
- კიწმარიშვილი რომ შულერია, ამას დიდი ხანია ვამბობ. სადაც ეს კაცი მივიდა, ყველაფერი გახეთქა და დაანგრია, ყველგან სიბილწე და სიცრუე დათესა. ყველას ვაფრთხილებდი, რომ ეს კონფლიქტი მოხდებოდა, სანამ სადმე კიწმარიშვილია, შეუძლებელია, იქ მშვიდობა და წესიერება იყოს. თუმცა იმ ეთერმა, როცა "მაესტროზე'' ვიჯექი, როგორც დამფუძნებლების, ისე წამყვანების დიდი გულისწყრომა გამოიწვია. მას მერე ერთი გადაცემა არ გადის, რამიშვილმა და მიქიაშვილმა მე და ჩემი ე.წ. პრეტენზიები არ გვახსენონ. ჰოდა, რაც ეს კონფლიქტი დაიწყო, რატომღაც, მას მერე თვითონ ზუსტად იგივეს ამბობენ, მე კი აბსოლუტურად მართალი აღმოვჩნდი. ერთი ერთში გაიმეორა ჩემი სიტყვები ყოფილმა გენდირექტორმა ბექაურმაც და რამიშვილ-მიქიაშვილი ისე რბილად უქნევდნენ თავს და ეთანხმებოდნენ, გაოცებული დავრჩი პირდაპირ. განსხვავება ისაა, რომ მე ეს ყველაფერი მანამდე ვთქვი, სანამ ურემი გადაბრუნდებოდა.
- მერე, ამ თავის ქნევას ვერ ხსნით?
- ახსნან თვითონ! მე მაგათი ამხსნელი არ ვარ! თვითონ მოჰკითხონ საკუთარ თავს ყველაფერი. ჩემმა შეფასებებმა ღლონტის წყრომაც გამოიწვია. მამუკას მართლა უნდა დაუფასდეს მთელი ამ წლების მანძილზე გაწეული ჯაფა, მაგრამ "მაესტრო'' "მაესტროდ'' საპროტესტო ელექტორატმა აქცია და არა - მამუკა ღლონტმა, რომელიც ამას იჩემებს.
- კიწმარიშვილს მთელი ამ წლების მანძილზე გაწეული ჯაფა არ უნდა დაუფასდეს?
- ეროსი თაღლითი და მამაძაღლია, ღლონტი - არა, მაგრამ ხშირად მისი მოსაზრებები ძალიან სუბიექტურია ისევე, როგორც ალბათ - ჩემიც.
- თუმცა, ვიღაცისთვის ღლონტიც ისეთივე "შულერია'', როგორიც კიწმარიშვილი. ამის არგუმენტად "პასეანსის'' ბიჭებს იხსენებენ და ამბობენ, რომ ისინი ღლონტმა "გადააგდო''.
- "ამბობენ'' "ტუმბუჩკაშია''! ეგრე ძალიან ბევრ უადგილო და უსინდისო რამეს ამბობენ. კიწმარიშვილი კი მარტო ინსტიქტებით მოქმედებს. ამ დროს, საქართველოს სათავეში "ალი ბაბა და 40 ყაჩაღი'' არიან. ეს "ალი ბაბა'' უკვე მაგარი "დაფშტვენილია'', თუმცა მის ყაჩაღ მთავრობაშიც მისნაირი რეაქტიული გიჟები არ არიან და მის ყველა იდეას "პოლიქრონიონს'' რომ ეძახიან, ამით სააკაშვილზე უბრალოდ ხელ-ფეხს იწმენდენ საკუთარი კეთილდღეობისთვის.
- ერთმანეთს ხელები "მაესტროშიც'' ბევრმა შეაწმინდა - მოპარული 500 000, "ჩადებული'' 4,5 მილიონი და ათასი თანხა ამოტივტივდა. ეროსი თაღლითიაო, მაკა ასათიანი სწორად საკუთარი განცხადების ერთ აბზაცსაც ვერ წაიკითხავსო - მგავსი განცხადებების მეტი არც არაფერი გვესმის და ბინძური შიდასამზარეულოს ამბების გამოფენა სწორია?
