
ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ელტონ ჯონი საქართველოში კომპანია "ისტერნ პრომოუშენის" წარმომადგენლობამ მოიწვია, რის სანაცვლოდ ვარსკვლავმა 150 ათასი დოლარის ოდენობის ჰონორარი მოითხოვა, ამას ემატებოდა დამატებითი ხარჯებიც. მოგეხსენებათ, რომ ელტონ ჯონი მსოფლიო ტურნეში საკუთარი როიალით დადის, საკმაოდ დიდი ჯგუფი ჰყავს და საკმაოდ პრეტენზიული მომღერალიც არის... რატომ ჩაიშალა ელტონ ჯონის კონცერტი? - ამ კითხვით "ისტერნ პრომოუშენის" მარკეტინგის ხელმძღვანელ კახა კანდელაკს მივმართეთ:
- ელტონ ჯონთან მოლაპარაკება ვერ შედგა. მან ბათუმის პიაცაზე მოითხოვა კონცერტის ჩატარება, სადაც 2000 კაცი ეტევა. ჩვენს სპონსორებს ამ წლის ბიუჯეტი გაწერილი ჰქონდათ და ამიტომ ვერ დაგვაფინანსეს. საქმეში არ ჩავრიეთ კულტურის სამინისტრო, ვინაიდან ეს კონცერტი პატარა სივრცეში უნდა ჩატარებულიყო და ბევრი დარჩებოდა უკმაყოფილო, ვინც ადგილების არარსებობის გამო კონცერტს ვერ დაესწრებოდა. ამიტომ თანამშრომლობა ჩაიშალა.
- რა ოდენობის ჰონორარი მოითხოვა ელტონ ჯონმა?
- ელტონ ჯონი უდიდესი მუსიკოსია და სოლიდური თანხაც მოითხოვა. ზემფირა ხომ არ არის, ცოტა მოეთხოვა?
- ბათუმის ჯაზ-ფესტივალზე ვინ ეწვევა საქართველოს?
- ბათუმის ჯაზ-ფესტივალი 17-22 ივნისს გაიმართება. სტუმრად 6-7 მაღალი დონის მუსიკოსი ჩამოვა. მაგალითად, უკვე დასრულებულია მოლაპარაკება ჯო სკოფილდთან. ასევე, კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსი ბექა გოჩიაშვილი, რომელიც ამერიკიდან სპეციალურად ჩამოვა.
თამარ ბოჭორიშვილი