
- ჩვენი ხელისუფლებისა და საზოგადოების თვალი, თბილისიდან გასვლისთანავე, წეროვანის სასტიკ ხედებს შეეჩვია. ამ დროს პატრიარქი, რეალური ავტორიტეტი და არა საერო ხელისუფალი, ან პოლიტიკური ლიდერი, შეხვდა რუსეთის ლიდერს, რომელმაც ხელი მოაწერა საქართველოს დაშლას და ძალიან პრინციპულად შეახსენა - ბოლო შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ დევნილები უნდა დაბრუნდნენ და წინ უნდა წავიწიოთ საქართველოს ტერიტორიული გამთლიანების საკითხშიო.
- ალბათ, ბევრია ისეთი დეტალი, რაც მხოლოდ თქვენ და სასულიერო დელეგაციამ შეიძლება იცოდეთ. კიდევ რა თემები გაჟღერდა ამ შეხვედრებზე, ან რა გარანტია გვაქვს, რომ ამჯერად მაინც შესრულდება მედვედევის დაპირება და რიგით პროტოკოლურ დიალოგად არ დარჩება?
- პატრიარქი დიდი იმედითაა სავსე და არასდროს მოუჩლექს ენას ისეთი ტიპის შეცდომებსა და გადაცდომებს, როგორიც ჩვენი მოქმედი ხელისუფლებისგან მოდიოდა. უწმინდესის მუდმივად ღიმილიანი სახე მოსკოვში ყველას ძალიან პრინციპულ სიგნალს აძლევდა. მან პირდაპირ უთხრა აფხაზეთიდან დევნილებს - მე თქვენ გელოდებით უახლოეს მომავალში საქართველოში! ეს არ იყო მხოლოდ იმედი, არც სურვილი, ეს იყო კურთხევა, რომლის საფუძველი რეალური ქმედებებია. ჩემი ინფორმაციით, კადრსმიღმა დარჩა ის, რომ რუსეთის პირველი პირი ყველანაირად ცდილობდა, მხოლოდ ზოგადი პოლიტიკური განცხადებების ჩარჩოში წარემართა შეხვედრა, მაგრამ პატრიარქმა ყველა საკითხი დააკონკრეტა, რაც მედვედევისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. უწმინდესმა ზუსტად იცოდა, რაზე გაემახვილებინა ყურადღება და რა სიტყვა ჩამოერთმია მისთვის, როგორც დათქმა და პირობა. რა თქმა უნდა, პატრიარქი ამ დროს იყო დიპლომატიც, მაგრამ შეუვალი. პოლიტიკაში არსებობს რაღაც ტიპის გარანტიები, მაგრამ აქ თავად სიტყვა "გარანტიაა'' ცინიკური. ახლა ემოციურად განწყობილნი ვერ ვიქნებით, რომ გარანტიები ერთი შეხვედრიდან მივიღოთ, მაგრამ უწმინდესმა სათქმელი სახელმწიფოებრივი პოლიტიკის დონეზე დააფიქსირა!
- მაგრამ აქ ერთი მომენტია - პატრიარქს სიტყვა დღევანდელმა მოქმედმა პრეზიდენტმა მისცა, რომელიც 2012 წლის 4 მარტს ამ პოსტს დაემშვიდობება. რა იქნება ამის შემდეგ?
- მედვედევმა თქვა, რომ ეს დღეს უფრო რთულია, ვიდრე იყო გუშინ, მაგრამ დევნილები უნდა დაბრუნდნენ. მოსკოვში ყოფნისას კიდევ ერთხელ მივედი დასკვნამდე, რომ გეოპოლიტიკურეკონომიკური ვითარების გათვალისწინებით, ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარება, ოფიციალური თბილისის მიერაც კი, რუსეთის ინტერესებში არ შედის. ამას გარდა, 2012 წლიდან, ახალი პოლიტიკური გუნდები და უკვე ჩადებული დათქმები სახელმწიფო თუ სულიერ ლიდერებს შორის, უფრო შედეგიანი იქნება. საქართველო, დღეს თუ არა ხვალ, მზად იქნება, ყინული დაძრას, მიუჯდეს მოლაპარაკების მაგიდას რუსეთთან და გაცვალოს ინტერესები. რუსეთთან მაისამდე ლაპარაკიც ზედმეტია. 4 მარტს იქ საპრეზიდენტო არჩევნებია, მერე ინაუგურაცია და ახალი პრეზიდენტი წარადგენს გუნდს, რომელიც არავინ იცის, როგორ დაკომპლექტდება. არც ის იცის ვინმემ, რა პრიორიტეტებს აირჩევენ სამომავლოდ. - სააკაშვილის სიტყვები, რუსეთის საპატრიარქო კრემლის ფილიალიაო, თუ წამოგეწიათ ვიზიტის დროს, ან რაიმე ბარიერი თუ შექმნა? საინტერესოა, რა რეაქცია ჰქონდა თავად პატრიარქს? - განცხადება ისე არ მიუღიათ, თითქოს ის ერთმა გიჟმა პრეზიდენტმა გააკეთა. ეს არც ჩვენს პატრიარქს მიუღია არასერიოზულად.