- იმით დავიწყოთ, სად ჯანდაბიდან უნდა მოეტანა ეს 5 მილიონი ეროსის? მაკა ასათიანი კიწმარიშვილის სახსენებელი საერთოდ არ არის. ან, ეს არგუმენტი როგორ უნდა მივიღოთ, როცა ეროსი ამბობს, მაკა ასათიანი არაფერ შუაშია, აქ შუაში გოგელიააო. აბა, ნორმალურია ახლა ეს ადამიანი, მაკა და კოტე ცოლ-ქმარი არიან და შუაში მე ვიქნები, თუ ეროსი?! ან როდის იყო, კიწმარიშვილი რამეში თავის ფულს ხარჯავდა, როცა ეს კაცი სულ დანიშნული კარტითა და მაგიდის ქვეშ დაყენებული მაგნიტებით ცხოვრობს?!
- მერე, რა მოიგო ეროსიმ, "მაესტროს'' გუნდი ღლონტის მხარესაა და არხი ისევ ფუნქციონირებს. "გადაგდებული'' თუ არაა, მაშინ მისი მიზანი რა იყო ან სად ჩანს ხელისუფლების ხელი აქ?
- რა მოიგო? ეროსი მთელი ცხოვრება ეგრეა, ეგ ოდესმე ნორმალურად ყოფილა?
- არ იყო "გამარჯვებული ხალხის ტელევიზიაში''?
- კარგადაც გააპანღურეს იმ "გამარჯვებული ტელევიზიიდან'' და მერე - საქართველოდანაც. გამარჯვებული ეროსი მე არ მინახავს, გაფულიანებული - კი ბატონო. "შულერი'' გამარჯვებული არასდროსაა, ფული კი ხან აქვს, ხან - არა. ესაა "შულერის'' ცხოვრებაც. ან ეს ყოფაა, რა ყოფაშიც "მაესტროა''? წილები დააყადაღეს, კიწმარიშვილმა სასამართლოშიც უჩივლა, მარეგულირებელ კომისიაშიც, რაც შეეძლო, ყველაფერი გააკეთა. ხვალ რას გამოაგდებენ, ეგეც არავინ იცის. აქამდე სააკაშვილს "მაესტროს'' დახურვის საბაბი არ ჰქონდა და ეროსიმაც მისცა ეგ საბაბი. როგორც წესი, ეგეთ პერსონაჟს მეტი არც არაფერი მოეთხოვება. "შულერის'' პრინციპი ეგაა, უნდა ტივტივებდეს და ეროსიც ზუსტად იმას წარმოადგენს, რაც, როგორც წესი, ზედაპირზე ტივტივებს.
- ვიღაც თუ ტივტივებს, სხვა საერთოდ არ ჩანს - სად არიან ძმები გაჩეჩილაძეები და "მაესტროს'' ორომტრიალზე რას ფიქრობენ?
- ძმები გაჩეჩილაძეები დროებით საქართველოში არ არიან.
- სად არიან?
- არ ვიცი, მაგრამ მალე დაბრუნდებიან. ეგ ერთი და მეორე - ყველა ხილს თავისი დრო აქვს. გია და ლევან გაჩეჩილაძეებმა, ჩემი აზრით, ბევრი დაუმსახურებელი ლანძღვა-გინება მიიღეს ქართველი ხალხისგან. არ ვიცი, რაიმე ტიპის ცილისწამება თუა დარჩენილი, რაც მათ არ მოხვედრიათ. რაც შეეხება პროცესებიდან მათ შორს ყოფნას, ახლა სხვა პოლიტიკური კონიუნქტურაა. მეც ვამბობ, რომ გამოჩნდა არჩევნების პერსპექტივა, მანამდე კი მხოლოდ კომბლის გზის მჯეროდა.
- და თქვენც კომბალს უღალატეთ?
- არ მიღალატია და არც ვუღალატებ! დარწმუნებული ვარ, სააკაშვილი არ დათმობს თავის ძალაუფლებას და ჩვენი დროც მოვა, როცა ჭერიდან კომბლებს ჩამოვიღებთ! მაგრამ მანამდე, ბუნებრივია, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ქართველმა ხალხმა სასურველი გადაწყვეტილება არჩევნებით მიიღოს. ხოლო კითხვაზე, თუ ვინ არ უნდა ხელისუფლებაში, სწორ პასუხს მარტო "აირაი'', "ენდიაი'' "მენდიაი'' და ეს თაღლითი ორგანიზაციები ვერ სცემენ. ისინი პირდაპირ ლობირებენ გათახსირებულ სააკაშვილს და ნათლად აჩვენებენ, რას ნიშნავს მათებური დემოკრატია. დაიდო მეორე, წესიერი ადამიანების კვლევაც, შავით თეთრზე ჩანს შედეგებს შორის განსხვავება და ყველამ ამ ორი გამოკითხვის ფურცლებში კარგად ჩაიხედოს! ვისაც სჯერა, რომ საქართველოს მოსახლეობის 87% დღეს ოპტიმისტურადაა განწყობილი, ისიც თაღლითია!
