ოთხშაბათი, 18.06.2025, 20:39
დიდგორი
<>
საიტის მენიუ
online


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0





ძებნა
maestro-tv
Watch live video from 52652256 on www.justin.tv
მთავარი » 2012 » ოქტომბერი » 22 » "ახლა სად არის ნავარო?"
09:53
"ახლა სად არის ნავარო?"
"ახლა სად არის ნავარო?""სააკაშვილს ჩაბარდა ქვეყანა, სადაც რუსის ჯარი არ იდგა. ახლა კი გვიტოვებს ქვეყანას, სადაც რუსის ჯარი დგას"

"არ ველოდი არჩევნების მშვიდობიან დასრულებას, თუმცა ვიცოდი, რომ აუცილებლად გავიმარჯვებდით", - ამბობს ბასა ჯანიკაშვილი, მწერალი, პუბლიცისტი, ბიძინა ივანიშვილის მრჩეველთა საბჭოს ყოფილი წევრი. ახლა საბჭო აღარ მოქმედებს, თუმცა ბასა "ქართული ოცნების" გუნდის წევრია. ამბობს, რომ ივანიშვილს პირველი შეხვედრისთანავე გულახდილი კითხვები დაუსვა და ასეთივე პასუხები მიიღო...


- სააკაშვილს არჩევნების შედეგებზე გაწონასწორებული, ღირსეული რეაქცია ჰქონდა. რას მიაწერთ მის ამ სიმშვიდეს?
- სააკაშვილზე სიტყვა "ღირსეული" სრულიად არაადეკვატურია. თუმცა, ის ნამდვილად იყო მშვიდი, როგორც არასდროს. ასეთი გაწონასწორებული რომ ყოფილიყო უკანასკნელი რვა წლის განმავლობაში, ახლა ან ევროკავშირში ვიქნებოდით, ან ნატოში...   

- არის თუ არა დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნები სააკაშვილის დამსახურება?

- პრეზიდენტის დამსახურებად ჩავთვლიდი ამ დემოკრატიულ არჩევნებს, რომ არა ის ყველაფერი, რაც გავიარეთ წინასაარჩევნო პერიოდში. გაგახსენებთ, რომ ივანიშვილს ჩამოერთვა მოქალაქეობა, ბანკი, ბიზნესის ნაწილი დაუყადაღეს. პლაკატებსა და საჭირო ფლაერებს ვერ ბეჭდავდა შტაბი, ყველა სტამბა გაფრთხილებული იყო, რომ ჩვენგან შეკვეთა არ აეღოთ. დასკვნითი პასაჟი კი იყო "მასთ ქერი", როდესაც ყველა პარტიამ განაცხადა თანხმობა, გარდა "ნაციონალური მოძრაობისა". თუ ვინმეს უნდა, რომ სააკაშვილს ვუმადლოდეთ გაუყალბებელ არჩევნებს, ცდება. ეს ქართველი ხალხის და საერთაშორისო თანამეგობრობის დამსახურებაა.

- დავუშვათ, რომ ხართ პრეზიდენტ სააკაშვილის მრჩეველი...
- ამას ვერ დავუშვებ!

- მაინც, წარმოიდგინეთ... უპირველეს ყოვლისა, რა რჩევას მისცემდით?
- ვერ დავუშვებ, შეუძლებელია მასთან მუშაობა. ჯერ კიდევ პრეზიდენტობამდე, მაშინ, როდესაც ტელევიზიაში ვმუშაობდი და სტუმრად ვიწვევდით, ეტყობოდა, რომ სწრაფვა ხელისუფლებისკენ და ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღება მისთვის ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ეს არის ადამიანი, რომელიც არავის უსმენს და სჭირდება მონური ფსიქოლოგიის სანდო პირები.

ჭკუა რომ ჰქონოდათ, ხალხს მოუსმენდნენ და არა ნავაროს, რომელსაც წლების განმავლობაში მილიონებს უხდიდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ დაეწერა 70/30-ზე. ახლა სად არის ნავარო? ახლა რაც უნდათ, ის უქნიათ, ჩიორასაც და მიშასაც.

- როგორი იქნება ახალი ხელისუფლების სამოქმედო გეგმა ქვეყნის მართვისას?
- მონოპოლიებს გააუქმებს, სასამართლოს, პოლიციისა და პროკურატურის რეფორმირებას მოახდენს... საბოლოოდ, ყველა ეს რეფორმა აისახება მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე, ფასებზე. გვყავდა ხელისუფლება, რომელიც არ გვაძლევდა დენს, შემდეგ იყო ხელისუფლება, რომელმაც მოგვცა დენი, მაგრამ ღირს ძალიან ძვირი, ახლა კი გვეყოლება ხელისუფლება, რომელიც გააიაფებს დენს.

