მთავარი » 2012»ნოემბერი»25 » არჩილ კბილაშვილი – პროკურატურა ვანო მერაბიშვილს დაკითხავს
16:31
არჩილ კბილაშვილი – პროკურატურა ვანო მერაბიშვილს დაკითხავს
მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის განცხადებით, შს სამინისტროს მიერ გადაგზავნილ მასალებთან დაკავშირებით პროკურატურა ყოფილ პრემიერ-მინისტრს ვანო მერაბიშვილს დაკითხავს. "ინტერპრესნიუსთან" საუბარში კბილაშვილს არ დაუკონკრეტებია, სავარაუდოდ, როდის მოხდება მერაბიშვილის დაკითხვაზე დაბარება და აღნიშნა, რომ ეს გამოძიების მიმდინარეობისას გაირკვევა. "ახლა თბილისში არ ვარ. შესაბამისად საქმის მასალებს არ გავცნობივარ და რაც ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ ისაა, რომ ლოგიკის დონეზე ვანო მერაბიშვილის დაკითხვა მოხდება, თუმცა ბუნებრივია ყველაფერი გაირკვევა მას შემდეგ, რაც ამ საკითხზე სრული გამოძიება ჩატარდება", - აღნიშნა არჩილ კბილაშვილმა. შსს მთავარ პროკურატურას შს ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მიერ კანონდარღვევის ფაქტზე გამოძიებისთვის მასალებს უგზავნის. ამის შესახებ სამინოსტროში გამართულ ბრიფინგზე შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა დღეს განცახადა. მისივე ცნობით, საქმე ეხება 2006-2008 წელში ვანო მერაბიშვილის მხრიდან განხორციელებულ უკანონობას. კერძოდ, გიორგობიანის განცხადებით, ვანო მერაბიშვილის 2006 წლის 13 მარტის ბრძანებით კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი დათა ახალაია და გენერალური ინსპექციის უფროსი ვასილ სანოძე დროებით გათავისუფლდნენ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისგან, რადგან საზოგადოებაში არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე მათი დარჩენით ხელი შეეშლებოდა სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიებას. გიორგობიანის თქმით, სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული სამსახურებრივი მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ შს მინისტრის ბრძანება დათა ახალაიასა და სანოძისთვის უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე ატარებდა მოჩვენებით, თვალთმაქცურ ხასიათს და გამოცემული იყო მხოლოდ იმ მიზნით, რომ დაკმაყოფილებული ყოფილიყო საზოგადოების დაჟინებული მოთხოვნა ამ პირების თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე. "სინამდვილეში ახალაია და სანოძე თითქმის 2 წლის განმავლობაში სრული მოცულობით და შეუზღუდავად ხელმძღვანელობდნენ შესაბამის დეპარტამენტებს. მათ ხელი მუწვდებოდათ სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციებთან და დოკუმენტებთან. ისინი გეგმავდნენ და ხელმძღვანელობდნენ ოპერატიულ საგამოძიებო, აგენტურულ და სხვა ხასიათის სპეციალურ ღონისძიებებს", - განაცხადა ნინო გიორგობიანმა. მისი თქმით, 2008 წლის აგვისტოში შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა გამოსცა ბრძანება დათა ახალაიასა და სანოძის შეჩერებული სამსახურებრივი უფლებამოსილების აღდგენის თაობაზე. "შესაბამისად საქართველოში შს მინისტრის მიერ წლების განმავლობაში დაშვებული და წახალისებული იყო სამინისტროს ორი უმნიშვნელოვანესი დეპარტამენტის არაფორმალური მმართველობა, რაც შესაძლოა, უპრეცედენტო შემთხვევაა ცივილიზებული ქვეყნების უსაფრთხოების სამსახურებრივი ფუნქციონირების ისტორიაში", - განაცხადა ნინო გიორგობიანმა. მისი თქმით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ამ ფაქტებში ნათლად იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. შემოწმებული მასალები რეაგირებისთვის მისი თქმით, დღესვე გადაეგზავნება საქართველოს მთავარ პროკურატურას. დათა ახალაიამ და ვასილ სანოძემ თანამდებობების დატოვების შესახებ განცხადება სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით გააკეთეს.