- გაჩეჩილაძეების თემა დავასრულოთ - როცა ღლონტი და კიწმარიშვილი საკუთარ დამსახურებებს იხსენებენ, "საკანი'' და "უცნობი'', თავის წილიანად, რატომ არავის ახენდება?
- "მაესტრო'' შექმნა საკანმა! ღლონტს ძალიან არ მოსწონს, როცა ამას ვეუბნები, მაგრამ ასეა. როგორ აცხადებს მამუკა, "საკნის'' ეთერში გაშვება შეცდომა იყოო?! ვფიქრობ, გია გაჩეჩილაძის პოზიცია, ამ შემთხვევაში, ნათელია - ის დამფუძნებელია, რომელიც ვერ ახერხებდა "მაესტროში'' თავისი შეხედულების გატანას. მას ეს მხოლოდ საკუთარ აზრად მიაჩნდა და ამის გამო "მაესტროს'' არსებობას არანაირ პრობლემას არ უქმნიდა.
- და ამ ბოლო მოვლენებზე მისი, ან ლევანის აზრი იცით?
- როცა "მაესტროს'' ამბები დაიწყო, გაჩეჩილაძეები საქართველოში არ იყვნენ. მათაც ხომ აქვთ დასვენების უფლება? მე და ლევანს ერთმანეთი თვენახევარია, არ გვინახავს. თბილისში არც ერთი არ დამხვდა, როცა ჩამოვედი და ერთმანეთს ტელეფონით ვეხმიანებოდით.
- კარგი, მაშინ ახალი კონიუნქტურა ახსენეთ და ვითარება თვენახევრზე მეტია, რაც შეიცვალა. ისე მოხდა, რომ ორივე ძმა ამ სიტუაციიდან გარიდებულია, ივანიშვილი კი მათზე დასმულ კითხვებს უპასუხოდ ტოვებს. მათი ადგილი ამ ბრძოლაში არაა?
- ბუნებრივია, ამაზე საუბარს ივანიშვილი ერიდება, რადგან მათ შორის ძალიან დიდხნიანი პირადი და ოჯახური ურთიერთობები არსებობს. არ ვიცი, მოხდა თუ არა პირადი განხეთქილება, მაგრამ მათი ეს ურთიერთობა ბევრად ღრმაა, ვიდრე - პოლიტიკური, ამიტომაც ერიდება ორივე მხარე ამ თემაზე საუბარს. ვიცი, გაჩეჩილაძეები განზე არ დარჩებიან! რასაც ვქადაგებდით მე, გია, ლევანი და მთელი ჩვენი თავყრილობა, ახლა ეს გზა შეცვალა არჩევნებმა. ჩვენ კი აქეთ-იქით გადახტომა-გადმოხტომა არ გვჩვევია. დღეს ჩვენ ვამბობთ ასეთ რამეს - სააკაშვილი არჩევნებით ძალაუფლებას ნებით არ დათმობს. თუნდაც ეს კვლევები მეტყველებს იმაზე, რომ ბრძოლა უმძაფრესი და უსასტიკესი იქნება. ღმერთმა დაგვიფაროს და ჩვენი მომენტი არ დადგეს. ეს ძალიან არ მინდა და დიდი სიამოვნებით გავაგრძელებ ჩემს პედაგოგიურ საქმიანობას ლატვიაში. საერთოდ, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ან ლევან და გია გაჩეჩილაძეებს, ან კოკა გუნცაძეს, გოგა ხაინდრავას, დათო რურუას და ბიძინა გეგიძეს მოსწონთ დამტვრეული ფეხები, ჩატეხილი ნეკნები და დალეწილი თავები, ძალიან ცდება!
ნინო კომახიძე
გაზეთი "ვერსია"