- საზოგადოების  ნაწილი მიიჩნევს, რომ ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლით დავბრუნდებით საბჭოთა სტრუქტურისკენ. რეალურად, ვინ იქნება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი - ევროპა, ამერიკა თუ მეზობელი რუსეთი?
- ივანიშვილმა გარკვევით განაცხადა, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები იქნებიან ევროპა და აშშ. პირველი ვიზიტი ივანიშვილს ამერიკაში ექნება.  მოვიდა ძალა, რომელიც მიილტვის ევროკავშირისა და ნატოსკენ და, რაც მთავარია, აპირებს დაალაგოს ურთიერთობა რუსეთთან. ნუ დაგვავიწყდება, სააკაშვილს ჩაჰბარდა ქვეყანა, სადაც რუსის ჯარი არ იდგა. ახლა კი გვიტოვებს ქვეყანას, სადაც რუსის ჯარი დგას თბილისიდან ორმოც კილომეტრში.
სააკაშვილმა ჩაიბარა ქვეყანა, სადაც აფხაზეთი და ოსეთი არ იყო აღიარებული რესპუბლიკა, ახლა კი გვიტოვებს ქვეყანას, სადაც აფხაზეთიც და ოსეთიც აღიარა რუსეთმა როგორც დამოუკიდებელი სუვერენული ქვეყნები; სააკაშვილმა ჩაიბარა ქვეყანა, სადაც აფხაზეთის ტერიტორიაზე იდგა ქართული ჯარი და ცხოვრობდნენ ქართველები, დღეს კი იქ მსგავსი აღარაფერია.

რბილად რომ ვთქვა, არაკორექტულია იმის გაფიქრებაც კი, რომ სააკაშვილმა ქვეყანა უკეთეს მდგომარეობაში ჩააყენა. სწორ შეფასებას და დასკვნას მომავალი თაობა გააკეთებს, როდესაც ჩვენს შვილებს ეყოლება რუსის ჯარი გასაყვანი. რომელი ხელისუფალი იყო მართალი და ვინ რა შეცდომა დაუშვა, ამასაც ჩვენი შვილები გააანალიზებენ.

- ივანიშვილმა თქვა, რომ ორწელიწად-ნახევარში დატოვებს პოლიტიკას. რატომ აქვს ლიმიტირებული დრო?

- ვფიქრობ, ივანიშვილს პოლიტიკაში მოღვაწეობა ტვირთად, ვალდებულებად მიაჩნია. ყოველთვის მინდოდა, თანამდებობებზე ყოფილიყვნენ ადამიანები, რომლებიც მაღალ, საპასუხისმგებლო პოსტებზე დანიშვნისას მილოცვებს კი არ მიიღებდნენ და გაიხარებდნენ, არამედ თანამდებობას ტვირთად აღიქვამდნენ მთელი რიგი პასუხისმგებლობების გამო. ივანიშვილისთვის ქვეყნის მართვა, არსებულ პრობლემებთან შეჭიდება დიდი ტვირთია და არა თვითტკბობა. კარგი იქნებოდა, იგივე დამოკიდებულება ჰქონოდა სააკაშვილსაც.

- რაც შეეხება გარემოცვას, რომლითაც დაკომპლექტდება ახალი ხელისუფლება...
- სააკაშვილის მთავრობის წევრთა უმრავლესობა შევარდნაძის დროინდელი ხელისუფლების გადმონაშთია და თუ ივანიშვილის გარემოცვაშიც ვინმე შევარდნაძის დროინდელია, ეს ავტომატურ დაღს სულაც არ ნიშნავს... ისე, სად იყო ახალაია შევარდნაძის დროს? თუმცა, ისეთები აკეთა, არ დაესიზმრება არც ერთ ხელისუფლებას. ვერა ქობალიაც შევარდნაძის დროინდელია? ისიც კი არ იცის, თბილისიდან ბათუმამდე რამდენი კილომეტრია.

- მედიის თავისუფლებისა და ობიექტურობის საკითხი იქნება თუ არა გადაწყვეტილი ახალი ხელისუფლების მმართველობის პირობებში?

- ერთ-ერთი პირველი შეკითხვა, რომელიც ივანიშვილს შეხვედრისას დავუსვი, სწორედ ეს იყო... დარწმუნებული ვარ, რომ მედია აუცილებლად იქნება დამოუკიდებელი. ამისთვის, სარეკლამო ბაზარი უნდა გათავისუფლდეს იმ მონოპოლიისგან, რომელშიც ახლაა, ბიზნესი უნდა გათავისუფლდეს წნეხისგან.
თქვენც იმ მედიასაშუალების წარმომადგენელი ხართ, რომელიც გაატარეს ამ საწნახელში...

- მიმდინარე მოვლენების ქრონიკას თუ ვიხილავთ წიგნად ბასას ავტორობით?

- 2012 წლამდე მიმდინარე მოვლენები: მოთხრობები, ამბები, წერილები, ინტერვიუები გამოგონილ პერსონაჟებთან და პოლიტიკური პიესა, მიხეილ ბულგაკოვის "ივან ვასილის ძის" ადაპტირებული, ქართულ რეალობას მორგებული ვერსია ახლახან გამოვეცი წიგნად, რომლის შეძენაც მკითხველს შეუძლია ჟურნალ "ლიტერატურულ პალიტრასთან" ერთად. რაც შეეხება მომდევნო ოთხი წლის ქრონიკას, ამას მომავალი გვიჩვენებს. ვნახოთ, რა გველის წინ.
ნანახია: 920 | დაამატა: ეფემია
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
კალენდარი
«  ოქტომბერი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩანაწერების არქივი
online tv
Copyright Kekrops © 2025