როცა შენი ქვეყნის სულიერი მესაჭე, მხცოვანი პატრიარქი მოლაპარაკებებს აწარმოებს და ამას შენ ვერ და არ აკეთებ, მინიმუმ, ხელი მაინც არ უნდა შეუშალო და ყველას არ უნდა უჩვენო ორი საქართველო - მიშა და მისი გუნდი და პატრიარქი და ერი! ეჭვი არავის შეეპაროს, რომ საქართველო წავა პატრიარქისა და ერის გზაზე. განცხადებას მოჰყვა მხოლოდ აღშფოთება, მათ შორის, სასულიერო პირებშიც. პატრიარქი კი ძალიან თავშეკავებულია ასეთ დროს. არ იფიქროთ, უმრავლესობის სპიკერებმა თვალი დაახამხამეს მის წინააღმდეგ რაიმე განცხადების გაკეთებაზე, უბრალოდ, მექანიზმი აქვთ ასეთი - კონკრეტული შეფი მესიჯბოქსში ალაგებს ხოლმე კლიშეგამოთქმებს და მერე როგორც "ალილუიას'', სპიკერებიც ერთსა და იმავეს იმეორებენ. ახლა ისე მოხდა, რომ ამ ყუთში არავინ არაფერი ჩადო. სააკაშვილი წინასაარჩევნო კამპანიის რეჟიმშია და ყველამ იცის, ემანდ, ცუდად არ მოუბრუნდეთ ეკლესიასთან დაპირისპირება. ასე რომ, ეს სიჩუმეც კამპანიის ნაწილია. სამაგიეროდ, ამუშავდა პროპაგანდისტული მანქანა - პუბლიკაციები, მოწოდებები, დელეგაციას დავხვდეთ საპროტესტო აქციით აეროპორტშიო და ზოგიერთი ტელეკომპანიის მოდელირებული პროდუქცია. მიშას მინდა მივმართო და ზუსტად ვიცი, ამას წაიკითხავს: არც ერთი თავმოყვარე ლიდერი, მით უმეტეს, რუსეთის მომავალი ხელმძღვანელობა მასთან ამ საკითხებზე საუბარს არ გააგრძელებს. მიშა, თუ შენ ჯერ კიდევ დაგრჩა რაღაც ტიპის ემოცია საქართველოსადმი, თუ შენი ახალგაზრდული წლები და ენერგია თავს კიდევ გახსენებს და ყველაფერს ამით არ ასრულებ, მაშინ წლების მერე, ისევ მოგინდება ძველ ნაცნობმეგობრებთან ერთად რუსთაველზე გასეირნება, ამიტომ შენს ასეთ აზროვნებასა და რიტორიკას მომავალი არ აქვს.
- იმათ გარდა, ვინც პატრიარქს აეროპორტში აქციით ხვდებოდა, ყურადღებას იმაზეც ამახვილებენ, პატრიარქი ჯერ ივანიშვილს შეხვდა და მერე ჩავიდა რუსეთშიო. რა მესიჯები ჩაიტანა უწმინდესმა მოსკოვში, რა უთხრა მას ივანიშვილმა, არის თუ არა ერთი ჯაჭვი - ივანიშვილი, პატრიარქი და რუსეთი?
- ბიძინამ უწმინდესისგან ბევრი საგულისხმო რჩევა მიიღო, რომელთაც ის გაითვალისწინებს. ვფიქრობ, იგი თავისი პატრიარქის მორჩილებასა და მორიდებაში გააგრძელებს პოლიტიკურ მოღვაწეობას. ეს ჯაჭვი - პატრიარქი, ივანიშვილი და რუსეთი, თეორიული მცდელობაა, ზოგისთვის სურვილი, ზოგისთვის - ანტისურვილი. პუტინის დემოკრატიაზე საუბარში, რა თქმა უნდა, დროს არც დავკარგავ, მაგრამ ფაქტია, რუსეთში არა მარტო პოლიტიკური და ბიზნესელიტა, არამედ რიგითებიც დიდი ინტერესით ელიან საქართველოში რეალურ ცვლილებებს.
- მოახდინა თუ არა გავლენა ივანიშვილის ფაქტორმა რუსეთში მცხოვრებ მილიონზე მეტ ქართველზე, ან რა განწყობა აქვს რუსეთის ხელისუფლებას?
