
- აქამდე თავს ვიკავებდი, მაგრამ ვფიქრობ მოვიდა დრო, ხმა ამოვიღო. 1995-1999 წლების პარლამენტში (ფრაქცია "მაჟორიტარების" წევრი ვიყავი), "მოქალაქეთა კავშირი" იყო მმართველი პარტია. მიაჩნდათ, რომ შეუცვლელები იყვნენ. ამ პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც, ეროვნების გრაფა ამოიღეს დოკუმენტაციიდან. ამ გადაწყვეტილებას პარლამენტში პირველი მოსმენით ისე უყარეს კენჭი, არც ვიცოდით. მეორე მოსმენაზე მე და გურამ შარაძემ ავტეხეთ ერთი ამბავი. პლებისციტის ჩატარებას ვითხოვდით, მაგრამ ვინ დაგვიგდო ყური? ამის მერე მე და გურამ შარაძემ დავაფუძნეთ პარტია "საქართველო უპირველეს ყოვლისა", თავმჯდომარე გურამი იყო, მე - მოადგილე. მიტინგებიც ჩავატარეთ, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ფაშისტებს გვეძახდნენ. საქართველოს მაშინ "მოქალაქეთა კავშირის" ხელმძღვანელობით კოსმოპოლიტური მთავრობა ედგა სათავეში და 2003 წლის მერეც კოსმოპოლიტები მართავენ ქვეყანას.
"მოქალაქეთა კავშირის" რადიკალური ფრთა გადავიდა "ნაციონალურ მოძრაობაში" და მეტი აგრესიით ამკვიდრებს კოსმოპოლიტიზმს.
საქართველოში ჩამოსასახლებლად ეპატიჟებიან ყველას. საქართველო ცარიელი ტერიტორიაა თუ განუვითარებელი და ჩლუნგები ვართ, რომ ჩამოსახლებულებმა გვასწავლონ რამე? ვერ იტანენ, რომ ქვეყანაში დაახლოებით 85% ქართველია, დანარჩენი - სხვა ეროვნების. რუსეთში სხვა ეროვნების მოსახლეობის 20%-ია, მაგრამ ჩვენგან განსხვავებით, მიწას არ ყიდიან. საქართველოს ზღვისპირეთი თურქებმა იყიდეს. მიწას ზურგზე ხომ არ მოიკიდებენ და წაიღებენო, ეს ზღაპარი შვილიშვილებს მოუყვნენ. თუ ინგლისური ენა არ იცი, ატესტატს არ გაძლევენ, რომელ ქვეყანაშია ეს? ეს ძალადობრივი ასიმილაციაა, რაც მთელ მსოფლიოში დაგმობილია.
ადრე კომუნისტური პარტია გვარუსებდა და ახლა ვიღაცას უნდა აქ ინგლისურენოვანი კოსმოპოლიტური სახელმწიფო შექმნას.
მაშინ ის მაინც ვიცოდით, რომ საფრთხე ჩრდილოეთიდან მოდიოდა, დღეს კი ვერ გაგვიგია, ვინ გვებრძვის და რას გვიპირებს. აქეთ ბურები, იქით ლაზიკა და დაპატიჟება, საქართველოში ჩამოდით და იცხოვრეთო. ხალხი უნდა გამოფხიზლდეს და არჩევნებზე არ მისცეს ხმა კოსმოპოლიტ პოლიტიკოსებს. ხელისუფლებაში პატრიოტები უნდა მოვიდნენ.
- ახლა ხელისუფლებასთან დაპირისპირებული ივანიშვილის გუნდია, სადაც ფეხბურთელი კახი კალაძეც არის, რომელმაც ეროვნული ნაკრები დატოვა.
- კახი კალაძეს ყოველდღიურად 19 ათასი დოლარით აჯარიმებენ. ასეთი ცირკია ჩვენი ცხოვრება. ხელისუფლება ვითომ ემეგობრებოდა და როგორი ხელშეკრულება დაუდეს, კაცი ხომ არ უნდა გააკოტრო? საწყენია, როდესაც ფეხბურთელი პროტესტის ნიშნად ტოვებს ნაკრებს... თან ჩვენი ნაკრები ცუდ მდგომარეობაშია. კახი მაღალი კლასის ფეხბურთელია, მაგრამ ერთი კაცი ამინდს ვერ შექმნის. ექვს გუნდში მეხუთე ადგილზე რომ ხარ, არ არის საამაყო.
- თქვენი დროის "დინამო" რატომ იყო მოწინავე?
- მაშინ სახელმწიფო პატრონობდა ფეხბურთს. მცდარი არჩევანი გააკეთეს, ფეხბურთის სადავეები უცოდინარ ხალხს რომ ჩაუგდეს ხელში. კომპარტიამ უდიდესი ნდობა გამოუცხადა ნოდარ ახალკაცს და ვისაც მისი მსოფლმხედველობა არ მოგვწონდა, "დინამოდან" გაგვიშვეს (მე რომ წავედი, ჩემი ძმა, კოპალეიშვილი, დავით გოგია და კანთელაძე მომაყოლეს) და განკარგულებაც გასცეს, ეგენი ფეხბურთში აღარ დავინახოთო.
იხილეთ ვრცლად