდრონ სუსტ და განვითარებად ქვეყნებში, მეორეს მხრივ, მუდამ მზად არიან მათ მოკავშირე მთავრობებს, ხშირ შემთხვევაში დიქტატორებს დათავშესაფარი მისცენ და დახმარების ხელი გაუწიონ.

ფაქტიურად მსოფლიო ბანკი რა სესხებსაც გვაძლევს გაჭირვებულ ქვეყნებს, ეს თანხები ხვდება ამ კორუმპირებული ჩინოვნიკების ხელში, რომლებსაც ანგარიშები ისევ ევროპის ბანკებში აქვთ გახსნილი. გამოდის, რომ ის ფული ისევ ევროპის ზონაში ბრუნდება და ჩვენ უბრალო მოსახლეობას კი საშვილიშვილოდ ვალები გვეკიდება.

0  
6 ლერა   (01.11.2012 15:57) [Материал]
ცალ-ცალი კალოშით არ მოვსულვარო... ის კალოშები უნდა გადააყლაპო ამ უდღეურს, ვის სჯერა ამის ტყუილების, ჯერ სიფათზე არ ეტყობა რა ჯიბიდან გავარდნილი აფერისტია. დედა უნდა უტირო ამისთანებს, უნამუსოები, ვეღარ ვიტან ამათ ტავის მართლებას და კაი კაცობის თამაშს, გამომივიდა აქ მამა-აბრამის ბატკანი. angry

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  ნოემბერი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025