- ივანიშვილმა დღეს სურვილების დონიდან შესაძლებლობების დონემდე ასწია ხელისუფლების შეცვლა. ბიზნესწრეების განწყობა გასაგებია ისევე, როგორც საზოგადოებრივი წრეებისა. ისინი, პრაქტიკულად, სულ პატრიარქის გარშემო იყვნენ და ცხადია, საუბარი ამ საკითხზეც მიდიოდა. მე ვნახე რიგითი ადამიანების ემოციებიც 23 ნოემბერს, ქართულ ტაძარში და პირდაპირ ვამბობ - მეგონა, თბილისში ვიყავი! ზუსტად ისევეა შეცვლილი განწყობა რუსეთში მცხოვრებ ქართველებში ივანიშვილის გამოჩენით, როგორც თბილისში. ვერ მოგატყუებთ, თითქოს მიშას იქ თავისი თავგადაკლული მომხრეები არ ჰყავს, მაგრამ განწყობა მართლა სულ სხვაა. რაც შეეხება იმას, რას ფიქრობს რუსეთის ხელისუფლება, მაისამდე ყველა აზრი და განცხადება პერსონალურ ემოციად უნდა ჩავუთვალოთ და არა - სახელმწიფო პოლიტიკად. თუმცა, დღეს ისეთ სიმშვიდეს ინარჩუნებენ და, ასე ვთქვათ, ისეთი დისციპლინირებული აზროვნება აქვთ, გარდა კულისებისა, ზოგად განცხადებებში არასდროს გამოკვეთენ კონკრეტული პირისადმი მხარდაჭერას.
- და კულისებიდან რა ინფორმაცია გამოდის?
- ერთი, ზუსტად ვიცი - სააკაშვილი და ეს ხელისუფლება მათ დღემდე აწყობთ, მაგრამ მის პირობებში, რუსეთი არც ურთიერთობას, არც თანამშრომლობასა და არც პროექტების განხორციელებას არ აპირებს! ოფიციალური განცხადება უცვლელია - ისინი ითანამშრომლებენ მხოლოდ ახალ ხელისუფალთან, ვინც უნდა იყოს იგი.
- ადრე სურვილის დონეზე იყო ქართულაფხაზური და ქართულოსური სახლის შექმნის იდეაც. ესეც ავიდა შესაძლებლობების დონეზე, ცნობილია, რომ ამ სახლების რეგისტრაცია ამ კვირიდან იწყება?
- სწორედ ამ დღეებში ვხვდები დაინტერესებული ახალგაზრდების ჯგუფს და მიმართვებსაც გავაკეთებთ. იმის მიუხედავად, რომ არ გვაქვს გადაადგილების ფულიც კი და არანაირი სახსრები არ გაგვაჩნია, ამ წუთას ამაზე არ ვფიქრობთ. მოსკოვშივე ზუსტად ვიცოდი, რომ ამ სახლების, როგორც ორმხრივი ურთიერთობის დაწყების ინსტიტუციების რეგისტრაცია სასწრაფოდ უნდა დაიწყოს. კონკრეტული საქმიანობა კი იქნება ჰუმანიტარული, ადამიანური ურთიერთობები, შეხვედრები. პროექტი პატრიარქის ხელდასხმით კეთდება და უკვე რეალიზებასაც ვიწყებთ.
- თქვენ გაქვთ კონკრეტული პროექტი, ივანიშვილს კი - ფინანსები, არ გიფიქრიათ, ეს რესურსები გაგეერთიანებინათ?
- არ მინდა, მოვლენებს გავასწრო, მაგრამ კარგია, როცა მიდიხარ შენი პროექტით და კი არ ეკედლები ვინმეს, არამედ ხდები პარტნიორი. რასაკვირველია, იდეას ეყოლება თავისი სტრატეგიული პარტნიორები, მეტიც, ლობი და გიანონსებთ - უახლოეს ხანებში, ამ თემაზე შედგება ჩემი და ირაკლი ალასანიას შეხვედრა მის თანაგუნდელებთან ერთად. პრეზენტაციის მერე კი ვაპირებთ, პროექტი ჰილარი კლინტონს, ნატოს, ევროკავშირსა და რუსეთს გავუგზავნოთ. ვფიქრობ, პროექტი ალასანიასგან მთლიანად მხარდაჭერილი იქნება, იგი აფხაზეთის თემაზე თავადაც მუდმივად საუბრობს. და თუ ბიძინას ხელისუფლების შეცვლის რეალურ ფაქტორად განვიხილავთ, მაშინ ეს ყველაზე ქართული და სახელმწიფოებრივი საკითხი, მისგან მხარდაჭერილიც უნდა იყოს! დიახ, ამ პროექტს წარვადგენ, როგორც საერთაშორისო საზოგადოების, ისე ბიძინას წინაშე და ეს უნდა იქცეს არა ოცნებად, არამედ რეალობად.
- ე.ი. "ქართული ოცნების'' პრეზენტაციაზეც გიხილავთ 11 დეკემბერს?
- სავარაუდოდ, ამ თავყრილობაზე მიწვეული სტუმარი ვიქნები. ჩემი მზადყოფნა, გამოცდილება და კონტაქტები მაიძულებს, საქართველოსთვის საქმე კონკრეტული პროექტებით ვაკეთო.
ნინო კომახიძე
გაზეთი "ვერსია"